მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ქვიშის ქარი ანაკლიაში – ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ

ქვიშიანი ქარიშხლის გამო, ანაკლიაში, მტვერი მოსახლეობის სახლებში აღწევს.

როგორც რადიო თბილისს ადგილობრივები უყვებიან, პორტის ტერიტორიაზე, სადაც სამშენებლო სამუშაოები გაჩერდა, 2018 წელს ზღვის ფსკერიდან ამოტუმბული 5 მილიონი კუბური მეტრის ქვიშაა დაყრილი, ტერიტორია დასახლებულ პუნქტს ესაზღვრება, ქვიშის გამომშრალი მასა კი ქარს დააქვს.

“სუნთქვა გვიჭირს. “გავსკოჩეთ” კარებიც, მაგრამ არაფერი არ შველის, ყველაფერი დამტვერილია ავეჯი, აუტანელი ცხოვრება გვაქვს“, – ამბობს ანაკლიელი ლალი შელია რადიო თბილისთან საუბარში.

მოსახლეობის თქმით, 2018 წელს პრობლემაზე ანაკლიელები ხმამაღლა არ საუბრობდნენ, რადგან არ უნდოდათ პორტის მშენებლობის პროცესში რაიმე საზიანო განცხადებები გაეკეთებინათ, თანაც იმედი ჰქონდათ, რომ პრობლემა მალე მოგვარდებოდა. მას შემდეგ კი, რაც მშენებლობა შეჩერდა, ამაზე საუბარი აქტიურად დაიწყეს.

ამბობენ, რომ ყოველი ასეთი ქარის დროს საკურორტო ზონაში ცხოვრება უკვე აუტანელი გახდა.

პრობლემას „ანაკლიის ეკოლოგიურ კატასტროფას“ უწოდებს სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი დათა შელია. ის ამბობს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ამ პრობლემაზე საუბრისას მასთან მხოლოდ თანაგრძნობით შემოიფარგლება. ის სიტუაციიდან გამოსავალს ქვიშის მიწით დაფარვაში ხედავს.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“, რომელსაც პორტი უნდა აეშენებინა, მთავრობამ ხელშეკრულება 9 იანვარს შეუწყვიტა. გაურკვეველია ამ დრომდე, თუ რომელი რომელი კომპანია გააგრძელებს მის მშენებლობას.

ცნობისთვის, პორტის საზღვაო სამუშაოები 2018 წლის 16 სექტემბერს დაიწყო. პორტის პირველი ფაზის გახსნა და გემების მიღება 2020 წლის ბოლოდან იყო დაგეგმილი.

სინოპტიკოსების ცნობით, ქარიშხალი კოლხეთის დაბლობზე 11 ოქტომბრამდეა მოსალოდნელი.

მსგავსი პოსტები

Back to top button