ქუთაისის აეროპორტში, გაურკვეველი მიზეზით შეყოვნებულ ქალს, მობილური ტელეფონი ჩამოართვეს

ქუთაისის აეროპორტში, გაურკვეველი მიზეზით შეყოვნებულ ქალს, მობილური ტელეფონი ჩამოართვეს.
პანკისის ხეობის მკვიდრს, ლეილა ქავთაროვას, რომელიც მცირეწლოვან შვილთან ერთად, მეოთხე დღეა, ქუთაისის აეროპორტში იმყოფება, მეუღლე ვეღარ უკავშირდება.
ბექა ტოხოსაშვილი ადასტურებს, რომ მის მეუღლეს მობილური ტელეფონი მესაზღვრეებმა დღეს, დილით ჩამოართვეს.
“მეუღლემ დილის ოთხ საათზე ხმოვანი შეტყობინება გამომიგზავნა და მითხრა, რომ პოლიციელები ტელეფონის ჩამორთმევას აპირებენო. მას შემდეგ, მისი ნომერი გამორთულია. მესაზღვრეებს უთქვამთ, აქედან ინტერვიუებს რომ იძლევი, ამიტომ ტელეფონი უნდა ჩამოგართვათო. მე ქუთაისში ვარ და მასთან არ მიშვებენ”- განაცხადა ბექა ტოხოსაშვილმა.
რა მიზეზით შეაყოვნეს საფრანგეთიდან ჩამოსული ლეილა ქავთაროვა აეროპორტში, შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე განმარტებას არ აკეთებს.
ქავთაროვას საკითხზე განმარტებას პანკისის ხეობაშიც ელოდებიან.
ადგილობრივებმა, სოფელ დუისის ცენტში საპროტესტო აქციაც ჩაატარეს და ხელისუფლებისგან პასუხი მოითხოვეს.
შეგახსენებთ, ქართველ მესაზღვრეებს, წარმოშობით პანკისელი ქალი, 23 წლის ლეილა ქავთაროვა და მისი მცირეწლოვანი შვილი, მეოთხე დღეა ქუთაისის აეროპორტში ჰყავთ შეყოვნებული და ქვეყანაში შემოსვლის საშუალებას არ აძლევენ.
ლეილა ქავთაროვას, ამჟამად რუსეთის და საფრანგეთის ორმაგი მოქალაქეობა აქვს