,,ქვეყანა ვითარდება,,-თბილისის ბიუჯეტი 48 მილიონი ლარით გაიზარდა და 2 მილიარდ 58335 ათასი ლარი შეადგინა
თბილისის ბიუჯეტი 48 მილიონი ლარით გაიზარდა და 2 მილიარდ 58335 ათასი ლარი შეადგინა თბილისის საკრებულოს წევრებმა დედაქალაქის ბიუჯეტის ცვლილებას მხარი დაუჭირეს. საკითხი სხდომაზე საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარადგინა.
როგორც გიორგი ტყემალაძემ აღნიშნა, გაზრდილი ბიუჯეტი, მუნიციპალიტეტებზე გადანაწილდება და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას მოხმარდება.
“48 მილიონი ლარით გაიზარდა თბილისის ბიუჯეტი, რომელიც შესაძლებლობას იძლევა, რომ კიდევ უფრო ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდეს. ძირითადი ნაწილი რეგიონულ გამგეობებშია მიმართული, რომელიც თავის მხრივ, თავიანთ რაიონებში განახორციელებენ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ბიუჯეტი, ასევე იზრდება კეთილმოწყობის ნაწილში, გამწვანებაში და ეს არის ის თანხა, რომელიც უფრო მეტი პროექტის განხორციელებაში დაიხარჯება. მადლობა მინდა გადავუხადო ცენტრალურ მთავრობას, პრემიერ-მინისტრს, ფინანსთა სამინისტროს გამოყოფილი თანხებისთვის.
სოციალურ პროგრამებზე მთელი ბიუჯეტის 35-40% ნაწილი სწორედ ამ მიმართულებით არის გაწერილი”, -განაცხადა დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ.
თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენელმა ირაკლი ხელაძემ საკრებულოს სხდომაზე თავისი გამოსვლა საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის მადლობის გადახდით დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.
ამასთან, ირაკლი ხელაძის განცხადებით, თბილისის ბიუჯეტი 48 000 000 ლარით იზრდება, რაც დედაქალაქის მეტი განვითარების საწინდარია.
,,დიდ მადლობას ვუხდი ეროვნულ ნაკრებს, რომელმაც ქართულ საზოგადოებას უდიდესი ბედნიერება მიანიჭა. გაწეული უდიდესი შრომისთვის მადლობას ვუხდი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, მის ხელმძღვანელს ლევან კობიაშვილს, მწვრთნელებს და ტექნიკურ პერსონალს. მადლობა ქართველ გულშემატკივარს, რომელმაც გამორჩეული ერთიანობა აჩვენა მსოფლიოს’’, -აღნიშნა ირაკლი ხელაძემ.
ირაკლი ხელაძე ასევე საკრებულოს სხდომის მიმდინარე საკითხებს, კერძოდ კი, დედაქალაქის ბიუჯეტის ზრდის მნიშვნელობას შეეხო და მწუხარება გამოთქვა, რომ ასეთი მნიშვნელოვანი საკითხის განხილვას მისი ოპოზიციონერი კოლეგები არ ესწრებიან.
,,ყველას კარგად გვახსოვს, რომ დედაქალაქის 2024 წლის ბიუჯეტი დამტკიცების დროს ჩვენი ოპონენტების ცრუ ბრალდებების საპასუხოდ ვამბობდით, რომ წლის განმავლობაში ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან იქნებოდა მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდაჭერა. დღეს გაზრდილი ბიუჯეტი დედაქალაქისთვის მნიშვნელოვანი არაერთი პროექტისა და პროგრამის დამატებითი დაფინანსების და ამასთანავე, დედაქალაქის მცხოვრებლებისთვის გამოკვეთილი საჭიროებების დაკმაყოფილების საშუალებას იძლევა’’, – განაცხადა ირაკლი ხელაძემ და აღნიშნა, რომ ოპოზიციის საპასუხოდ, რომელიც მუდმივად ქვეყნის სტაგნაციასა და ეკონომიკური მაჩვენებლის ვარდნაზე საუბრობს, თბილისის ბიუჯეტი 48 000 000 ლარით იზრდება, რაც დედაქალაქის მეტი განვითარების საწინდარია.
