მნიშვნელოვანირეგიონი

ყვარლის ტბასთან დაკავებული პირების სასამართლო პროცესი ხმაურით მიმდინარეობდა

ყვარლის ტბასთან დაკავებული პირების სასამართლო პროცესი , დღეს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში ხმაურით მიმდინარეობდა

მოსამართლე იოსებ ქათამაძემ, სხდომიდან სამოქალაქო აქტივისტი, ნიკა ნარსია გააძევა, რომელიც საქმეზე მოწმედ გამოძახებულ კახეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს, გიორგი კლიმიაშვილს ეკამათებოდა.

მოსამართლემ ორივე მხარის ორმოცამდე მოწმიდან, მხოლოდ ორის გამოკითხვა მოასწრო. დანარჩენების გამოკითხვა, 25 ივლისს ჩანიშნულ სხდომაზე განახლდება.

სასამართლო პროცესს ადმინისტრაციულ გადაცდომაში ეჭვმიტანილი ყველა პირი ესწრებოდა, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ კანონი არ დაურღვევიათ.

პროცესის დაწყებამდე, სასამართლოს ეზოში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი მივიდა რომელმაც პროცესს პოლიტიკური უწოდა.

შეგახსენებთ, 20- მდე სამოქალაქო აქტივისტი, პოლიციამ 20 მაისს, ყვარლის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მაშინ დააკავა, როცა ისინი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ქალიშვილის ოჯახის წევრების საქართველოში ქორწილს აპროტესტებდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტივისტებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებულ გადაცდომას ედავება, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელის კანონიერი ბრძანების დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button