რეგიონი

რა ბედი ელის სტიქიით დაზარალებულ კერძო სახლებს თელავში

თელავში, ქარისგან გადახდილი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების დახურვა, უახლოეს დღეებში დაიწყება.
დაზიანებული სახურავების აღდგენას ცენტრალური ბიუჯეტი დააფინანსებს.

რა ბედი ეწევა ათეულობით კერძო სახლს, რომლებიც ქარმა სხვადასხვა სოფლებში დააზიანა, მერიაში განმარტებას არ აკეთებენ თვითმმართველობაში არ აზუსტებენ სტიქიით მიყენებული ზარალის ოდენობასაც.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში, მხოლოდ ის თქვეს, რომ პირველ ეტაპზე, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების გადახურვა განხორციელდება.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, ქარისგან მიყენებული ზიანი თითქმის ორი მილიონია და მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების გარდა, კერძო სახლების გადახურვები დაზიანებულია სოფელ რუისპირში, კურდღელაურში, ვარდისუბანში, კონდოლსა და წინანდალში.
სოფლებში ამბობენ, რომ მათთან მხოლოდ ზარალის დამთვლელი კომისია მივიდა და მას შემდეგ, აღარავინ გამოჩენილა.

” რაღაც ჯგუფი მოვიდა, ზარალს ითვლიდნენ. მას შემდეგ, აღარავინ გამოჩენილა. ტენტებიც კი არ გვაქვს, რომ დავაფაროთ. წვიმები იწყება, სულ წაგვლეკავს”– ამბობენ სოფელ რუისპირში.
თელავის საკრებულოს დეპუტატი, სოფელ კურდღელაურის მაჟორიტარი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან, გიგი გიგიტელაშვილი ამბობს, რომ დაზიანებული სახურავები სასწრაფოდ შესაკეთებელია.

” რამდენიმე ოჯახში უკიდურესად რთული ვითარებაა. არიან ისეთებიც, რომლებსაც დიდი ზიანი არ ჰქონდათ და თავადვე შეაკეთეს, მაგრამ ვისაც ამ რთულ სოციალურ- ეკონომიკურ ვითარებაში, შესაძლებლობა არ აქვს, რამდენ ხანს შეძლებს სახურავგადახდილი ცხოვრებას? უკვე წვიმები დაიწყო და ეს ხალხი თავად გასცემს პასუხს ყველას. დახმარება საჭიროა, როგორც მრავალბინიანი საცხოვრებლის, ისე კერძო სახლისთვის, რატომაა ასეთი დისკრიმინაციული მიდგომა, არ მესმის”– ამბობს გიგიტელაშვილი.
ადგილობრივ თვითმმართველობას კერძო სახლების გადახურვის პრაქტიკა, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით და სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფით, გასულ წლებში მოსული სტიქიების დროს, უკვე აქვს.

გამოყენებს თუ არა, მერია საკუთარ უებამოსილებას, ჯერჯერობით, ცნობილი არ არის.
ძლიერი ქარი კახეთში, 28 მარტს ქროდა. სტიქიის შედეგად, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, წაიქცა მრავალწლოვანი ხეები, დაწყდა ელექტროგადამცემი ხაზები და შეწყდა ინტერნეტის მიწოდება.

ქარმა გურჯაანის, ლაგოდეხის, ახმეტის, საგარეჯოს, ყვარლის და ყველაზე მეტად, თელავის მუნიციპალიტეტები დააზარალა.

მსგავსი პოსტები

Back to top button