ოკუპანტებმა ზაპოროჟიეში გაეროს მისია დაბომბეს

რუსულმა მხარემ, 36-საათიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დადებული პირობა დაარღვია. დროებითმა ზავმა უკრაინაში არ იმუშავა – დაიბომბა ხერსონი, ბახმუტი, ხარკოვი, ნიკოპოლი და ზაპოროჟიე, არის მსხვერპლი.
მიუხედავად პუტინის მიერ გამოცხადებული “საშობაო ზავისა”, რუსებმა ზაპოროჟიეს რეგიონში გაეროს მისიას ცეცხლი გაუხსნეს. ამის შესახებ ზაპოროჟიეს OVA-ს თავმჯდომარემ, ალექსანდრე სტარუხმა განაცხადა.
მისიას ჰუმანიტარული დახმარება ქალაქ ორი-ჰივში მიჰქონდა. დაღუპულებზე და დაშავებულებზე ინფორმაცია არ ვრცელდება.
ზაპოროჟიეს რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრე სტარიუხმა მედიასთან კომენტარი გააკეთა და თქვა: “„შეთანხმებული იყო, რომ არ იქნებოდა დაბომბვა, ეს ყველაფერი. მაგრამ, სამწუხაროდ, აგრესორის მხარემ, რომელიც დაპირდა, რომ არ გაისროდა, დღეს დილით გაეროს ჰუმანიტარული მისიაც კი დაბომბა”.
სტარუხის თქმით, რუსეთი აგრძელებს ომის ყველა წესის და საკუთარი რელიგიური მრწამსის იგნორირებას. მან რუსეთის ფედერაციას უწოდა „მართლმადიდებელი თალიბანი“, რომელსაც არ აინტერესებს ადამიანური ნორმები.
“რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაანონსა თუმცა არ შეასრულა. დღეს ზაპოროჟიეში გაეროს მისია ჩამოვიდა, რომელსაც აგრესორმა ცეცხლი გაუხსნა. ასევე ესროლეს ჰუმანიტარულ დახმარებას რომელიც მისიამ ჩამოიტანა. სამწუხაროდ ოკუპანტების სროლები გრძელდება. რუსების შედარება მხოლოდ თალიბანთან შეიძლება. თითქოს მორწმუნეები არიან, თუმცა ქრისტიანული დღესასწაულზეც ისვრიან მშვიდობიან მოქალაქეებს. ისინი ტერორისტები არიან”,- თქვა სტარიუხმა.
ღამის განმავლობაში მძიმე არტილერიით დაიბომბა ნიკიპოლის 2 დასახლება. დარტყმა იყო დონცკზეც, სადაც 2 ქალაქში, 9 რაკეტა ისროლეს. საცხოვრებელი სახლი დაზიანდა სუმის ოლქში.
“დანაკარგების შესავსებად და შეტევის შესანარჩუნებლად, მტერს გადაყავს პერსონალი, იარაღი, სამხედრო აღჭურვილობა და საბრძოლო მასალები საომარი მოქმედებების ადგილებში. რუსი ოკუპანტების მიერ გამოცხადებული ე.წ. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის მიუხედავად, გასული დღის განმავლობაში მტერმა 9 სარაკეტო, 3 საჰაერო დარტყმა და 40 იერიში განახორციელა სარაკეტო ზალპური სისტემებიდან. მშვიდობიან მოსახლეობაში არიან დაჭრილები და გარდაცვლილები. გასული დღის განმავლობაში თავდაცვის ძალების ნაწილებმა 16 დასახლებულ პუნქტზე ოკუპანტების თავდასხმა მოიგერიეს. დიდი დანაკარგებით მტერი ახორციელებს შეტევით მოქმედებებს ბახმუტის, ავდივისა და ლიმანის რაიონებში და ცდილობს გააუმჯობესოს ტაქტიკური პოზიცია კუპიანის რაიონებში. გასული დღის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ დაარტყა მოწინააღმდეგის 21 საკონცენტრაციო ზონას, ასევე მის საზენიტო-სარაკეტო სისტემების პოზიციებს.პარალელურად ჩამოაგდეს ორლან-10 ტიპის 3 სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი.ჩვენი სარაკეტო ჯარების და არტილერიის ქვედანაყოფებმა დაარტყეს სამეთაურო პუნქტს, ცოცხალი ძალისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის 5 უბანსა და მტრის საბრძოლო მასალის 2 საწყობს,” – აღნიშნა უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპიკერმა ალექსანდრ სტუპუნმა.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მსოფლიო დღეს კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რამდენად ყალბია მოსკოვის ნებისმიერი სიტყვა.
“რაღაც თქვეს, თითქოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, თუმცა რეალობა ის არის რომ რუსული ჭურვები კვლავ ხვდება ბახმუტსა და სხვა უკრაინულ პოზიციას. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ცეცხლის შეწყვეტა მხოლოდ მაშინ მოხდება, როცა რუსი დამპყრობლები უკრაინული მიწიდან განიდევნებიან. ასევე მაშინ როცა აღიკვეთება რუსეთის ზეწოლა ევროპასა და უკრაინაზე. ამისთვის ვმუშაობთ, სწორედ ამისკენაა მიმართული ჩვენი პარტნიორების დახმარება, სწორედ ასეთ მიზანს ისახავს ახლა ცივილიზებული სამყარო,” – განაცხადა ზელენსკიმ.
5 იანვარს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების შეხების ხაზზე 6-7 იანვარს ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გასცა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი აცხადებს, რომ პუტინის მიერ გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის მიუხედავად, ბოლო 24 საათის განმავლობაში მტერმა 9 სარაკეტო დარტყმა, 3 საჰაერო და 40 MLRS შეტევა განახორციელა. თავდასხმების სამიზნე იყო სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, არის მსხვერპლი.