ქვეყნის მოქმედი მთავრობით იმედგაცრუებულია-კელი

საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი, იან კელი ამბობს, რომ ქვეყნის მოქმედი მთავრობით იმედგაცრუებულია.
როგორც დიპლომატმა აღნიშნა მისი იმედგაცრუება განპირობებულია არა მხოლოდ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების გამო, არამედ იმითაც, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლებას უკრაინის მიმართ შესაბამისი მხარდაჭერა არ გამოუხატავს. – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა იან კელიმ განაცხადა.
როგორც იან კელიმ აღნიშნა, საქართველოს უკრაინისთვის ბევრად მეტი მხარდაჭერისა და სოლიდარობის გამოხატვა შეუძლია.
„მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ საქართველოს ახლანდელი მთავრობით. არა მხოლოდ იმ ნაბიჯებით, რომლებითაც ისინი მარგინალიზებას ახდენენ და აუქმებენ კიდეც სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის მსგავს, ძალაუფლების დამაბალანსებელ სტრუქტურებს, არამედ იმიტომაც, რომ ჩვენ საკმარისად არ გაგვიგია საქართველოს ხმა. იქნებ მე გამომრჩა, მაგრამ მგონია, რომ არ გვინახავს მრავალმხრივი, აქტიური რიტორიკა, მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. რაიმე კონკრეტული დახმარების შეთავაზება, პრემიერ-მინისტრების ზარები და თქმა, რომ ჩვენ იგივე გავიარეთ 2008 წელს, რით შეგვიძლია დაგეხმაროთ, როგორ გაგიზიაროთ ჩვენი გამოცდილება. ისე ჩანს, რომ მთავრობას ურჩევნია თავი ჩახაროს, ვიდრე გვერდით დაუდგეს პარტნიორ ქვეყანას, რომელიც ახლა იმავეს გადის, რაც საქართველომ გაიარა. ისინი რჩებიან ჩუმად და არ აკეთებენ განცხადებებს, რომლებიც მოსალოდნელი იქნებოდა საგარეო საქმეთა სამინისტროსგან. ვფიქრობ, საქართველოს ბევრად მეტი მხარდაჭერისა და სოლიდარობის გამოხატვა შეუძლია უკრაინისთვის“,– განაცხადა იან კელიმ.
მისივე თქმით, საქართველოს ჰყავს მთავრობა, რომელიც უკან მიდის.
„საქართველო წინ უნდა მიუძღოდეს და მართავდეს რეფორმების მთელ ტალღას იმის საჩვენებლად, რომ ის ევროატლანტიკური ინსტიტუტის წევრობის ღირსია. მოსახლეობის 70%-ს ეს სურს და მაინც, ქვეყანას ჰყავს მთავრობა, რომელიც უკან მიდის. მე არასდროს მინახავს საქართველოს მთავრობა, რომელიც აუქმებს ევროპასთან/ევროკავშირთან მიღწეულ შეთანხმებას და მათ ეს გააკეთეს. არასდროს მინახავს საქართველოს მთავრობა, რომელიც ამერიკის ელჩს აკრიტიკებს. საქართველო არ მიიწევს დასავლეთით და იმაშიც არ ვარ დარწმუნებული, საერთოდ რა მიმართულებით მიდის, ალბათ საკუთარ სიღრმეებშივე. მაგრამ ეს ძალიან ცუდი დროა ამ ყველაფრისთვის მაშინ, როდესაც მიმდინარეობს რეალური დისკუსია ნატოს გაფართოების შესახებ. მე ეს ძალიან, ძალიან მაშფოთებს”, – განაცხადა იან კელიმ.
გარდა ამისა, როგორც კელიმ ამერიკა-რუსეთის დიალოგთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნა, მკაცრად უნდა დავუპირისპირდეთ იმ სიყალბეს, რის მტკიცებასაც მოსკოვი ცდილობს, რომ „თითქოსდა ვაშინგტონი აიძულებს საქართველოსა და უკრაინას, რომ ნატოს შეუერთდნენ“.
„ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი ვლადიმირ პუტინისთვის შესაბამისი გზავნილების ხაზგასმაა: მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შენ გესაუბრებით უსაფრთხოების საკითხებზე, ესაა საუბარი უსაფრთხოების უფრო ფართო თემებზე ორ ბირთვულ ძალას შორის. ბაიდენის ადმინისტრაცია ამ საუბარს კრემლისგან სრულიად განსხვავებულ კონტექსტში განიხილავს. ისინი ამას ახასიათებენ რუსეთთან რეგულარული სტრატეგიული დიალოგის კონტექსტში. ასე რომ გზავნილები, რომელიც ამ შეხვედრებს მოჰყვება ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ მკაცრად უნდა დავუპირისპირდეთ იმ სიყალბეს, რის მტკიცებასაც მოსკოვი ცდილობს, რომ თითქოსდა ვაშინგტონი აიძულებს საქართველოსა და უკრაინას, რომ ნატოს შეუერთდნენ. ნატო არ მიიწევს აღმოსავლეთით. პირიქით, ამ ქვეყნებს, რომლებიც აღმოსავლეთში არიან, სურთ დასავლეთისკენ მოძრაობა და ესაა ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რასაც გამუდმებით უნდა გავუსვათ ხაზი არა მხოლოდ ვაშინგტონმა, არამედ ნატოს ყველა წევრმა და წევრობის მსურველმა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ“,- განაცხადა იან კელიმ.
