პოლიტიკარეგიონისიახლეები

“ყველას უნდა გვქონდეს თანაბარი, სამართლიანი პირობები”

“ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენ ყველას გვქონდეს თანაბარი, სამართლიანი პირობები იმისთვის, რომ ვიშრომოთ და სამართლიანად და ღირსეულად ვარჩინოთ ჩვენი ოჯახები.“ – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მცხეთის, დუშეთის, თიანეთის და ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, შალვა კერესელიძის წარდგენისას განაცხადა.

გახარიას განცხადებით, შალვა კერესელიძე იქნება ადგილობრივების ღირსეული ხმა საკანონმდებლო ორგანოში. ამასთან, პრემიერმა რეგიონში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ წელს გუდაურში წყალმომარაგების პრობლემა აღარ იქნება.

გიორგი გახარია

„ჩვენ უდიდეს ყურადღებას ვაქცევთ გუდაურს. გუდაურში წლების განმავლობაში დაგროვილი და გაჭიანურებული წყალმომარაგების პრობლემა წლევანდელ სეზონზე იქნება გადაწყვეტილი და ეს პრობლემა აღარ იარსებებს. თუმცა, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ წელს, ამ პანდემიის პირობებში, ტურისტების რაოდენობა ბუნებრივად შეგვიმცირდა და ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მოვახერხოთ ჩვენი ეკონომიკის აღდგენა. ეს არის ჩვენი ძირითადი მიზანი. ყველამ უნდა ვიშრომოთ იმისთვის, რომ ჩვენს შვილებს მივცეთ საუკეთესო განათლება და არ უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა, ეს იქნება თბილისის თუ ყაზბეგის სკოლაში. ჩვენს მოხუცებს უნდა ჰქონდეთ ძლიერი სოციალური დახმარება და ამიტომ ყაზბეგის ყველა სოფელს აქვს მაღალმთიანი სოფლის სტატუსი, რაც პირდაპირი სოციალური დახმარებაა აქ მცხოვრები თითოეული მოქალაქისთვის.

შალვა კერესელიძე

დარწმუნებული ვარ, ამ საქმეში თქვენ მოგეხმარებათ თქვენი მაჟორიტარობის კანდიდატი, – შალვა კერესელიძე. ის არის ამ კუთხის შვილი და იყო ამ რეგიონის გუბერნატორი. მან ძალიან კარგად იცის აქ თითოეული პრობლემა. როგორც კი გავიმარჯვებთ, მეორე დღეს დაიწყებს აქაური მოსახლეობის ინტერესების დაცვას და დარწმუნებული ვარ, რომ ყაზბეგელების ღირსებული ხმა იქნება საკანონმდებლო ორგანოში. მოხევეებო, გისურვებთ გამარჯვებას სამართლიან ბრძოლაში.” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი დღეს 12 მილიონი ლარია და მომავალ წელს კიდევ უფრო მეტი იქნება. ამასთანავე, გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების წყალობით, თბილისიდან ყაზბეგში ჩასასვლელი დრო ერთი საათით შემცირდება და რამდენიმე წელში რეგიონში ცხოვრების პირობები შეიცვლება.

„პატივია, აქ, ისტორიულ ხევში ხვალინდელ გეგმებსა და ხვალინდელ დღეზე საუბარი იმიტომ, რომ ჩვენ ყველამ კარგად უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენი მიზანი არის, ჩვენი დღევანდელობა იყოს უკეთესი, ვიდრე გუშინდელი დღე. ეს არის ჩვენი აქ შეკრების ძირითადი მიზანი. მოგეხსენებათ, რომ აქ ადგილობრივი ხელისუფლება სულ უფრო და უფრო უნდა გაძლიერდეს. 2012 წელს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი იყო დაახლოებით, 3-3,5 მილიონი, დღეს ეს ბიუჯეტი არის 12 მილიონი, მომავალ წელს ეს უნდა იყოს კიდევ უფრო მეტი, იმიტომ, რომ არანაირი სხვაობა ადამიანი ყაზბეგში ცხოვრობს თუ თბილისში, ბავშვებისთვის, მოხუცებულებისთვის, ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის არ უნდა იყოს. შესაძლებლობები უნდა იყოს ყველგან და ყველაფერში ერთი და იგივე, – განათლების ხარისხში, სოციალურ და სამედიცინო დახმარებაში, ყველაფერი უნდა იყოს ერთნაირი. ეს არის, რა თქმა უნდა, ჩვენი ძირითადი მიზანი. ყველა ის პროგრამა, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს, იქნება ეს „აწარმოე საქართველოში“ თუ სოფლის მეურნეობის პროგრამები, ჩვენ გავაკეთეთ ეს ყველაფერი ისე, რომ მივიტანეთ ადგილობრივ მოსახლეობასთან უფრო ახლოს. ყველა რაიონში, ყველა მუნიციპალიტეტში თქვენ შეგიძლიათ თქვენს სამოქალაქო ცენტრში ან იუსტიციის სახლში მიხვიდეთ და ზუსტად ის მომსახურება მიიღოთ, რასაც თბილისის იუსტიციის სახლში ან რომელიმე სამინისტროში მიიღებდით. ეს არის ძალიან კარგი მაგალითი იმისთვის, რომ აქ ადგილზე ახალგაზრდები დავამაგროთ, რომ მათ, ვისაც აქვს ამის ნიჭი, შესაძლებლობა და სითამამე, პირველი ნაბიჯი გადადგან ბიზნესში, დაიწყონ თავისი საქმე, გახსნან სასტუმრო ან კიდევ ბევრი რამ. ეს არის ჩვენი მიზანი, რომ ადამიანებს შევუქმნათ ერთნაირი სამართლიანი პირობები ყველგან, – ქალაქში იქნება ეს თუ მთაში. გარდა ამისა, აქ, რა თქმა უნდა, ძალზე მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურული პროექტები. მოგეხსენებათ, რომ უკვე დაწყებულია პრაქტიკულად, ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობა. უპრეცედენტოდ დიდი და მნიშვნელოვანი ისტორიული გზა იქნება ამ რეგიონისთვის, რომელიც გააძლიერებს აქაურობის სატრანზიტო პოტენციალს. ყველას კარგად გვესმის, რომ სოფლის მეურნეობა კარგია, ტურიზმიც კარგია, მაგრამ ტრანზიტი ყოველთვის იყო ამ რეგიონის ძლიერი მხარე. უახლოეს პერიოდში დაიწყება ჟინვალამდე გზის პროექტირება. მოკლედ რომ გითხრათ, თბილისიდან აქ ამოსვლა, დაახლოებით, 1 საათით უფრო სწრაფად მოხდება და ამას დასჭირდება სულ 3-4 წელი. იმიტომ, რომ ქვეშეთი-კობი დასრულდება 2023-2024 წლებში და ასევე ნატახტარი-ჟინვალის გზის პროექტირება. სულ სხვა რეგიონი და სხვა ცხოვრება იქნება აქ.“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი პოსტები

Back to top button