მნიშვნელოვანისიახლეები

ყველა კანონს, რომელიც ამ 6 თვეში იქნება მიღებული დავადებ ვეტოს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თავისი პრეზიდენტობის განმავლობაში პირველად იყენებს ვეტოს უფლებას – პრეზიდენტმა ვეტო ე.წ. მოსმენების კანონს დაადო.

როგორც ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, ის ვეტოს დაადებს შემდეგი 6 თვის განმავლობაში ყველა კანონს, რომელიც არასწორი მიმართულებით იქნება მიღებული.

„მე არ ვიყენებდი ვეტოს, რადგან მიმაჩნია, რომ როცა იცი, რომ დაძლეული იქნება, ინსტიტუტისთვის არ ვარგა ვეტოს გამოყენება და მერე დაძლევა, მაგრამ დღეს ვიყენებ ვეტოს კანონზე, რომელიც ეხება მოსმენებს და მოსმენების გაფართოებას და ამდენად ადამიანის უფლებების შეზღუდვას და ვიყენებ იმიტომ, რომ ეს უნდა იყოს ნიშანი, რომ მე არ ვეთანხმები და ასე მიიღეთ. მე ვიცი, რომ იქნება დაძლეული და ეს არ შეცვლის შინაარსობრივად არაფერს, მაგრამ ამას ვიყენებ და ყოველ კანონს, რომელიც ამ 6 თვეში იქნება მიღებული არასწორი მიმართულებით, მე დავადებ ვეტოს – ეს არის პოლიტიკური ვეტო, ვიდრე სამართლებრივი იმიტომ, რომ არ შეიძლება ამ დღეებში საქართველოში მიღებული იყოს ისეთი კანონი, რომელიც კიდევ უფრო ავიწროებს ადამიანის უფლებებს, როდესაც პირიქით გთხოვენ, ამ მიმართულებით ჩვენ მეტი გარანტიები მივცეთ, ვიყოთ უფრო დემოკრატიული და უფრო ევროპული. ჩემი დღევანდელი სათქმელი ეს არის“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, აქამდე ვეტოს არ იყენებდა, რადგან იცოდა, რომ დაძლეული იქნებოდა და ეს პრეზიდენტის ინსტიტუტისთვის „არ ვარგა“.

შეგახსნებთ, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან დაკავშირებული ვადები ხანგრძლივდება, ხოლო დანაშაულთა წრე, რაზეც ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება იქნება დასაშვები, იზრდება. ამასთან, იცვლება ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ ინფორმაციის შესაბამისი პირისთვის შეტყობინების წესი. “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილებების პროექტს პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი რამდენიმე კვირის წინ დაუჭირა. კანონის პროექტი 78 ხმით, 11-წინააღმდეგ მიიღეს.
ცვლილებებით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დამატებით 27 დანაშაულზე იქნება შესაძლებელი. ასევე, ფარული მოსმენების ვადა 6 თვიდან 9 თვემდე იზრდება, ხოლო 100 დანაშაულზე უვადოდ შეიძლება გაგრძელდეს.

ჯერ კიდევ მოქმედი კანონის გათვალისწინებით, ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ მოსამართლის განჩინება იმ ვადით გაიცემა, რომელიც საჭიროა გამოძიების მიზნის მისაღწევად, მაგრამ არაუმეტეს ერთი თვისა. იმ შემთხვევაში, თუ ეს ვადა საკმარისი არ აღმოჩნდა, დასაშვებია მისი გაგრძელება პროკურორის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე, მოსამართლის განჩინებით, არაუმეტეს ორი თვისა. პროკურორის შუამდგომლობაში უნდა აისახოს ინფორმაცია დაწყებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მონაცემების შესახებ და მიეთითოს, გამოძიებისათვის საკმარისი მონაცემების მოპოვება რის გამო ვერ მოხერხდა. ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადა შეიძლება კიდევ ერთხელ, არაუმეტეს 3 თვისა გაგრძელდეს, გენერალური პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე. ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადის შემდგომი გაგრძელება დაუშვებელია.

“სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ განხორცილებული ცვლილებების პროექტით დგინდება, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების საერთო ვადა შეადგენს არაუმეტეს 9 თვეს და ის სამ ეტაპად ტარდება, გარდა “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით“ გათვალისწინებული საგამონაკლისო შემთხვევებისა.

კერძოდ, ფარული საგამოძიებო მოქმედება პროკურორის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე მიღებული მოსამართლის განჩინებით პირველ ეტაპზე ტარდება არაუმეტეს 3 თვის ვადით, მეორე ეტაპზე − ზემდგომი პროკურორის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე მიღებული მოსამართლის განჩინებით არაუმეტეს 3 თვის ვადით, ხოლო მესამე ეტაპზე − გენერალური პროკურორის ან მისი პირველი მოადგილის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე მიღებული მოსამართლის განჩინებით არაუმეტეს 3 თვის ვადით.

გარდა ამისა, თუ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 109-ე, 142-ე, 142/1, 143-ე-143/2, 144-ე-144/3, 155-ე, 157/1, 194-ე, 194/1, 223-ე-226-ე, 230-ე-232-ე, 234-ე- 235/1, 239/1, 252-ე, 255-ე მუხლის მე-3-მე-7 ნაწილებით, 255/1, 260-ე მუხლის მე-4-მე-7 ნაწილებით, 261-ე მუხლის მე-4-მე-8 ნაწილებით, 262-ე, 263-ე, 284-ე, 308-ე-321/1, 322/1-333-ე, 337-ე-339-ე, 341-ე, 342-ე, 343-ე, 343/1, 345-ე, 346-ე, 404-ე-413-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებთან დაკავშირებით მიმდინარეობს, ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადა, სასამართლოს კონტროლით, შესაძლოა იმდენჯერ გაგრძელდეს, რამდენჯერაც ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად საჭირო შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი იარსებებს.
ამ შემთხვევაში, ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ ინფორმაციის შესაბამისი პირისთვის შეტყობინება, სასამართლოს კონტროლის საფუძველზე, ყოველ ჯერზე შესაძლოა გადავადდეს არა უმეტეს 12 თვის ვადით.

