მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

რა დახმარებას სთავაზობს UNICEF-ი მთავრობას

გაეროს ბავშვთა ფონდი საქართველოს მთავრობას დახმარებას სთავაზობს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მზად არიან დიდი ზომის ინსტიტუციებიდან ბავშვები ოჯახურ და თემზე დაფუძნებულ მზრუნველობაში გადაიყვანოს.

“საჭიროა დიდი ზომის ბავშვთა სახლებში მყოფი ბავშვების შეფასება, რის საფუძველზევ უნდა მოხდეს ბავშვების ოჯახურ და სათემო ზრუნვაში გადაყვანა და ამ პროცესში პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს ბავშვების საკუთარ ოჯახებში დაბრუნებას. აღნიშნულ პროცესში მხოლოდ ბავშვებთან მუშაობისა და კომუნიკაციის სათანადო ცოდნითა და უნარებით აღჭურვილი სპეციალისტები უნდა მონაწილეობდნენ.

ბავშვების მიმართ ნებისმიერი სახის ფიზიკურ თუ სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიება სწრაფად და ბავშვზე მორგებული პროცედურების დაცვით უნდა ჩატარდეს. შესაბამის საგამოძიებო პროცედურებში ჩართული ბავშვები დაცული უნდა იყვნენ: მათი ტრავმირება და ვიქტიმიზაცია ყველანაირად უნდა იქნას თავიდან არიდებული. აღნიშნულ პროცესში მათ უნდა მიეწოდოთ იურიდიული დახმარება და სრულად მიენიჭოთ ყველა სხვა საჭირო გარანტია.

ამასობაში სოციალური მუშაკები და სახელმწიფო მონიტორინგის განმახორციელებელი შესაბამისი უწყებების სპეციალისტები რეგულარულ ვიზიტებს უნდა ახორციელებდნენ ყველა ინსტიტუციაში რათა უზრუნველყონ ბავშვთა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის პროფესიული შეფასება.

ინსტიტუციებში მოთავსებულ ბავშვებს უნდა ჰქონდეთ წვდომა შეტყობინების მექანიზმზე, რათა განაცხადონ ძალადობის ან უდიერი მოპყრობის შესახებ.

ინსტიტუციებში მოთავსებული ბავშვებისთვის უნდა შემუშავდეს ინდივიდუალური გეგმები, რათა განისაზღვროს შესაბამისი ალტერნატიული ზრუნვის ფორმა და საჭირო პროფესიული მხარდაჭერა. საჭიროა გაძლიერდეს თავად ალტერნატიული ზრუნვის და ოჯახის მხარდაჭერის მომსახურებები, რათა ინსტიტუციის დატოვების შემდეგ ბავშვებს, მათ ოჯახებსა და მათთან მომუშავე პროფესიონალებს ჰქონდეთ შესაბამისი მხარდაჭერა.
შესაბამისი მონაწილეები დეინსტიტუციონალიზაციის ყველა ეტაპზე პატივს უნდა სცემდნენ ბავშვებისა და მათი ოჯახების პირადი სივრცის უფლებას.

გაეროს ბავშვთა ფონდი გამოხატავს მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს დეინსტიტუციონალიზაციისა და ოჯახის მხარდაჭერის მომსახურებების შესახებ კონსტრუქციულ დიალოგს. ნებისმიერი სახის მხარდაჭერა უფრო მეტად უნდა იყოს მიმართული ოჯახების გაძლიერებისკენ და ბავშვების ოჯახებში შენარჩუნებისაკენ, ვიდრე დიდი ზომის ბავშვთა ინსტიტუციების დაფინანსებისკენ.

გრძელვადიან პერსპექტივაში იუნისეფი მხარს დაუჭერს ბავშვების ინსტიტუციონალიზაციის მიზეზების კვლევას და დაეხმარება დეინსტიტუციონალიზაციის სამოქმედო გეგმის შემუშავებას და განხორციელებას და ხელს შეუწყობს ოჯახის მხარდამჭერი მომსახურებების გაძლიერებას”. – აცხადებს გაეროს ბავშვთა ფონდი.

შეგახსენბთ ბოლო ცნობით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატიდან უკანასკნელ დღეებში 20 მოზარდია გამოყვანილი. მათ შორის, შვიდი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი. მოზარდების პანსიონატიდან გაყვანის პროცესი ზრუნვის სააგენტომ 4 ივნისს დაიწყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button