გარდა ამისა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პრესსპიკერის, ნედ პრაისის თქმით, რუსეთი წლების განმავლობაში აღვივებდა კონფლიქტებს უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში. ახდენდა ინტერვენციას, ოკუპაციას და აღვივებდა კონფლიქტებს საკუთარი მეზობლებისა და სხვების წინააღმდეგ. სია გრძელია – ყველა მათგანის ჩამოსათვლელად, სავარაუდოდ, დრო არ მეყოფა .
მისი განცხადებით, ეს ერთ-ერთი მიზეზია იმისა, თუ რატომ არის აშშ და დასავლეთი სკეპტიკურად განწყობილი რუსეთის განცხადების მიმართ, რომ უკრაინის საზღვართან ჯარების განლაგების მიზეზი მხოლოდ წვრთნებია.
10 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე ნედ პრაისმა თქვა, რომ აშშ-ს სურს, რუსული ჯარები უკრაინის საზღვრიდან თავიანთ ყაზარმებში – მუდმივი დისლოკაციის ადგილებზე დაბრუნდნენ. მისი განცხადებით, სწორედ ეს იქნება რუსეთის მხრიდან ვითარების დეესკალაციისკენ გადადგმული ნაბიჯი.
“ჩვენ გვინდა, რომ რუსული ჯარები უკრაინის საზღვრიდან თავიანთ ყაზარმებში დაბრუნდნენ. თუ ამას ვნახავთ, ეს იქნება დეესკალაციის ჩვენება. თუ იქ ნამდვილად არის წვრთნები – და ვფიქრობ, უნდა გესმოდეთ ჩვენი სკეპტიციზმი ამასთან დაკავშირებით – ჩვენ გამჭვირვალობის ნახვა გვინდა. გვსურს, რუსეთისგან მოვისმინოთ, კონკრეტულად რა წვრთნებს ატარებენ, რატომ – ამ მასშტაბით და როდის აპირებენ, დაუბრუნდნენ თავიანთ მუდმივ სივრცეს.
როგორც ვთქვით, უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე არიან რუსული ჯარები და რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ძალები. როგორც ვთქვით, რუსეთმა ათობით ათასი, ასი ასათამდე ჯარისკაცი განალაგა უკრაინის საზღვართან და ეს დროის მცირე მონაკვეთში მოხდა.
ეს არის 2014 წლის კურსის გაგრძელება, როცა რუსეთმა მოახდინა ყირიმის ანექსია, წააქეზა ომი აღმოსავლეთ უკრაინაში და აგრძელებს კონფლიქტის გაღვივებას. ეს არის რუსეთი, რომელიც წლების განმავლობაში შეჭრილია მეზობლების და სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე და დაწყებული აქვს კონფლიქტი.
სია გრძელია, არ მაქვს დრო, ყველა ჩამოვთვალო, მაგრამ რამდენიმეს დავასახელებ – უკრაინა, საქართველო, მოლდოვა. ეს არის რუსეთი, რომელიც წლების განმავლობაში ერეოდა დემოკრატიულ არჩევნებში, მათ შორის, თავისივე ქვეყნის არჩევნებში. ისინი იყენებდნენ ქიმიურ იარაღებს. მოაწყვეს კიბერშეტევები, სხვა ტიპის თავდასხმებთან ერთად, იარაღად ენერგეტიკას იყენებენ.
ამიტომ, უნდა გვაპატიოთ და გაიგოთ ჩვენი სკეპტიციზმი, როცა რუსეთისგან გვემის, რომ ისინი მხოლოდ წვრთნებს ატარებენ და რომ ეს შეშფოთების საფუძველი არ უნდა იყოს. ჩვენ გვსურს დეესკალაციის ნიშნების დანახვა და რა თქმა უნდა, დეესკალაციის ნიშანი იქნება მათი ჯარების მუდმივ ბაზებზე დაბრუნება”. – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის სპიკერმა.
10 იანვარს ჟენევაში აშშ-სა და რუსეთს შორის შეხვედრები დაიწყო. მოლაპარაკებების თემა უკრაინის საზღვართან განლაგებული რუსული ჯარებია – რუსეთი მეზობელ ქვეყანაში შეჭრით იმუქრება და NATO-ს წევრი ქვეყნებისგან მოითხოვს, უკან წაიღონ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, უკრაინა და საქართველო აუცილებლად გახდებიან ალიანსის წევრები.
აშშ აცხადებს, რომ არ დაუშვებს, რუსეთმა დახუროს ნატოს ღია კარის პოლიტიკა.