რა და როგორ გაყიდა აჭარის მთავრობამ ავტონომიის ქონებიდან
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ მიყიდვის ფორმით, მათ შორის სიმბოლურ ფასად (1 ლარად), პირობიანი და უპირობო აუქციონით გასხვისებული ქონების მესაკუთრეები, პრივატიზაციის საფასური და ინვესტიციების მოცულობა შეისწავლა.
პროცესის გამჭვირვალობის ხარისხის გასაზრდელად, “საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო” მოუწოდებს, ავტონომიური რესპუბლიკის ქონების განსაკარგად პირობიანი აუქციონის გამოცხადებისას, მეტი საგარანტიო პირობები განსაზღვროს.
“2019 წელს, წინა წლებთან შედარებით, მნიშვნელოვნად შემცირდა ავტონომიური რესპუბლიკის ქონების პირდაპირი მიყიდვის შემთხვევები. გასულ წელს ამ ფორმით სულ 3 ობიექტი გასხვისდა (2018 წელს 16 ობიექტი გაიყიდა, 2017-ში კი, – 17). საპრივატიზებო საფასურის ჯამური მოცულობა 7 660 265 ლარია, ხოლო განსახორციელებელი ინვესტიციის ოდენობა – 255 000 000 ლარი; პირდაპირი მიყიდვის ფორმით ყველაზე დიდი ფართობის მიწის ნაკვეთები (180 ჰექტარი) შპს „გრინ რეზორტმა” ქობულეთში შეიძინა. ცენტრალური და ავტონომიური მთავრობა აცხადებდა, რომ ახალი მულტიფუნქციური კომპლექსის – მწვანე ქალაქის ასაშენებლად კომპანია 500 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებდა, თუმცა, ხელშეკრულებაში მითითებული თანხა 250 000 000 ლარია;
“აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ კვლავ არ გადახედა ხელშეკრულებას TFC Gorgia-სთან, რომელიც ქობულეთში ციტრუსის დასახარისხებელი საწარმოს ამუშავებასთან და 3 500 000 ლარის ინვესტიციის განხორციელებასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს წლების განმავლობაში არ ასრულებდა. ამაზე “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” რეკომენდაციას სთავაზობდა. შედეგად, კომპანიის მიერ სიმბოლურ ფასად – 1 ლარად მიღებული ქონება (23 344 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი და 6 შენობა) 2019 წელს კომპანიის იპოთეკარის, სს ბანკი “ქართუს” საკუთრება გახდა;
“ბათუმის და ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატების, ფატი ხალვაშისა და კობა ნაკაიძის ა(ა)იპ თანალმობამ 2016 წელს აჭარის მთავრობისგან უზურფუქტით მიიღო უძრავი ქონება ქობულეთში შეზღუდული შესაძლებლობის პირთათვის დღის ცენტრის გასახსნელად, თუმცა მაჟორიტარებმა 2019 წელსაც ვერ გახსნეს ცენტრი და აჭარის მთავრობას ვალდებულებების გადავადების შუამდგომლობით კიდევ ერთხელ მიმართეს.” – ნათქვამია კვლევაში.
ორგანიზაცია აჭარის მთავრობას ყველა ინვესტორისთვის თანაბარი პირობების შექმნისკენ მოუწოდებს.