მნიშვნელოვანისიახლეები

ქვეყნის მთავარ გამოწვევად ოკუპაცია და ანექსია სახელდება-სუს-ის 66 გვერდიანი ანგარიში სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 66 გვერდიან ანგარიშში, ყველა იმ საფრთხეზეა საუბარი, რომლის განეიტრალებაც სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელია. ქვეყნის მთავარ გამოწვევად ოკუპაცია და ანექსია სახელდება. სუს-ის ანგარიშში პირველი თავიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას ეხება. დოკუმენტის მიხედვით, გასული წლების მსგავსად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონოდ განთავსებული რუსეთის საოკუპაციო ძალა, დესტრუქციულ აქტივობებთან ერთად, სხვადასხვა ტიპისა და მასშტაბის სამხედრო წვრთნას აგრძელებდა.

სუს-ის ანგარიშის მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არაერთი პროვოკაციის განეიტრალებაც მოუწია. დოკუმენტში წერია, რომ პირთა გარკვეული ჯგუფის მიზნად ისახავდა ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლაა, ამისთვის კი სამოქალაქო არეულობისა და დესტაბილიზაციის პროვოცირებას ცდილობდნენ. ეს ჯგუფები კი სუს-ის ინფორმაციითვე, უცხო ქვეყნებიდან ფინანსდებოდნენ და კონკრეტული პარტიების ლიდერებისა და არასამთავრობო ორგანიზაციათა ხელმძღვანელების მიერ იმართებოდნენ. სუსი ანგარიშში საუბარია იმაზეც, რომ პროცესების დაძაბვას მსხვერპლიც უნდა მოჰყოლოდა. 2024 წელის ანგარიშში მოხვდა შემთხვევები, როდესაც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები ცდილობდნენ სხვადასხვა პოლიტიკურ ძალასთან და მათ ლიდერებთან კავშირის დამყარებას. კონტრდაზვერვითი საქმიანობის შედეგად კი ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელი ღონისძიებების განეიტრალება მოხერხდა.

სამოქალაქო არეულობასა და დესტაბილიზაციის მცდელობაში შესაძლო მონაწილეობას არასამთავრობო სექტორი გამორიცხავს. ამბობენ, რომ ის რაც სუს-ის ანგარიშში წერია აბსურდია.

საზოგადოებრივ აზრზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობა – ასეთია ოპოზიციის შეფასება. ხელისუფლები ოპონენტები ამბობენ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მომზადებული დოკუმენტი, მთავარი საკითხებიდან ყურადღების გადატანას ემსახურება.

საპარლამენტო უმრავლესობაში სუს-ის ანგარიშის იმ ნაწილზე აკეთებენ აქცენტს, რომელიც მათივე შეფასებით, ქვეყნის მდგრადობას უქმნიდა საფრთხეს. დასახელდა არაერთი მაგალითიც, რომელიც “ქართული ოცნების” წევრების განცხადებით სწორედ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის პირდაპირი საფრთხე იყო.

სუს-ის გასული წლის ანგარიშში საუბარია იმ შედეგებზეც, რომელსაც უსაფრთხოების სამსახურმა არაერთი მიმართულებით მიაღწია. მაგალითად

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში საქართველოს მიერ განხორციელებული კონტრტერორისტული საქმიანობა კვლავ პოზიტიურადაა შეფასებული. უსაფრთხოების მიმართულებით ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე პარტნიორად რჩებოდა. კორუფციის წინააღმდეგ კი კომპლექსური ღონისძიებები გატარდა. “კორუფციის აღქმის” ინდექსით კი, საქართველო პირველ ადგილზეა სამხრეთ კავკასიის, შავი ზღვის, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონებში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სხვადასხვა მიმართულებით აქტიურად თანამშრომლობს სტრატეგიული პარტნიორებისა და მეგობარი ქვეყნების შესაბამის უწყებებთან და ეს კავშირები მომავალშიც გაგრძელდება.

