,,ყველა უნდა ადიდებდეს უნგრეთის გამორჩეულ პრემიერ-მინისტრს,,-კობახიძე ორბანთან გვერდით დგომას „დიდ პატივად,, მიიჩნევს

საქართველოს სულმა მრავალ ომსა და საუკუნეების განმავლობაში არსებულ ოკუპაციას გაუძლო და დავრჩით მაინც გაუტეხელნი, ქართველებად დავრჩით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, ქართველებს ეამაყებათ ქრისტიანობა და ყველაფერი კეთდება მის დასაცავად, რადგან როდესაც ერი კარგავს თავის ეროვნულ იდენტობას და რწმენას – ის კარგავს საკუთარ თავს.
„დიდი პატივია ვიდგე დღეს თქვენს წინაშე უნგრეთში – ქვეყანაში, რომელმაც მტკიცედ დაიცვა თავისი სუვერენიტეტი და იდენტობა. ყველა უნდა ადიდებდეს უნგრეთის გამორჩეულ პრემიერ-მინისტრს, ბატონ ვიქტორ ორბანს, მამაცობისა და უკომპრომისო ბრძოლისათვის, რომელიც უნგრეთის თავისუფლებისა და ეროვნული ინტერესების დაცვისკენ მიმართა.
ჩვენ – ქართველები – განსაკუთრებით ვაფასებთ მას იმ ფასდაუდებელი მხარდაჭერისთვის, რომელსაც საქართველოსა და ჩვენი ერის ევროპული გზის მიმართ გამოხატავს. დიდი მადლობა ამისთვის, ბატონო ვიქტორ!
თქვენთან მოვიტანე საქართველოს ხმა – ხმა იმ ქვეყნისა, რომელიც 3000 წელზე მეტია იმპერიების გზაჯვარედინზე დგას; ქვეყნისა, რომელიც ერთ-ერთი პირველი ქრისტიანული ერი გახდა მსოფლიოში; საქართველოს სულმა მრავალ ომსა და საუკუნეების განმავლობაში არსებულ ოკუპაციას გაუძლო და მაინც, დავრჩით გაუტეხელნი, ქართველებად დავრჩით!
გვეამაყება ჩვენი ქრისტიანობა და ყველაფერს ვაკეთებთ მის დასაცავად; რადგან ვიცით, რომ როდესაც ერი კარგავს თავის ეროვნულ იდენტობას და რწმენას — ის კარგავს საკუთარ თავს, – განაცხადა პრემიერმა.
„ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უნგრეთში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე (CPAC) სიტყვით გამოვიდა.
მან დაახლოებით შვიდი წუთი დაუთმო ყველა იმ ნარატივის გავრცელებას, რასაც მისი პარტია საქართველოში იყენებს: რომ არსებობს ლგბტ პროპაგანდა, „დიპ სტეიტი“, რომ ებრძვის იდენტობას და რომ საქართველოს უკრაინის ომში ჩართვა სურდათ.
„ჩვენ არ ვკამათობთ დასავლეთთან, რადგან თავად ვართ დასავლეთის ნაწილი, ჭეშმარიტი დასავლეთის. თავისუფლების რწმენის და ოჯახური ღირებულებების დასავლეთის და არა იმ „დიპ სტეიტისა“, რომელიც ცდილობს მსოფლიოს არაფრად აგრძნობინოს თავი და ყველაფრის მმართველად საკუთარი თავი ჩათვალოს.
ჭეშმარიტი, ღირებულებებზე დაფუძნებული დასავლეთი, ჩვენი დასავლეთი ჯერ კიდევ ცოცხალია. ის ცოცხალია ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის უნგრეთი. და ის ცოცხალია მილიონობით ადამიანის გულში მთელ ევროპაში და მის მიღმა. ყველას გულში, ვინც დაიღალა იმის მოსმენით, რომ საკუთარი სამშობლოს სიყვარული დანაშაულია… იყო პროევროპული არ ნიშნავს, იყო ანტიქართული“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.
მის სიტყვით გამოსვლას დარბაზში მყოფი აუდიტორია ტაშის დაკვრით შეხვდა.
„ამერიკის კონსერვატორთა კავშირი“ (ACU) 1974 წლიდან ატარებს „კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციას“. ბოლო ოთხი წელია, კონფერენციას უნგრეთი მასპინძლობს. კობახიძე კონფერენციაში გასულ წელსაც მონაწილეობდა.
უნგრეთთან სრული თანხვედრა გვაქვს იმ ბრძოლაში, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტის დასაცავად არის მიმართული, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ბუდაპეშტში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრის დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფება და მასთან ერთად კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში (CPAC) მონაწილეობს.
მაკა ბოჭორიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია ამავე ფასეულობებს იზიარებს და სწორედ ამიტომ, დიდი ძალისხმევაა მიმართული ერთიანობაზე აშშ-სა და ევროპის იმ ძალებს შორის, რომლებიც იბრძვიან სუვერენიტეტისა და ფუნდამენტური უფლებებისთვის.
„ჩვენ იმავე ბრძოლას ვხედავთ უნგრეთთან მიმართებაში, ვიქტორ ორბანთან მიმართებაში და როდესაც საუბარია ბრძოლაზე, შეუძლებელია, არ ახსენო ზუსტად ის ბიუროკრატიული მანქანა, რომელიც მოქმედებს და უპირისპირდება ძალიან ხშირად იმ ფასეულობებს, რაც არის ქვეყნის სუვერენიტეტის საფუძველი. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმაა, რომლის ინიციატორიც თავად გახლავთ ბატონი ვიქტორ ორბანი უნგრეთში, ევროპაში. ვხედავთ, ბოლო წლების განმავლობაში როგორ ხდება ამ პლატფორმის გაფართოება. ვხედავთ, რომ ევროპარლამენტში ჩამოყალიბდა ახალი პოლიტიკური მოძრაობა, ჯგუფი, რომელიც საკმაოდ მრავალრიცხოვანია და კარგად მიანიშნებს, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ჯგუფი, რამხელა მხარდაჭერა აქვს საზოგადოების მხრიდან. ასევე, ვაკვირდებით, თუ რამხელა ბრძოლაში არიან, როდესაც მათ წინააღმდეგ ხორციელდება ძალიან აქტიური მოქმედებები. მნიშვნელოვანია ეს მომენტი, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ამავე ფასეულობებს იზიარებს აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია. დიდი ძალისხმევაა მიმართული სწორედ ერთიანობაზე აშშ-სა და ევროპის იმ ძალებს შორის, რომლებიც იბრძვიან სუვერენიტეტისა და ფუნდამენტური უფლებებისთვის“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.