მნიშვნელოვანისიახლეები

9 აპრილის ტრაგედიიდან 34 წელი გავიდა

9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაეწერა ტრაგედიის და, ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ.
დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

34 წლის წინ დაღუპული გმირები არიან:

აზა ადამია – 22 წლის;

ნათია ბაშალეიშვილი – 16 წლის;

ეკა ბეჟანიშვილი – 15 წლის;

ნატო გიორგაძე – 23 წლის;

თამუნა დოლიძე – 28 წლის;

თინა ენუქიძე – 70 წლის;

ნინო თოიძე – 22 წლის;

ზაირა კიკვიძე – 61 წლის;

მანანა ლოლაძე – 34 წლის;

თამარ მამულაშვილი – 50 წლის;

ვენერა მეტრეველი – 45 წლის;

მამუკა ნოზაძე – 21 წლის;

ნანა სამარგულიანი – 41 წლის;

შალვა ქვასროლიაშვილი – 35 წლის;

მარინა ჭყონია-სამარგულიანი – 31 წლის;

ელისო ჭიპაშვილი – 25 წლის;

თამარ ჭოველიძე – 16 წლის;

ნოდარ ჯანგირაშვილი – 40 წლის;

მზია ჯინჭარაძე – 43 წლის;

მანანა მელქაძე – 26 წლის

გია ქარსელაძე – 25 წლის.

9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ტრაგედიის და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ ითვლება.

1991 წლის 9 აპრილს უზენაესი საბჭოს საგანგებო სხდომამ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი, რომელსაც ხელი მოაწერეს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოსა და მთავრობის წევრებმა.

საგანგებო სესიაზე, ზვიად გამსახურდიამ საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

ეს თარიღი საქართველოს უახლეს ისტორიაში ტრაგედიით და მსხვერპლით დაწყებული თავისუფლების სიმბოლოდ იქცა. ყველაფერი კი ასე დაიწყო:

9 აპრილის წინაპირობა

1989 წლის მარტში, ახლა უკვე ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ ლიხნში ანტიქართულად განწყობილმა აფხაზებმა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის სახელზე შეადგინეს პეტიცია, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საქართველოს შემადგენლობიდან გასვლას და რუსეთთან მიერთებას ითვალისწინებდა. აღნიშნულმა ფაქტმა რეგიონში მცხოვრები ქართველების და ქვეყნის სხვა მოქალაქეების შეშფოთება გამოიწვია.

მოგვიანებით, 3 აპრილს საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერმა მერაბ კოსტავამ მხარდამჭერებთან ერთად სოხუმის ცენტრში მიტინგი გამართა, რის შემდეგაც ლიდერები თბილისში მასშტაბური აქციების გამართვაზე შეთანხმდნენ.

4 აპრილს ჯერ კიდევ საბჭოური საქართველოს დედაქალაქში აფხაზეთში მცხოვრები ქართველების სოლიდარობის აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდებოდა. მოქალაქეები რუსეთის ანტიქართულ პოლიტიკასა და სეპარატიზმის გაღვივებას შიმშილით აპროტესტებდნენ.

აფხაზეთის კომუნისტური პარტიის თავმჯდომარის ბორის ადლეიბას გადაყენებით სიტუაცია არ შეცვლილა. პრობლემას უკვე რუსეთის დაქვემდებარებაში ყოფნა წარმოადგენდა. თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას მოწყურებული საზოგადოება აქციებს არ წყვეტდა და რუსთაველის გამზირზე, მთავრობის სახლთან [ამჟამინდელი პარლამენტი] ასობით ადამიანი იკრიბებოდა.

მსხვერპლის ფასად მოპოვებული თავისუფლება – 9 აპრილის ღამე

7 აპრილს საქართველოს კომპარტიის პირველმა მდივანმა ჯუმბერ პატიაშვილმა მოსკოვში, საბჭოთა ხელმძღვანელობას წესრიგის აღსადგენად დამხმარე ძალების გამოგზავნის თხოვნით მიმართა. რამდენიმე საათში პერმიდან და ვორონეჟიდან თბილისში საგანგებო დანიშნულების რაზმები შემოვიდნენ. შემდეგ დადგა 9 აპრილი – დილის 11:00 საათზე დედაქალაქში ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა. ინფორმაცია კომენდანტის საათის გამოცხადების შესახებ მოსახლეობამ რამდენიმესაათიანი დაგვიანებით მიიღო.რუსული ჯარი საქართველოს დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე, ცრემლმდენი გაზი, ნიჩბები, მომწამვლელი ქიმიური საშუალებები, ტანკები და ცეცხლსასროლი იარაღი – ასე დაიწყო საქართველოს მოქალაქეების სადამსჯელო ოპერაცია, რომელსაც მთავარი ჯალათი, საბჭოთა არმიის გენერალი იგორ როდიონოვი ხელმძღვანელობდა. 9 აპრილს, გამთენიისას რუსულმა არმიამ რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მშვიდობიანი დემონსტრანტების დაშლა დაიწყო. ამ ღამეს ასობით ადამიანი დაშავდა და მოიწამლა.სადამსჯელო ოპერაციას 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, რომელთა უმეტესობა ახალგაზრდები იყვნენ, მათ შორის კი, სამი 16 წლის მოზარდიც იყო.

9 აპრილი, როგორც დამოუკიდებლობის აღდგენა

დედაქალაქში წითელი არმიის შემოსვლისა და სისხლიანი დარბევის შემდეგ, 1991 წლის 31 მარტს, დამოუკიდებელი საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ, ქვეყნის მასშტაბით რეფერენდუმი ჩაატარა. რეფერენდუმის ერთადერთი კითხვა იყო, თანახმა იყო თუ არა მოსახლეობა აღდგენილიყო საქართველოს სახელმწიფოებრიობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის დეკლარაციის შესაბამისად? ხსენებულ რეფერენდუმში მონაწილეობა ამომრჩევლების 90%-მა მიიღო. ამომრჩეველთა 98% ხმა დამოუკიდებლობას მისცა. მოკლული 21 მშვიდობიანი მოქალაქის პატივსაცემად ზვიად გამსახურდიამ 1991 წლის 9 აპრილს ერთიანი საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

“სიმბოლურია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადება 9 აპრილს, ვინაიდან ამ დღეს გადაწყდა საქართველოს ბედი. 9 აპრილის წამებულთა სულები დაგვცქერიან ჩვენ და ხარობენ ზეციურ ნათელში, რამეთუ აღსრულდა ნება მათი, აღსრულდა ნება ქართველი ერისა. გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს”, – ამბობდა გამსახურდია დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადების დროს.

მსგავსი პოსტები

Back to top button