გასული წლების მსგავსად, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონოდ განთავსებული რუსეთის საოკუპაციო ძალა, სხვა დესტრუქციულ აქტივობებთან ერთად, განაგრძობდა სხვადასხვა ტიპისა და მასშტაბის სამხედრო წვრთნას, – ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
“2024 წელს უმნიშვნელოვანესი იყო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე “საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (IV)“ (ე.წ. განგრძობადი ოკუპაციის საქმე), რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის თანამდევი უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის შედეგად ადამიანის უფლებების დარღვევებს ეხებოდა და პასუხისმგებლობას რუსეთის ფედერაციას აკისრებდა.
ერთ-ერთ საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან ეფექტური კონტროლის განხორციელების შეუძლებლობის მიუხედავად, ოფიციალურმა თბილისმა ოკუპირებულ რეგიონში პირთა საკუთრების უფლების დასაცავად ყველა შესაძლებელი და გონივრული ღონისძიება გაატარა.
საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება განაგრძობს მის ხელთ არსებული მექანიზმებისა და სამართლებრივი ბერკეტების გამოყენებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი პირების გასათავისუფლებლად.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ეფექტიან და ნაყოფიერ თანამშრომლობას განაგრძობს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან (EUMM), ასევე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (UN), ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OSCE), ევროპის საბჭოს (CoE) და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) წარმომადგენლებთან”, – აცხადებენ სუს-ში.

