მნიშვნელოვანისიახლეები

ბოლო წლებში ეკონომიკური ზრდა საკმაოდ მაღალია-145 ათას ფიზიკურ პირს 590 მილიონი ლარის დავალიანება ჩამოეწერება

ხუციშვილის თქმით, განმსაზღვრელი ფაქტორი, რის გამოც აღნიშნული პერიოდი შეირჩა საგადასახადო ხანდაზმულობა იყო

145 ათას ფიზიკურ პირს, ჯამში 590 მილიონი ლარის ოდენობის დავალიანება ჩამოეწერება – ყველა ფიზიკურ პირს, მათ შორის ინდივიდუალურ მეწარმეებს, სრულად ჩამოეწერებათ 2021 წლის პირველ იანვრამდე წარმოშობილი და გადაუხდელი აღიარებული საგადასახადო დავალიანება, მათზე დარიცხული საურავების ჩათვლით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, კანონპროექტის მიღების შემდეგ 145 ათას ფიზიკურ პირს სრულად ჩამოეწერება, ჯამში, 590 მილიონი ლარის ოდენობის საგადასახადო დავალიანება.

„ეკონომიკურ საბჭოზე ფიზიკური პირების საგადასახადო ამნისტიის შესახებ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ. საქმე ეხება ფიზიკური პირების საგადასახადო დავალიანების ჩამოწერას. მადლობას გადავუხდი ფინანსთა სამინისტროს, რომ მოამზადა ეს საკითხი. მადლობა ფინანსთა მინისტრს. საქართველოში საკმაოდ დიდი რაოდენობით არიან ფიზიკური პირები, რომლებსაც ერიცხებათ საგადასახადო დავალიანება და ამის გამო ისინი მოკლებული არიან შესაძლებლობას, აწარმოონ ეკონომიკური საქმიანობა, ამიტომ გადავწყვიტეთ, ჩამოვწეროთ შესაბამისი დავალიანებები, კერძოდ, ყველა ფიზიკურ პირს, მათ შორის ინდივიდუალურ მეწარმეებს, სრულად ჩამოეწერებათ 2021 წლის პირველ იანვრამდე წარმოშობილი და გადაუხდელი აღიარებული საგადასახადო დავალიანება, მათზე დარიცხული საურავების ჩათვლით.

როგორც კი მივიღებთ ამ კანონპროექტს, 145 ათას ფიზიკურ პირს სრულად ჩამოეწერება, ჯამში, 590 მილიონი ლარის ოდენობის საგადასახადო დავალიანება. შესაბამისად, 145 ათას ჩვენს თანამოქალაქეს საშუალება ექნება, აქტიურად ჩაერთოს ჩვენს ეკონომიკურ ცხოვრებაში, რაც ეკონომიკის განვითარებასაც წაადგება. მადლობა ფინანსთა მინისტრს ამ გადაწყვეტილების მომზადებისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, საგადასახადო დავალიანებების ჩამოწერის თაობაზე მომზადებული პროექტი პარლამენტში უახლოეს მომავალში დაინიცირდება.

