მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

რა გამოხატულება აქვს ბავშვებში კორონავირუსის ინდურ შტამს

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევებმა ბავშვებშიც მოიმატა. სპეციალისტების ცნობით, საწოლფონდის დიდი ნაწილი შევსებულია. მათი თქმით, ბავშვებისა და ოჯახის წევრების დაცვის ერთადერთი გზა ვაქცინაციაა.

როგორც „ამტელ ჰოსპიტალის“ პედიატრი ქეთინო აზნაურაშვილი ამბობს, ბავშვებში ინდური შტამი საკმაოდ გართულებული ფორმით მიმდინარეობს.

„საკმაოდ მძიმე შემთხვევები გვაქვს. არის გართულებები ფილტვების ანთების მხრივ, გვაქვს ფილტვის დაზიანებები. ჩვილ ბავშვებში ინდური შტამი შემდეგნაირად მიმდინარეობს: ბავშვებს ეძინებათ, უარს ამბობენ საკვებისა და სითხის მიღებაზე, აქვთ ზოგადი, საერთო სისუსტე“ – აცხადებს ქეთინო აზნაურაშვილი.

ციციშვილის კლინიკის დირექტორი, დავით რეხვიაშვილი ამბობს, რომ რამდენიმე ბავშვის მდგომარეობა სიცოცხლისთვის საშიშია.

„ჩვენთან, სამ ბავშვს აქვს მძიმე მიმდინარეობა. მათი მდგომარეობა უცვლელი, მძიმეა. მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ მათი სიცოცხლეები გადავარჩინოთ. რაც შეეხება საერთო მდგომარეობას ბავშვებში; არაა რთული. ამ კონკრეტულ ვირუსს, შტამს ის განასხვავებს, რომ უფრო მეტად გამოხატულია სიმპტომები და კიდევ უფრო ამჩნევენ, რომ ბავშვს ეს დაავადება აქვს“, – ამბობს დავით რეხვიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 384 387 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 362 957, გარდაიცვალა 5 516 პაციენტი.

მსგავსი პოსტები

Back to top button