რუსეთის მიერ ოკუპაცია აქტიურად გამოიყენებოდა, როგორც ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტი საქართველოს წინააღმდეგ დესტრუქციული პოლიტიკის გასატარებლად. უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურები, ასევე, ცალკეული შიდა და გარე აქტორები ე.წ. ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების გამოყენებით ცდილობდნენ ქვეყანაში პროცესებზე ზეგავლენის მოხდენას, იყო ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის მცდელობები, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2024 წლის ანგარიშშია ნათქვამი.
სუს-ის ანგარიშის თანახმად, აქტიურად გამოიყენებოდა დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული საინფორმაციო კამპანიები, რომელშიც, მათ შორის ჩართული იყვნენ დასავლური ქვეყნებისა და ინსტიტუტების წარმომადგენლები, რამაც ცალკეული ქვეყნის სპეციალურ სამსახურებს გაუადვილა საქართველოში ანტიდასავლური კამპანიის წარმოების შესაძლებლობები.
„2024 წელი გამოირჩეოდა განსაკუთრებული გეოპოლიტიკური ტურბულენტობით და ეკონომიკური გამოწვევებით, რაც უკავშირდებოდა მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში მიმდინარე კონფლიქტებს. უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ფონზე ახლო აღმოსავლეთში განვითარებულმა მოვლენებმა გაზარდა დაპირისპირების გლობალურ მასშტაბში გადაზრდის რისკი, გამოიწვია მნიშვნელოვანი სოციალურ-ეკონომიკური რყევები და შეაფერხა ტრადიციული სავაჭრო მარშრუტების ფუნქციონირება. საანგარიშო პერიოდში მსოფლიოს რამდენიმე ათეულ ქვეყანაში ჩატარდა საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები, რომელთა შედეგებმა საფუძველი დაუდო გლობალური გეოპოლიტიკური დღის წესრიგის ცვლილებას, საგარეო პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებში გააჩინა ახალი მიდგომები და ტენდენციები, იმ ქვეყნებს, რომლებიც მოწოდებული არიან ტრადიციული ღირებულებებისა და ფასეულობების დაცვისკენ, მნიშვნელოვნად გაუადვილა ეროვნული პოლიტიკის განხორციელების შესაძლებლობები.
2024 წელს სხვადასხვა ქვეყნის მიერ ხელოვნური ინტელექტის განვითარების მიმართულებით დაფიქსირებულმა ტექნოლოგიურმა წინსვლამ წარმოაჩინა, რომ „რბოლა ხელოვნური ინტელექტისთვის“ გადაიქცა სახელმწიფოებს შორის კონკურენციის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად და მასში უპირატესობის მოპოვება, მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში, მნიშვნელოვნად გაზრდის ამ ქვეყნების პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო გავლენებს. ასევე, მათ ხელში აღმოჩნდება მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი გლობალური თუ რეგიონული დომინირებისთვის.
არაპროგნოზირებადი გლობალური გეოპოლიტიკური პროცესების ფონზე, საქართველოს მიმართ შენარჩუნებული, ხოლო რიგ შემთხვევაში გაზრდილი იყო საფრთხეების დონე. ასევე, გამოიკვეთა უცხოური ძალების მიერ ქვეყნის წინააღმდეგ წარმოებული დესტრუქციული საქმიანობის ახალი მიმართულებები და ტენდენციები, რის წინააღმდეგაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს კომპლექსური ღონისძიებების გატარება უწევდა.
წარმოდგენილ ანგარიშში მიმოხილულია 2024 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოვლენილი საფრთხეების პრევენციისა და აღკვეთის მიზნით გატარებული ღონისძიებები.
საქართველოს სახელმწიფოსთვის ეროვნული უსაფრთხოების კუთხით, ყველაზე დიდ საფრთხეს კვლავ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია და მისი თანამდევი პროცესები წარმოადგენდა. რუსეთ-უკრაინის ომის მიუხედავად, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კვლავ აქტიურად მიმდინარეობდა უკანონო სამხედრო აქტივობები, საოკუპაციო ძალის მიერ წარმოებდა ანექსიისკენ მიმართული ღონისძიებები, გრძელდებოდა უკანონო დაკავებები და ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესი. ამასთან, რუსეთის მიერ ოკუპაცია აქტიურად გამოიყენებოდა, როგორც ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტი საქართველოს წინააღმდეგ დესტრუქციული პოლიტიკის გასატარებლად. უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურები, ასევე, ცალკეული შიდა და გარე აქტორები ე.წ. ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების გამოყენებით ცდილობდნენ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებზე ზეგავლენის მოხდენას, იყო ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის მცდელობები.
მათ მიერ აქტიურად გამოიყენებოდა დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული საინფორმაციო კამპანიები, რომელშიც, მათ შორის, ჩართულნი იყვნენ დასავლური ქვეყნებისა და ინსტიტუტების წარმომადგენლები, რამაც ცალკეული ქვეყნის სპეციალურ სამსახურებს გაუადვილა საქართველოში ანტიდასავლური კამპანიის წარმოების შესაძლებლობები“, – ნათქვამია სუს-ის ანგარიშში.
ანგარიშის მიხედვით, ე.წ. რბილი ძალის პოლიტიკის ფარგლებში, აქტიურად მიმდინარეობდა მუშაობა ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში პოზიციების გასამყარებლად და ქვეყანაზე ეკონომიკური ზეგავლენის ბერკეტების მოსაპოვებლად.
„გამოიკვეთა, რომ უცხო ძალების ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება საქართველოს ახალგაზრდულ სეგმენტზე მუშაობის გააქტიურება იყო, რომლის მიზანს უცხო ქვეყნებისადმი ლოიალურად განწყობილი და მათ ეროვნულ/საზოგადოებრივ ღირებულებებთან ახლოს მდგომი ახალი თაობის ფორმირების მცდელობა წარმოადგენდა. კვლავ აქტუალური იყო საერთაშორისო ტერორიზმისგან და ძალადობრივი ექსტრემიზმისგან მომდინარე საფრთხეები. თუმცა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაწეული ძალისხმევის შედეგად ქვეყანაში ტერორისტული აქტივობები არ განხორციელებულა და საქართველო კვლავ წამყვან პოზიციებს ინარჩუნებდა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით საერთაშორისო რეიტინგებში. საქართველოს წინაშე მზარდი საფრთხეებისა და გამოწვევების მიუხედავად, საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უზრუნველყო შიდა და გარე ძალებისგან მომდინარე საფრთხეების პრევენცია და აღკვეთა, სახელმწიფო სისტემების შეუფერხებელი ფუნქციონირება და უსაფრთხო განვითარება. 2024 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, კონკრეტულ მიმართულებებზე, ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში აგრძელებდა აქტიურ თანამშრომლობას უცხოელ პარტნიორებსა და შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან. საკუთარი საქმიანობის განხორციელებისას სამსახური მკაცრად იცავდა კანონით განსაზღვრულ ძირითად სახელმძღვანელო პრინციპებს, მათ შორის, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, თანაზომიერებას, დისკრიმინაციის დაუშვებლობასა და პოლიტიკურ ნეიტრალობას. 2024 წელს სამსახურის დანაყოფების სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის უზრუნველყოფილი იყო სათანადო მატერიალურ-ტექნიკური ინფრასტრუქტურა და გატარდა ეფექტიანი საკადრო პოლიტიკა“, – ნათქვამია სუს-ის ანგარიშში.

