ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის 120-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს
ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 166 570 ჯარისკაცი დაკარგა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე განახორციელეს 21 საავიაციო და 9 სარაკეტო დარტყმა, მათ შორის ქალაქების, სლავიანსკისა და კრამატორსკის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. ასევე, 57 შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით.
გარდა ამისა, რუსულმა ქვედანაყოფებმა ნაღმმტყორცნებითა და საარტილერიო დანადგარებით დაცხრილეს დონეცკის, ლუგანსკის, ჩერნიგოვის, სუმის, ხარკოვის, ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქების ათეულობით დასახლებული პუნქტი.
უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, რუსეთის ძირითად ამოცანად რჩება დონეცკის და ლუგანსკის ოლქების ადმინისტრაციულ საზღვრებზე გასვლა, რისთვისაც ძალისხმევა კონცენტრირებული აქვს შეტევებზე ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკის, მარინკის და შახტარსკის მიმართულებებით. გენშტაბის თანახმად, გასულ 24 საათში თავდაცვის ძალებმა ამ მიმართულებებით მოიგერიეს 120-ზე მეტი შეტევა.
გენერალური შტაბის მონაცემებით, ბოლო 24 საათში უკრაინის ავიაციამ 12 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის რაიონებზე, ხოლო სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს საოკუპაციო ძალების თავმოყრის 3 რაიონი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინასი 166 570 ჯარისკაცი დაკარგა.
მონაცემები მოიცავს 2022 წლის 24 თებერვლიდან ამ წლის 21 მარტამდე პერიოდს.
გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.
გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:
ტანკი – 3552
ჯავშანტექნიკა – 6879
საარტილერიო სისტემა – 2586
ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა – 507
საჰაერო თავდაცვის სისტემა – 270
თვითმფრინავი – 305
ვერტმფრენი – 290
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 2167
ფრთოსანი რაკეტა – 907
გემი/ნავი – 18
სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი – 5428
სპეცტექნიკა – 266
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.