მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

ყვარლის თვითმმართველობას ოპოზიცია ნეპოტიზმში ადანაშაულებს

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიამ 2020 წლის 23 დეკემბერს გამოცხადებული ელექტრონული ტენდერით, მზის ჩირის ორი საშრობი შეიძინა.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, საშრობების ერთობლივი ღირებულება, 7600 ლარია.

რადიო ჰერეთმა გაარკვია, რომ ჩირის საშრობები, რომლებიც 70 კილოგრამ ხილსა და ბოსტნეულს უნდა აშრობდეს, მერიამ საკრებულოს ახალგაზრდული ინიციატივების ფარგლებში იყიდა. ინფორმაცია, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ და სატენდერო კომისიის თავმჯდომარემ, გივი ზაუტაშვილმა დაადასტურა.

“ეს საშრობები საკრებულოს ახალგაზრდული ინიციატივების ფარგლებშია შეძენილი, ჩვენ ფაქტიურად ტექნიკურ მხარდაჭერას ვუწევთ. დეტალებზე საკრებულოს მიმართეთ”- განაცხადა ზაუტაშვილმა.

საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები, ადგილობრივ თვითმმართველობას სახელმწიფო სახსრების საკუთარი ახლობლების სასარგებლოდ გამოყენებაში ადანაშაულებენ.

საკრებულოს წევრი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან, ბექა ფოჩხიძე, რადიო ჰერეთთან ამბობს, რომ ბიუჯეტის სახსრებით, მერია და საკრებულო მხარდამჭერებს ეხმარება.

” თავისთავად ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერაში ცუდი არაფერია, მაგრამ არ შეიძლება ბიუჯეტის სახსრების გამოყენება საკუთარი ახლობლებისა და ნათესავებისათვის. ასეთი მხარდაჭერა გაუწიეს, მაგალითად, მერის მძღოლის ძმას, სოფელ ენისლიდან საკრებულოს წევრის შვილს. დარწმუნებული ვარ, ახლაც ვინმე ეყოლებათ გამორჩეული და შეიძინეს ეს ორი აპარატი. ან სამართლებრივად როგორ გამართეს, ეს საკითხი, რადგან საბიუჯეტო სახსრებზეა ლაპარაკი”- განაცხადა ფოჩხიძემ.

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით ქევხიშვილმა დადასტურა, რომ მსგავს ტენდერებს მერია, საკრებულოს ინიციატივებისთვის აცხადებს.

” გადაეცით ჩემს ოპონენტებს, რომ რამდენიმე მათგან რეკომენდებული ახალგაზრდაც მონაწილეობდა ამ პროექტებში, რაც შეეხება ახლობლობას, როგორ ავუკრძალო ვინმეს მონაწილეობა, თუ ის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს? რაკი მერის მძღოლის ძმაა, ან ვინმეს შვილია, შრომის უფლება არ აქვს? ტექნიკას არ ვჩუქნით, მერია აფორმებს ხელშეკრულებას და გადავცემთ თხოვებით. 30 წლამდე ასაკის ნებისმიერ ახალგაზრდას შეუძლია წარმოადგინოს ინიციატივა, რომელიც ჩვენს ბიზნეს კონსულტანტთან იქცევა ბიზნეს გეგმად, შემდეგ კი თუ საკრებულო მხარს დაუჭერს, ხდება დაფინანსება თანხები იძებნება ნაშთებიდან, გასულ წელს 160 ათასი ლარი გვქონდა გათვალისწინებული და წელსაც ასეა. რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს, შევიმუშავეთ სპეციალური დებულება და ამის მიხედვით წარვმართავთ პროცესს.ახალგაზრდების დიდი მიგრაციაა, ვცდილობთ დავაკავოთ ისინი ადგილზე”- თქვა ქევხიშვილმა.

სატენდერო სხდომის ოქმის მიხედვით, ტენდერში მონაწილე კავშირი “ბიონერგია” უკვე ხელშეკრულების გასაფორმებლადაა მიწვეული.

მსგავსი პოსტები

Back to top button