გამოვლინდა უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების მხრიდან საქართველოს მოქალაქეებთან კონტაქტის დამყარების, მათთვის საყურადღებო თემებზე გამოკითხვისა და გადაბირების მცდელობები. სავარაუდოდ, მსგავსი კონტაქტებისას, ასევე, სპეციალური სამსახურების წარმომადგენლები მათთვის სასურველი ინფორმაციის მოსაპოვებლად გარკვეულ ტექნიკურ ღონისძიებებს ატარებდნენ, – ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
სუს-ის ცნობითვე, დაფიქსირდა ცალკეული მასმედიის წარმომადგენლის კავშირი უცხო ქვეყნების ოფიციალურ პირებთან და სავარაუდოდ, სპეციალური სამსახურების წარმომადგენლებთან, რომლებისგანაც იღებდნენ დაფინანსებას და მითითებებს, ასევე აწვდიდნენ ინფორმაციას დაინტერესების საკითხებზე.
“საანგარიშო პერიოდში, გამოვლინდა უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების მხრიდან საქართველოში ვიზიტად მყოფი პირების გამოყენების მცდელობები. დაფიქსირდა უცხო ქვეყნების მოქალაქეთა მხრიდან საქართველოს ტერიტორიაზე საეჭვო საქმიანობის განხორციელების ფაქტები, რაც გამოიხატა GPS კოორდინატების დადგენაში, დრონებით ფოტო და ვიდეოგადაღებებში. აღნიშნული კატეგორიის ზოგიერთი პირის მიმართ გატარდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, მათ შორის ამოქმედდა სასაზღვრო კონტროლის მექანიზმი”, – აღნიშნულია ანგარიშში.

