ქრთამის აღების ბრალდებით მებაჟე ოფიცერი დააკავეს
ქრთამის აღების ფაქტზე საბაჟო გამშვები პუნქტის „ყაზბეგის“ მებაჟე ოფიცერი დააკავეს – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
„გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული კორუფციულ გარიგებაში შევიდა ერთ-ერთ მოქალაქესთან, გადასცა მას შემოსავლების სამსახურის იდენტიფიკაციის საშუალება, მკაცრი აღრიცხვის ერთჯერადი გამოყენების ლითონის ლუქები, ხოლო სანაცვლოდ, ქრთამის სახით მოითხოვა და აიღო 1000 ლარი. საგამოძიებო სამსახურმა, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად მოქალაქეზე უკანონოდ გადაცემული ერთჯერადი გამოყენების ლითონის ლუქები ნივთმტკიცებად ამოიღო” – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე.