,,ყველა ადამიანს ემართება, გარკვეულ ასაკში რომ მიდის,,-,,შეიძლება იქამდეც მივიდეს, რომ დაგვწყევლოს და ანათემას გადაგვცეს”-ოცნება რასა იუკნევიჩიანეს ეხმიანება

ქართული ოცნების არალეგიტიმური, ერთპარტიული პარლამენტის დეპუტატი ირაკლი ზარქუა ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიანეს სექსისტური და შეურაცხმყოფელი განცხადებით მოიხსენიებს.
რასა იუკნევიჩიენეს შეურაცხყოფის პარალელურად, ირაკლი ზარქუა ევროკავშირს “უავტორიტეტო, რეიტინგდაცემულ ორგანიზაციას” უწოდებს.
ზარქუა გამოეხმაურა ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს განცხადებას, სადაც მან აღნიშნა: „საქართველოში მოქმედი რეჟიმი არის კრემლის მიერ სახელმწიფოს შიგნიდან მიტაცების მაგალითი და ეს შეიძლება, მოუვიდეს ევროკავშირის წევრ ქვეყანასაც, თუ ამ ინფექციას დროულად არ შევაჩერებთ“.
„დიდი ხანია, ქალბატონი რაისა საქართველოს „მეგობარია“. გარკვეულ ასაკში ყველა ადამიანი არაადეკვატური ხდება. ეტყობა, ამ ქალბატონს უკვე ასაკმა უწია. ეს არ არის ეიჯიზმი, ყველაზე არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებს. ამ ქალბატონს თავის ქვეყანაში ერთპროცენტიანი რეიტინგიც არ აქვს. ევროპარლამენტში საქმიანობას რომ ამოწურავს, არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, რადგან რეიტინგი არ აქვს. ასეთი ადამიანები მორალს გვიკითხავდნენ, თუ როგორ უნდა დავუწესოთ სანქცია, რომლის ქვეყანა პირველ ადგილზეა ნავთობით ვაჭრობაში და ღვინის ექსპორტში. ამ ხალხის მორალი რა არის? – წეროს და იკითხოს, იკითხოს და წეროს. ჩვენთვის მათ განცხადებებს მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ესენი ქართული საზოგადოებისთვის რაიმე მნიშვნელოვანს არ წარმოადგენენ. ლობისტური ორგანიზაციების მხრიდან დაქირავებულები არიან, რათა „ნაცმოძრაობას“ მხარი დაუჭირონ და ჩვენი ქვეყანა გააშავონ, ისინი „ნაცმოძრაობის“ მეგობრები არიან. ქალბატონი რაისა – შემდეგ სახელი გადაირქვა, ის კუბილიუსთან ერთად „პერესტროიკით“ გორბაჩოვის მთავრობასთან თანამშრომლობდა. ჩვენ ამ მორალის ადამიანი დემოკრატად გამოგვეცხადა და მორალს გვიკითხავს, ქართველებს რა სიტყვებით ამკობს. მგონია, რომ ამ ქალბატონს კლიმაქსის პრობლემა დაუდგა და ამიტომაც არის, რომ ასეთ განცხადებებს აკეთებს. ქალბატონო რასა, თქვენს ქვეყანას და ევროკავშირს მიხედეთ, რომელიც თქვენს ხელში უავტორიტეტო და რეიტინგდაცემული ორგანიზაცია გახდა. სახელმწიფოებს ევროკავშირში შესვლა აღარ უნდათ, შესვლა კი არა, ვინც არის, ისინი დატოვებაზე ფიქრობენ. ეს ყველაფერი თქვენ და ლობისტების მიერ დაქირავებულებმა მოახერხეთ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
ევროპარლამენტის ლიეტუველი წევრის, რასა იუკნევიჩიენეს განცხადებები უკვე ძალიან მიუახლოვდა ფაშისტური განცხადებების ზღვარს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, დროა, ბრიუსელში გამოჩნდეს საღი აზრი, რომელიც დემოკრატიისა და ადამიანის ღირსების არმცნობ ამ ტენდენციას შეაჩერებს.
„ევროპარლამენტის ლიეტუველი წევრის, რასა იუკნევიჩიენეს განცხადებები უკვე ძალიან მიუახლოვდა ფაშისტური განცხადებების ზღვარს. „დამნაშავეა ხალხი…“, „ინფექცია უნდა შევაჩეროთ…“ თუ მისგან წახალისებული რადიკალების ზიზღის ენის განვითარების გზას შევხედავთ, შემდეგ ჯერზე, წესით, ქართველ ხალხს „მონა“ ან „ბიომასა“ უნდა გვიწოდოს… დროა, ბრიუსელში გამოჩნდეს საღი აზრი, რომელიც დემოკრატიის და ადამიანის ღირსების არმცნობ ამ სამარცხვინო ტენდენციას შეაჩერებს. რასა იუკნევიჩიენეს კი ვეტყოდი: არ შეიძლება სტალინის ზიზღით მთელი ერი შეიზიზღო“, – წერს პაპუაშვილი.