პროექტის ინიციატორები არიან “ქართული ოცნების“ დეპუტატები: ირაკლი ბერაია, ალექსანდრე ტაბატაძე, ვლადიმერ ჩაჩიბაია, რესან კონცელიძე, გია ბენაშვილი, ირაკლი ჩიქოვანი, ეკა სეფაშვილი, რატი იონათამიშვილი, გიორგი ხელაშვილი და კახა კახიშვილი.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ ინფორმაციის შესაბამისი პირისთვის შეტყობინებას ეხება. მოქმედი წესის მიხედვით, სათანადო ორგანომ ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ ინფორმაცია 24 თვის ვადაში იმ პირს უნდა შეატყობინოს, რომლის მიმართაც ფარული საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა კანონპროექტი ჯერ კიდევ განხილვის ეტაპზე შეაფასეს კრიტიკულად. როგორც ისინი აცხადებდნენ, შესაძლებელი ხდება სისხლის სამართლის კოდექსის არაერთი მუხლით მიმდინარე გამოძიების შემთხვევაში მოქალაქეებს უვადოდ უსმინონ და მათ ამის შესახებ არ შეატყობინონ. არასამთავრობოების თანახმად, მაშინ, როდესაც არ არსებობს კანონით გათვალისწინებული კონტროლის ეფექტიანი მექანიზმი, შემოთავაზებული ცვლილებები არსებითად აუარესებს ადამიანის პირადი ცხოვრების დაცულობის სტანდარტს და შესაძლებელს ხდის საგამოძიებო უწყებების მხრიდან უვადო ფარული მოსმენების განხორციელებას.
პრეზიდენტის ვეტოს უფლებას გამოხმაურებებიც მოყვა
ვეტო მოსმენების კანონზე არ არის ადეკვატური პასუხი იმ მძიმე რეალობაზე, რაც დღეს ქვეყანაშია, ძალიან ცოტაა ეს პრეზიდენტის მხრიდან, მას მეტი შეუძლია, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტი დღეს შეეცადა როგორმე დაებალანსებინა პრემიერის ანტი-ეროვნული, ანტი-სახელმწიფოებრივი განცხადებები.
ვიმედოვნებთ, ვეტო იქნება დასაწყისი იმის, რომ პრეზიდენტი ბევრად უფრო თამამად, თანმიმდევრულად შეასრულებს კონსტიტუციურ უფლებამოსილებებს და დაიცავს სახელმწიფოს ინტერესებს და არა რომელიმე პარტიის, ამ შემთხვევაში “ქართული ოცნების” ინტერესებს,- ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ვეტოს ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია პრეზიდენტი გადაწყვეტილებებში იყოს თანმიმდევრული, რადგან მისი პასუხისმგებლობაც არის სასამართლოში არსებული ვითარება.
სალომე ზურაბიშვილის მხრიდან მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ვეტოს დადება კარგი გადაწყვეტილებაა , – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, სალომე სამადაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა. მისი თქმით, ამ ცვლილებების თაობაზე სერიოზული პრეტენზიები ევროკავშირსაც ჰქონდა.

საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს ე.წ. მოსმენების კანონპროექტზე პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტოს დაძლევას. პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე გამოეხმაურა პრეზიდენტის განცხადებას „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ შესულ ცვლილებებზე ვეტოს შესახებ.

„სიმართლე გახლავთ ის, რომ ეს კანონპროექტი 2-3 წლის განმავლობაში იყო განხილული ყველა დაინტერესებულ მხარესთან. იყო საკმარისი არგუმენტები წარდგენილი და გაზიარებულიც. ეს ცვლილებები დღეს პირდაპირ პასუხობს იმ გამოწვევებს, რომლებიც უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებობს საქართველოს წინაშე. შესაბამისად, გაუგებარია, ამ შემთხვევაში ვეტო რატომ იყო გამოყენებული? ვეტოს შემთხვევაში კანონპროექტი და საკითხი უბრუნდება პარლამენტს. ჩვენ ერთხელ უკვე დავუჭირეთ მხარი და მივიღეთ ეს ცვლილებები პარლამენტში, რადგან სათანადო არგუმენტაცია არსებობს. შემდეგ სესიაზე, რა თქმა უნდა, როდესაც საკითხი პარლამენტს დაუბრუნდება, განვიხილავთ და მივიღებთ კვლავ მხარდამჭერ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა თალაკვაძემ.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ვეტოს დაძლევას პარლამენტში ხმების იგივე რაოდენობა (76 ხმა) სჭირდება, რაც კანონის მიღებას.

„თუ პარლამენტმა არ მიიღო საქართველოს პრეზიდენტის შენიშვნები, კენჭი ეყრება კანონის პირვანდელ რედაქციას. ორგანული კანონი ან კანონი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა“, – ნათქვამია საქართველოს კონსტიტუციაში.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თავისი პრეზიდენტობის განმავლობაში პირველად იყენებს ვეტოს უფლებას, ე.წ. მოსმენების კანონის წინააღმდეგ.

მსგავსი პოსტები

Back to top button