როგორც მინისტრი განმარტავს, იგეგმება 2021 წლამდე წარმოქმნილი და აღიარებული საგადასახადო დავალიანებების ჩამოწერა, რომელიც ფიზიკურ პირებსა და ინდივიდუალურ მეწარმეებს გააჩნიათ. ხუციშვილის თქმით, განმსაზღვრელი ფაქტორი, რის გამოც აღნიშნული პერიოდი შეირჩა, საგადასახადო ხანდაზმულობა იყო.
საუბარია 2021 წლის პირველ იანვრამდე წარმოდგენილ აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაზე, ამ შემთხვევაში იგულისხმებიან როგორც ფიზიკური პირები, ასევე ინდივიდუალური მეწარმეები. ჩამოეწერებათ საგადასახადო დავალიანება, რომელიც მათ დაერიცხათ, დეკლარირებული იყო, აღიარებულია 2021 წლის პირველ იანვრამდე. საქართველოში, ჯამში, ასეთი 145 000 პირია. მათი ჯამური საგადასახადო დავალიანება, რომელიც მოიცავს როგორც ძირითად თანხას, ასევე დარიცხულ ჯარიმა-საურავებს, 590 მლნ ლარზე მეტს შეადგენს. ეს იქნება ის თანხა, რომელიც აღიარებული დავალიანების ფარგლებში ჩამოიწერება. ბუნებრივია, ამას სჭირდება შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები, ცვლილებები საგადასახადო კოდექსში, რომელიც უახლოეს პერიოდში დაინიცირდება საქართველოს პარლამენტში. იქიდან გამომდინარე, რომ საგადასახადო ორგანოს გატარებული ჰქონდა შესაბამისი აღსრულების იძულებითი ღონისძიებები, დავალიანების გამო ადამიანთა დიდ ნაწილს, ფიზიკურ პირებს შეზღუდული ჰქონდათ ეკონომიკურ საქმიანობაში მონაწილეობის უფლება. შესაბამისად, მას შემდეგ, რაც ამ პროექტს დაამტკიცებს საქართველოს პარლამენტი და ჩამოწერა განხორციელდება, ექნებათ სრული შესაძლებლობა, ეკონომიკურ ცხოვრებაში მიიღონ მონაწილეობა და თავიანთი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

მინისტრის განმარტებით, ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა საკმაოდ მაღალი იყო და აღნიშნული ზრდის ტემპი მიმდინარე პერიოდშიც გრძელდება.

„2021-2022 წლებში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა იყო. 2023 წელსაც დაფიქსირდა მაღალი ეკონომიკური ზრდა 7.5 პროცენტის ოდენობით. გასული ორი თვის განმავლობაში საქართველოში ეკონომიკურო ზრდა შეადგენს 7.7 პროცენტს, რაც ასევე მაღალი ეკონომიკური ზრდაა. 9 პროცენტზე მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა უშუალოდ თებერვლის თვეში, რაც ძალიან სასიხარულოა. მნიშვნელოვანია, ყველა ადამიანს შეეძლოს მაქსიმალურად მონაწილეობის მიღება საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში. შესაბამისად, ეს ნაბიჯი სწორედ ამ მიმართულებით არის გადადგმული. ბევრ ადამიანს, ერთი მხრივ, დავალიანება ჩამოეწერება, მეორე მხრივ, აღნიშნული ცვლილებების შემდეგ შეეძლება მონაწილეობის მიღება ეკონომიკურ ცხოვრებაში.

საგადასახადო ხანდაზმულობა იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ფაქტორი, რის გამოც იქნა შერჩეული 2021 წლის პერიოდი. როდესაც ვსაუბრობთ საგადასახადო ამნისტიაზე, ბუნებრივია, გარკვეულწილად ამნისტია არის საყოველთაო მოვლენა და არ ხდება არც დიფერენცირება, შერჩევა გადასახადების გადამხდელების. საგადასახადო ამნისტია ხორციელდება საგადასახადო ხანდაზმულობის ფარგლებს გარეთ და ამ მიმართულებით საგადასახადო ორგანოს შესაძლებლობა ჰქონდა, საგადასახადო ხანდაზმულობის ფარგლებში გაეტარებინა ყველა ღონისძიება, რისი გატარებაც შესაძლებელი იყო, რათა ამოეღო აღნიშნული გადასახადი, განეხორციელებინა აღნიშნული გადასახადის მობილიზება. ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, ბუნებრივია, მინიმუმამდე არის დაყვანილი ის მომენტი, რომ ამით შეიძლება, დაიჩაგროს კეთილსინდისიერი გადამხდელი“, – აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ფიზიკურ პირებს, მათ შორის ინდივიდუალურ მეწარმეებს, ჩამოეწერებათ 2021 წლის იანვრამდე წარმოშობილი და გადაუხდელი საგადასახადო დავალიანება, დარიცხული საურავების ჩათვლით.

მსგავსი პოსტები

Back to top button