ქვემო ალვანის მოსახლეობა თუშეთისკენ ვერტმფრენით რეისის შესრულებას ითხოვს

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანის მოსახლეობა, თუშეთისკენ ვერტმფრენით სასწრაფო რეისის შესრულებას ითხოვს.
ადგილობრივები ამბობენ, რომ მესაქონლეებს თუშეთში გადაუდებლად სჭირდებათ ბარგის გადატანა, თუმცა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა რეისის შესრულებაზე უარი თქვა.
” 100 კაცი მაინც ვიყავით შეგროვილი და ვერტმფრენს ველოდებოდით. უამრავი რამ გვჭირდება მთაში, სანამ გზა გაიხსნება. გვეუბნებიან, რომ თვის ბოლოს შესრულდება რეისი, მაგრამ ჩვენთვის გვიანია. საქონელიც ძლივს გადავიყვანეთ, ნაწილი დაგვეხოცა კიდეც. რაც მთაში საჭიროებებია, ყოველი დღე დაკარგულია”- ამბობენ მესაქონლეები.
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი ალექსი ფიცხელაური განმარტავს, რომ ვერტმფრენის რეისები თუშეთის მიმართულებით, არ შეწყვეტილა.
” სანამ გზა გაიხსნება, სამი რეისი კიდევ შესრულდება. როცა გზა ჩაკეტილია, მოსახლეობას ყოველთვის აქვს შესაძლებლობა ვერტმფრენით ისარგებლოს”- განაცხადა ფივხელაურმა.
სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი თუშეთის ადმინისტრაციული ცენტრის, სოფელ ომალოს მიმართულებით, 2017 წლიდან კვირაში ერთ, უფასო რეისს ასრულებს.
ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე საავტომობილო მოძრაობა, ყოველი წლის ოქტომბერში წყდება და მაისში ახლდება.
პრობლემის გადაჭრის მოთხოვნით, სოფელ ქვემო ალვანში, დღეს საპროტესტო აქციაც ჩატარდება, სადაც მესაქონლეები ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეხვედრას ელოდებიან.