რა იცვლება შსს-ს გაყოფით
პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების თაობაზე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც 1 აგვისტოდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფორმირებას ითვალისწინებს.
2004 წლიდან ერთ უწყებაში გაერთიანებული შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების განცალკევების პირობა მმართველმა კოალიციამ ქართულმა ოცნებამ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ დადო და რეფორმაზე მუშაობა 2014 წლის დეკემბრიდან დაიწყო.
მთავრობის მიერ შემოთავაზებული ცვლილებების მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ძირითადად, საპოლიციო ფუნქციები დარჩება, ხოლო ახალი სამსახურის მანდატი უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხებით შემოიფარგლება.
უსაფრთხოების სამსახური მთავრობას დაქვემდებარებული და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული უწყება იქნება. ის საგამოძიებო, პრევენციული და ანალიტიკური უფლებამოსილებებით აღიჭურვება; მასვე გადაეცემა ფარული მოსმენების განხორციელების უფლება.
სტრუქტურულ გამიჯვნასთან ერთად, ასევე დაგეგმილია შსს-ს ბიუჯეტის გაყოფაც. 2015 წლის ბიუჯეტში ინიცირებული ცვლილებების თანახმად, რომელსაც პარლამენტი ამჟამად განიხილავს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 1 აგვისტოდან 36 მლნ ლარით დაფინანსდება, ხოლო მისი მომუშავეთა რიცხოვნობა 3 850 საშტატო ერთეულით განისაზღვრება. შინაგან საქმეთა სამინისტროს წლიური დაფინანსება კი ხარჯების შეკვეცის შედეგად 591.65 მლნ ლარამდე შემცირდება არსებული 638.7 მლნ ლარიდან, საბიუჯეტო ცვლილებების წარმოდგენილი ფორმით მიღების შემთხვევაში.
უსაფრთხოების სამსახურის შესახებ მიღებული კანონპროექტი, პრეზიდენტის მიერ ხელმოწერის და მისი გამოქვეყნებისთანავე ითვალისწინებს პროცედურების დაწყებას სამსახურის უფროსის ასარჩევად. კერძოდ, პრემიერ-მინისტრმა კანონის ამოქმედებიდან მაქსიმუმ 5 დღეში უნდა შესთავაზოს თავისი კანდიდატურა მთავრობას, რომელმაც მოწონების შემთხვევაში ასევე არაუგვიანეს 5 დღეში უნდა წარუდგინოს ის პარლამენტს; დეპუტატები 2 კვირის ვადაში განიხილავენ და უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 6 წლის ვადით თანამდებობაზე გამწესების შესახებ გადაწყვეტილებას 76 ხმით, ფარული კენჭისყრით მიიღებენ.
თუ ეს პროცედურა სამსახურის უფროსის დანიშვნით არ დასრულდა, მაშინ პრემიერ-მინისტრი ნიშნავს უფროსის დროებით მოვალეობის შემსრულებელს და მის მოადგილეებს, რომელთაც უფლებამოსილება პარლამენტის მიერ სამსახურის უფროსის არჩევისთანავე შეუწყდებათ.
მესამე მოსმენისთვის იმ კრიტერიუმებს, რომელსაც უმაღლესი განათლების მქონე სამსახურის უფროსის კანდიდატურა უნდა აკმაყოფილებდეს 35-წლიან ასაკობრივ ცენზთან, ორმაგი მოქალაქეობის არ ქონასთან და არაპარტიულობასთან ერთად, ასევე დაემატა დებულება, რომ მას სამართალდამცავ ორგანოებში მუშაობის სულ ცოტა 2-წლიანი გამოცდილება უნდა ჰქონდეს და ასევე, უნდა ფლობდეს სახელმწიფო ენას.
ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ ვის წარდგენას აპირებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უსაფრთხოების ახალი სამსახურის პირველი ხელმძღვანელის პოსტზე.