,,ჩვენი დედაქალაქი ვითარდება და მომავალშიც ასე გაგრძელდება’’, – განაცხადა საკრებულოს წევრმა.
თბილისის საკრებულოს სხდომაზე, ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს მადლობა გადაუხადა ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული თამაშისთვის და განაცხადა, რომ ქართველმა ფეხბურთელებმა დაუმტკიცეს ევროპას და მსოფლიოს, რომ ჩვენ ვიმსახურებთ ევროკავშირის წევრობას.
„უსამართლობაა ის, რაც ხდებოდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით. უსამართლობაა, რაც ახლაც გრძელდება სამწუხაროდ, როცა ჩვენს ქართულ ჯარს, ჩვენს სიამაყეს, არ უფინანსებენ წვრთნებს, ენჯეოების და მედიების წვრთნებს იწყებენ თურმე 26 ოქტომბრისთვის. მინდა ვუთხრა ოპოზიციას, რომ ეს დაფინანსება მათ მაინც არ უშველის“, – განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.
საკრებულოს უმრავლესობის წევრმა მიმართა ოპოზიციის ელექტორატს და ოპოზიციურ პარტიებს და კითხვები დაუსვა ქვეყნის განვითარებასა და ქართული ჯარის დაფინანსებასთან, ასევე დედაქალაქის ბიუჯეტის ზრდასთან დაკავშირებით.
„მე მინდა მივმართო ოპოზიციურ ელექტორატს, რომელმაც 2020 წელს ხმა მისცა ნაციონალურ მოძრაობას, ასევე იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც 8 თვის განმავლობაში საერთოდ არ შევიდნენ პარლამენტში და მერე კი შევიდნენ, რომ ხელფასები არ დაეკარგათ და 8 სიტყვა არ აქვთ ნათქვამი და 8 კანონი არ აქვთ მიღებული. მათ შორის არც 12 რეკომენდაციის შესრულების, რომელმაც დაგვაახლოვა ევროკავშირთან, და არც 9 ნაბიჯის პროცესში იღებენ მონაწილეობას.
მინდა ვკითხო თბილისელებს, რომლებმაც ცარიელი ადგილები აირჩიეს თბილისის საკრებულოში, ცარიელი ადგილები, რომლებსაც ერთი სიკეთე თბილისელებისთვის არ გაუკეთებიათ და მინდა ვკითხო ოპოზიციას, რომელიც საქართველოშიც და თბილისშიც ატყუებს ხალხს, რომ ქვეყანა ინგრევა, რომ თურმე ეკონომიკური კოლაფსია და და ასე შემდეგ: თუ ეკონომიკა არ იზრდება, თუ შემოსავლები არ იზრდება და ქვეყანა არ ვითარდება, მაშინ საქართველო მარტო ექვს თვეში 519 მილიონ ლარს დამატებით შემოსავალს როგორ იღებს? თქვენ იცით, რომ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, მნიშვნელოვანი თანხა ქართული ჯარის განვითარებას მოხმარდება. აღარავის ახსოვს, როგორ იბრძოდა ქართული ჯარი ერაყში, ავღანეთში, აფრიკაში, რამდენი სისხლი გაიღო ამ ჯარმა! და ახლა თურმე ის უნდა დაისაჯოს.
მინდა ვკითხო ჩემს ოპოზიციონერ კოლეგებს: რომ დაიშალეთ „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციებად და ვინ ვისთან არის და რომელ ლიდერთან, ვერ გაგირკვევიათ, უბრალოდ, გული არ გწყდებათ, რომ იმ სიკეთეში, რომელსაც დედაქალაქის ბიუჯეტის ზრდა ჰქვია, მონაწილეობას არ იღებთ?
ეს ადამიანები 2025 წელს ადგილობრივ არჩევნებში კი არა, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებშიც ვერ შევლენ პარლამენტში“, – განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.
საკითხის განხილვაში არ მონაწილეობდა ოპოზიციის დიდი ნაწილი. დარბაზში დღეს მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ზვიად კუპრავა იყო. სხვა პარტიები რჩებიან ბოიკოტის რეჟიმში.