სუს-ის ანგარიშის თანახმად, პირთა გარკვეული ჯგუფი გეგმავდა სამოქალაქო არეულობისა და დესტაბილიზაციის პროვოცირებას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო.
სუს-ის ანგარიშში ნათქვამია, რომ პირთა გარკვეული ჯგუფების მოქმედებები იმართებოდა უცხო ქვეყნებიდან მომდინარე დაფინანსებით, საპარლამენტო და არასაპარლამენტო კონკრეტული პოლიტიკური პარტიების ლიდერების და არასამთავრობო ორგანიზაციათა ხელმძღვანელების მიერ.
„საანგარიშო პერიოდში საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, სხვადასხვა საბაბით (მათ შორის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ მიღება, საპარლამენტო არჩევნების „გაყალბება“), საქართველოში გეგმავდა სამოქალაქო არეულობის და დესტაბილიზაციის პროვოცირებას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო.
პირთა გარკვეული ჯგუფების მოქმედებები იმართებოდა უცხო ქვეყნებიდან მომდინარე დაფინანსებით, საპარლამენტო და არასაპარლამენტო კონკრეტული პოლიტიკური პარტიების ლიდერების და არასამთავრობო ორგანიზაციათა ხელმძღვანელების მიერ.
სხვადასხვა პერიოდში დანაშაულებრივ გეგმებში აქტიურად იყვნენ ჩართულნი ქვეყნის გარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები, კერძოდ, უკრაინაში მებრძოლი ქართველების კონკრეტული ნაწილი, რომლებიც აცხადებდნენ მზადყოფნას ჩამოსულიყვნენ საქართველოში და აქტიური მონაწილეობა მიეღოთ პოლიციის წინააღმდეგ დაგეგმილ ძალადობაში, რასაც მოჰყვებოდა სიტუაციის უკიდურესი დაძაბვა. მათ შორის განიხილებოდა მმართველი ძალის თანამდებობის პირების ლიკვიდაციის გეგმები.
საპროტესტო გამოსვლების ორგანიზატორების მიზანს მიმდინარე პროცესების ე.წ. „მაიდანიზაცია“ წარმოადგენდა. იგეგმებოდა თბილისის სატრანსპორტო კვანძების პარალიზება, სამთავრობო დაწესებულებებსა და სტრატეგიული დანიშნულების ობიექტებთან მისასვლელი გზების, სამართალდამცავი ორგანოების დისლოკაციის ბაზების ბლოკირება, ცენტრალურ გამზირებზე ე.წ. კარვების ქალაქების მოწყობა.
საპროტესტო მუხტისა და რადიკალიზმის გასაზრდელად დაგეგმილი იყო სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა პროვოცირება დემონსტრანტებთან დასაპირისპირებლად, რასაც უნდა მოჰყოლოდა მსხვერპლი. ამ მიზნით ცალკეული ახალგაზრდული ჯგუფების მიერ გამოიყენებოდა პიროტექნიკა და ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილები“,- აღნიშნულია ანგარიშში.
ამასთან, ანგარიშში ნათქვამია, რომ არსებული ინფორმაციით, საპროტესტო გამოსვლების ორგანიზატორების მიერ, ასევე, იგეგმებოდა, 2024 წლის 14 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების პროცესის ჩაშლა.
„ამ მიზნით, განიხილებოდა საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სიტუაციის მაქსიმალურად დაძაბვა, რასაც უნდა მოჰყოლოდა მსხვერპლი და მასზე პასუხისმგებლობა დაკისრებოდა ხელისუფლებას.
საპროტესტო აქციის ორგანიზატორების აგრესიის განსაკუთრებულ სამიზნეს წარმოადგენდნენ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები. მათი დემორალიზების და პროვოცირების მიზნით გამოიყენებოდა ე.წ. „ფერადი რევოლუციების“ მოწყობასთან დაკავშირებული ისეთი მეთოდები, როგორიცაა მათ მიმართ მუქარა, მოსყიდვა, საპროტესტო აქციის მონაწილეთა მხარეს მათი გადასვლის ინსცენირება, რაც, საბოლოო ჯამში, მიზნად ისახავდა სახელმწიფო სტრუქტურების ჩამოშლის განცდის შექმნას“,- აღნიშნულია ანგარიშში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, უსაფრთხოების თვალსაზრისით, 2024 წელი, გასული წლის მსგავსად, სტაბილურობის წინააღმდეგ მიმართული პროცესებითა და მკვეთრად გაზრდილი საფრთხეებით იყო დატვირთული.
“რეგიონში შექმნილი ვითარების ფონზე, მომეტებული საფრთხეების გათვალისწინებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უწყვეტ რეჟიმში ახდენდა ქვეყნის ტერიტორიაზე ოპერატიული ვითარების კონტროლს.
საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში აქტიურ მუშაობას განაგრძობდა უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების დესტრუქციული საქმიანობის გასანეიტრალებლად. ხორციელდებოდა მათი დაინტერესების მიმართულებების, მათ ინტერესებში მოქმედი პირებისა და პირთა ჯგუფების გამოვლენა, მათი საქმიანობის მონიტორინგი, ამოცანებისა და მიზნების დადგენა.
კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში გამოვლენილ იქნა უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების დაინტერესების სფეროები და მისწრაფებები, მათი საქმიანობის მეთოდები და ფორმები, საფრთხეების განეიტრალებისა და პრევენციისთვის გატარდა შესაბამისი ღონისძიებები.
საანგარიშო პერიოდში, 2023 წლის მსგავსად, ადგილი ჰქონდა სხვადასხვა აქტორის მიერ, როგორც საპარლამენტო არჩევნებამდე, ისე მის შემდგომ, საქართველოში პოლიტიკური გარემოს დესტაბილიზაციისა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით ცვლილების მცდელობებს.
2024 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში აქტიურ ღონისძიებებს ახორციელებდა, რათა პრევენცია მოეხდინა ან/და აღეკვეთა ე.წ. რბილი ძალის, ფარული ოპერაციებისა და საინფორმაციო ომის ინსტრუმენტების გამოყენებით ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ წარმოებული ღონისძიებები”, – აცხადებენ უწყებაში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, 2024 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აქტიურად განაგრძობდა კონტრტერორისტული მიმართულებით საქმიანობას. ტერორისტული საფრთხეების წინააღმდეგ გატარებული პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში სამსახური ახორციელებდა საფრთხეების იდენტიფიცირებასა და გამოვლენას, აქტიურად თანამშრომლობდა საერთაშორისო პარტნიორებთან ტერორიზმსა და ძალადობრივ ექსტრემიზმთან დაკავშირებული ინფორმაციის მოპოვებისა და გაზიარების კუთხით, განაგრძობდა კონტრტერორისტული საქმიანობის განხორციელების მექანიზმების გაუმჯობესებას.
“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ განხორციელებული კონტრტერორისტული ძალისხმევისა და აღნიშნული მიმართულებით სხვა რელევანტურ უწყებებთან ერთობლივი მუშაობის შედეგად, გასული წლების მსგავსად, საანგარიშო პერიოდში საქართველო ტერორისტული ორგანიზაციებისა და მათი მხარდამჭერებისთვის ხელსაყრელ სამოქმედო არეალს არ წარმოადგენდა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში საქართველოს მიერ განხორციელებული კონტრტერორისტული საქმიანობა კვლავ პოზიტიურად შეფასდა და აღინიშნა, რომ საანგარიშო პერიოდში უსაფრთხოების მიმართულებით ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე პარტნიორად რჩებოდა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს შესწევს ტერორისტული ინციდენტების გამოვლენის, შეკავების, მათზე რეაგირების უნარი. საქართველო ჩართულია სხვადასხვა საერთაშორისო კონტრტერორისტულ, მათ შორის, ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მიმართულ ფორმატებში და ასრულებს გაეროს უშიშროების საბჭოს შესაბამის რეზოლუციებს.
ევროპულმა კომისიამ საქართველოს შესახებ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის თაობაზე 2024 წლის 30 ოქტომბერს გამოქვეყნებულ კომუნიკეში, რომელიც განკუთვნილი იყო ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოსთვის, დადებითად შეაფასა ტერორიზმთან ბრძოლის სფეროში საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები. დოკუმენტის თანახმად, საქართველოს ანტიტერორისტული კანონმდებლობა შეესაბამება ევროკავშირის სამართლებრივ ჩარჩოს და შესაბამის საერთაშორისო სამართალს, მათ შორის, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს.
“ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის” ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, საქართველო ტერორიზმის გავლენისგან თავისუფალ ქვეყნებს განეკუთვნება.
“ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის” მიერ გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში “გლობალური ტერორიზმის ინდექსი”, ტერორიზმის გავლენის კრიტერიუმებით შეფასებისას საქართველომ წელსაც ერთ-ერთი საუკეთესო პოზიცია დაიკავა, რაც 2024 წელს საქართველოში ტერორისტული ინციდენტებისა და ტერორიზმის, როგორც საფრთხის გავლენის, არარსებობას გულისხმობს.
სამსახურის მიერ გატარებული კონტრტერორისტული ღონისძიებებისა და ძალისხმევის შედეგად, საქართველოში რადიკალური/ექსტრემისტული კერები და ტერორისტული თავდასხმები არ დაფიქსირებულა,” – აღნიშნულია გავრცელებულ იფორმაციაში.

