რეგიონი

” ქვაფენილი უკვე იყრება, ფანჯრები იმტვრევა”

სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტის “განახლებული რეგიონის” ფარგლებში შესრულებული სამუშაოები უხარისხოა.
ამის შესახებ, თელავში რუსთაველის ქუჩაზე, კორპუსებში მცხოვრები მოსახლეობა საუბრობს.

ადგილობრივები ამტკიცებენ, რომ კორპუსების რეაბილიტაციის ფარგლებში ახლადადაგებული ქვაფენილი უკვე აყრილია, ხოლო ახლადჩასმული ფანჯრის მინებს ქარი ამტვრევს.

” ქვაფენილი უკვე იყრება, ფანჯრები იმტვრევა, შეიძლება ხარისხიან მასალას ახმარენ, მაგრამ უხარისხოდ ასრულებენ, გულისყურით არ ეკიდებიან.გაიარეთ და თვითონ ნახავთ, რა მდგომარეობაა”– ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი რადიო ჰერეთთან.

ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს თელავში, რუსთაველის გამზირზე, სამშენებლო კომპანია ” დაგი” ასრულებს.
კომპანიის წარმომადგენლები რადიო ჰერეთთან ამბობენ, რომ მოსახლეობის პრეტენზიები უსაფუძვლოა.

” მოსახლეობის პრეტენზია არ არის საფუძვლიანი. სამუშაოს ვასრულებთ ყველაზე მაღალი ხარისხის, ძვირადღირებული მასალით და თუ სადმე ხარვეზი გვექნება, სამუშაო შესრულებულად არ ჩაგვეთვლება. შესაძლებელია, მუშა პროცესში რამე ხარვეზი წარმოიშვას, მაგრამ ამას მაშინვე ვასწორებთ და მოსახლეობის ყველა პრეტენზია ყოველთვის გათვალისწინებულია. ბოლოს შესრულებული სამუშაო მუნიციპალური განვითარების ფონდის ზედამხედველობის სსახურმა უნდა ჩაიბაროს”- განაცხადა “დაგის” წარმომადგენელმა, ბექა ხიზანიშვილმა.

თელავში, რუსთაველის გამზირიდან ერეკლე მეორეს ძეგლამდე ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომელიც საცხოვრებელი კორპუსების ფასადებისა და მიმდებარე ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითვალისწინებს, მუნიციპალური განვითარების ფონდმა დააფინანსა.

პროექტის ღირებულება 5 მილიონი ლარია. სამუშაოების პირველი ეტაპი, 2021 წლის ზაფხულში დაიწყო და ის, მიმდინარე წლის ივნისში უნდა დამთავრდეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button