ქვეყანაში კრიმინოგენური მდგომარეობა სტაბილურად მშვიდია წინა წლებთან შედარებით მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია-გომელაური
ჩვენ მუდამ ვზრუნავთ პოლიციელთათვის სოციალური დაცვის გარანტიების გაუმჯობესებაზე-2020-2024 წლებში საპოლიციო დანაყოფების თანამშრომლების ხელფასი, სულ მცირე, 58-60%-ით გაიზარდა

იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების, ასევე, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატს, ვახტანგ გომელაურს მოუსმინეს.
ვახტანგ გომელაურის განცხადებით, სისხლის სამართლის სტატისტიკა ცალსახად მოწმობს, რომ ქვეყანაში კრიმინოგენური მდგომარეობა სტაბილურად მშვიდია და წლების მიხედვით უმჯობესდება.
მისივე თქმით, პოლიციის საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით გრძელდება კრიმინალური პოლიციის რეფორმა, რომლის ფარგლებში ოპერატიული, საგამოძიებო და საუბნო მიმართულებები სრულად გაიმიჯნა.
როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, აქტიურად გრძელდება უწყებათაშორისი საქმიანობა, რომლის ფარგლებშიც მომზადდა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი, 2025-2028 წლების ეროვნული სტრატეგიისა და მისი 2025-2026 წლების სამოქმედო გეგმის პროექტები, რომლებიც დასამტკიცებლად საქართველოს მთავრობას წარედგინება.
„2018-2024 წლებში სამინისტროს ავტორობით არაერთი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდა ისეთი პრიორიტეტული მიმართულებებით, როგორიცაა: დანაშაულის, მათ შორის, ოჯახში ძალადობის და სქესობრივი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა, საგზაო უსაფრთხოების, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის რეგულირება, სერვისების განვითარება, სამსახურის გავლის საკითხების რეგულირება და სხვა“, – აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.
„როგორც მოგეხსენებათ, შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის ეფექტიანობის ერთ-ერთი მთავარი მაჩვენებელი დანაშაულის კლების სტატისტიკაა. შესაბამისად, პირველ რიგში, სწორედ ამ კუთხით მიმდინარე ტენდენციებს, მინდა, გავუსვა ხაზი. სისხლის სამართლის სტატისტიკა ცალსახად მოწმობს, რომ ქვეყანაში კრიმინოგენური მდგომარეობა სტაბილურად მშვიდია და წლების მიხედვით უმჯობესდება. მინდა, გამოვყო ექვსი კატეგორიის დანაშაული (განზრახ მკვლელობა, განზრახ მკვლელობის მცდელობა, ქურდობა ბინაში შეღწევით, ძარცვა, ყაჩაღობა, ხულიგნობა). სტატისტიკა ადასტურებს, რომ წინა წლებთან შედარებით მდგომარეობა მკვეთრად არის გაუმჯობესებული. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ რეგისტრირებული დანაშაულის გახსნის პროცენტული მაჩვენებელი ბოლო ოცი წლის განმავლობაში უპრეცედენტოდ მაღალია და 64,87%-ს შეადგენს, რაც არა მხოლოდ საქართველოს, არამედ საერთაშორისო დონეზეც საკმაოდ მაღალ მაჩვენებელს წარმოადგენს“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
მისი თქმით, სამინისტრო აქტიურად მუშაობს დნმ-ის მონაცემთა ბაზის შექმნაზე, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის დანაშაულის გამოძიების ხარისხს. ასევე, მიმდინარე წელს დამტკიცდება კანონპროექტი დნმ-ის ბაზის შექმნის შესახებ, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო.
ვახტანგ გომელაურის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხელშეკრულების ფარგლებში შეისყიდა და უკვე სარგებლობს სამი ახალი შვეულმფრენით, რომელიც მრავალფუნქციურია და სრულადაა დაკომპლექტებული ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით.
როგორც მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, აქტიურად მიმდინარეობს საპატრულო პოლიციის რეფორმა, ფართოვდება საპატრულო პოლიციის მოქმედების არეალი, სრულად განახლდა ავტოპარკი და აღჭურვილობა. საპატრულო პოლიციის სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით კი, გრძელდება ერთიანი მომსახურების ცენტრის კონცეფციის დანერგვა მთელი ქვეყნის მასშტაბით.
ვახტანგ გომელაურის განცხადებით, შსს-ს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას საქართველოს საზღვრის ეფექტიანი დაცვა წარმოადგენს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში მნიშვნელოვნად განვითარდა და განახლდა საპოლიციო ინფრასტრუქტურა. ბოლო წლებში საქართველოს მასშტაბით პოლიციის ათობით ახალი ადმინისტრაციული შენობა აშენდა. გაგრძელდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტოპარკის განახლება, სხვადასხვა დანაყოფის გადაიარაღება და აღჭურვილობის განახლება, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების ფორმატში მოხსენებით წარდგენისას განაცხადა.
ვახტანგ გომელაურის თქმით, მომავალშიც უწყვეტად გაგრძელდება პოლიციის შენობების განახლება-რეაბილიტაცია და ახალი ობიექტების მშენებლობა.
„მინდა, ვახსენო განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ახალი, თანამედროვე სტანდარტების ბაზა, რომელიც რამდენიმე კვირის წინ გავხსენით. მომავალშიც უწყვეტად გაგრძელდება პოლიციის შენობების განახლება-რეაბილიტაცია და ახალი ობიექტების მშენებლობა, ასევე, შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით პოლიციელთა უზრუნველყოფა. განახლდება არსებული ავტოპარკი, სახანაძრო-სამაშველო სპეცტექნიკა და შეიარაღება. ჩვენ მუდამ ვზრუნავთ პოლიციელთათვის სოციალური დაცვის გარანტიების გაუმჯობესებაზე. აღნიშნული მიზნის მისაღწევად გრძელდება სამინისტროს თანამშრომლების ხელფასების ზრდა. 2020-2024 წლებში საპოლიციო დანაყოფების თანამშრომლების ხელფასი, სულ მცირე, 58-60%-ით გაიზარდა. მინდა, კიდევ ერთხელ შევეხო მნიშვნელოვან პროექტს, „პოლიციის ქალაქს“, რომელიც თბილისში, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე ხორციელდება და მოიცავს შვიდი მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას. პროექტის ფარგლებში ბინას 1 000 პოლიციელი მიიღებს“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
სიტყვით გამოსვლების შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა პარლამენტის წევრების შეკითხვებს უპასუხა.
კომიტეტებმა ვახტანგ გომელაურის კანდიდატურას და სამთავრობო პროგრამას მხარი დაუჭირეს.