გამოვლინდა უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების მხრიდან საქართველოს მოქალაქეებთან კონტაქტის დამყარების, მათთვის საყურადღებო თემებზე გამოკითხვისა და გადაბირების მცდელობები – სავარაუდოდ, მსგავსი კონტაქტებისას, ასევე, სპეციალური სამსახურების წარმომადგენლები მათთვის სასურველი ინფორმაციის მოსაპოვებლად გარკვეულ ტექნიკურ ღონისძიებებს ატარებდნენ,- ამის შესახებ სუს-ის 2024 წლის ანგარიშშია აღნიშნული.
ამასთან, როგორც ანგარიშშია აღნიშნული, „დაფიქსირდა ცალკეული მასმედიის წარმომადგენლის კავშირი უცხო ქვეყნების ოფიციალურ პირებთან და სავარაუდოდ, სპეციალური სამსახურების წარმომადგენლებთან, რომლებისგანაც დაფინანსებას და მითითებებს იღებდნენ, ასევე აწვდიდნენ ინფორმაციას დაინტერესების საკითხებზე“.
„საანგარიშო პერიოდში, გამოვლინდა უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების მხრიდან საქართველოში ვიზიტად მყოფი პირების გამოყენების მცდელობები. დაფიქსირდა უცხო ქვეყნების მოქალაქეთა მხრიდან საქართველოს ტერიტორიაზე საეჭვო საქმიანობის განხორციელების ფაქტები, რაც გამოიხატა GPS კოორდინატების დადგენაში, დრონებით ფოტო და ვიდეოგადაღებებში. აღნიშნული კატეგორიის ზოგიერთი პირის მიმართ გატარდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, მათ შორის ამოქმედდა სასაზღვრო კონტროლის მექანიზმი“,- ნათქვამია ანგარიშში.

მსგავსი პოსტები

Back to top button