რასა იუკნევიჩიენე „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტად იქცა და ყველანაირი დიპლომატიური ჩარჩოდან გადის, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ევროპარლამენტარის განცხადებები საქართველოს მოქალაქეებისთვის შეურაცხმყოფელია.
„რასა იუკნევიჩიენეს ლექსიკონი ზღვარს სცდება, ამორალურ განცხადებებს აკეთებს, როგორც ჩანს, სერიოზული ფსიქიკური პრობლემებიც აქვს. ეს ადამიანი „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტად იქცა და ყველანაირი დიპლომატიური ჩარჩოდან გადის. მან ქართველი ხალხი გააკრიტიკა, „ქართულ ოცნებას“ მხარი როგორ დაუჭირეთო. ვინ ეკითხება, ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობს, ქართველია, თუ? მისი განცხადებები საქართველოს მოქალაქეებისთვის შეურაცხმყოფელია“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
“ეს ადამიანი, საბოლოო ჯამში, შეიძლება იქამდეც მივიდეს, რომ დაგვწყევლოს და ანათემას გადაგვცეს”, – პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე, ლიეტუვიდან ევროპარლამენტის დეპუტატის, საქართველოს საკითხზე მუდმივი მომხსენებლის, რასა იუკნევიჩიენეს განცხადებას ეხმიანება. იუკნევიჩიენეს თქმით, საქართველოს რეჟიმი კრემლის სახელმწიფოს შიგნიდან მიტაცების მაგალითია და ეს შეიძლება ევროკავშირის წევრებსაც დაემართოთ, თუ ამ ინფექციას დროულად არ შეაჩერებენ.
გორდულაძის შეფასებით, აღნიშნული განცხადებების გამო რასა იუკნევიჩიენემ ბოდიში უნდა მოიხადოს.
“ეს ქალბატონი, რომელიც ბალტიისპირელ პოლიტიკოსად წოდებული ადამიანია, რომელსაც რბილად რომ ვთქვათ არ უყვარს ქართველი ხალხი და მას უყვარს მხოლოდ და მხოლოდ “ნაცმოძრაობა” და მხოლოდ მათ წისქვილზე ასხამს-ხოლმე წყალს, ეს ადამიანი, საბოლოო ჯამში, შეიძლება იქამდეც მივიდეს, რომ დაგვწყევლოს და ანათემას გადაგვცეს.
როდესაც ქართველ ხალხთან დაკავშირებით ეს ადამიანი განცხადებას გააკეთებს, მან, პირველ რიგში, ბოდიში უნდა მოიხადოს იმ განცხადებების გამო, რომელიც არის ფაშისტური, ბოლშევიკური და ამ განცხადებებს როგორც ევროპამ, ასევე საქართველომ უარი უთხრა, მათ შორის, ბალტიისპირეთმაც, როდესაც გამოვიდა საბჭოთა კავშირიდან”, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
რასა იუკნევიჩიენე საქართველოსთან მიმართებაში, დიდი ხანია, მეგობრობისგან შორს არის, ფაშისტურ რიტორიკაზეა გადასული, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
როგორც დავით მათიკაშვილი აცხადებს, რასა იუკნევიჩიენეს განცხადება კიდევ ერთი ლაკმუსის ქაღალდია იმის დასანახად, თუ რა ძალები ებრძვიან ქართველ ხალხს და ქვეყანას.
„ეს ადამიანი ფაშისტურ რიტორიკაზეა გადასული. საზოგადოებისთვის მისი განცხადება კიდევ ერთი ლაკმუსის ქაღალდია იმის დასანახად, თუ რა ძალები ებრძვიან ხალხს და ქვეყანას, სად ხედავენ ეს ძალები საქართველოს და რა სურთ ქვეყნისგან. მათ სიკეთე და პროგრესი რომ არ სურთ, ეს ცხადია“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ ვალენსიაში, „ევროპის სახალხო პარტიის“ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „საქართველოში დღეს მოქმედი რეჟიმი არის კრემლის მიერ სახელმწიფოს შიგნიდან წარმატებით მიტაცების მაგალითი და ეს შეიძლება, მოუვიდეს ევროკავშირის წევრ ქვეყანასაც, თუ ჩვენ ამ ინფექციას დროულად არ შევაჩერებთ“.