მარკო რუბიომ ,,ოცნებას,,- „ანტიამერიკული რეჟიმი“ უწოდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, საქართველოსთან დაკავშირებით პირველი საჯარო განცხადება გააკეთა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ტრამპის მეორე ვადით არჩევისა და ახალი ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ პირველ განცხადებას აკეთებს საქართველოსთან დაკავშირებით და „ანტიამერიკულ მთავრობაზე“ საუბრობს.
ახლახან, – 2025 წლის 21 მაისს, თბილისის დროით 18:45 საათზე, – აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატის, წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წინაშე გამოდიოდა, როდესაც მას საქართველოსთან დაკავშირებით ჰკითხეს. მარკო რუბიოს კითხვა „მეგობარი აქტის“ თანაავტორმა, კონგრესმენმა ჯო უილსონმა დაუსვა.
დღეს არანაირი განცხადება არ მაქვს, კონკრეტულად რის გაკეთებას ვგეგმავთ, მაგრამ საკითხი განიხილება, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას, კონგრესმენ ჯო უილსონის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ჯო უილსონი დაინტერესდა, რის გაკეთებას აპირებს სახელმწიფო დეპარტამენტი „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებით.
„მადლიერი ვარ ტრამპის ადმინისტრაციის მტკიცე პოზიციისთვის საქართველოში ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ რეჟიმის მიმართ. მათ გააყალბეს არჩევნები საქართველოში 26 ოქტომბერს. მათ კრიმინალიზაცია მოახდინეს ამერიკასთან ასოცირების შესახებ. მათ გააძევეს ამერიკული კომპანიები, დაბლოკეს ვაჭრობა და წიაღისეულის ხელმისაწვდომობა შუა დერეფანში, მიჰყიდეს საქართველო ჩინეთის კომუნისტურ პარტიას. მათ არაერთხელ შეურაცხყვეს პრეზიდენტი ტრამპი და ამერიკის ხელმძღვანელობა. ამის გათვალისწინებით, ძალიან მადლიერი ვარ, რომ რონდელის ფონდთან ერთად, გამოქვეყნდა ანგარიში, რომელიც მიუთითებს კონტროლზე ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ საქართველოში და მსურს, ეს წარმოვადგინო ჩანაწერისთვის. გარდა ამისა, 200 დღის განმავლობაში, თავისუფლების მოყვარული ქართველები გმირულად გამოდიან ქუჩაში, ეხვევიან ამერიკულ დროშებში და ატარებენ პრეზიდენტ ტრამპის პოსტერებს. თქვენი ხელმძღვანელობით, რა გაკეთდება იმისთვის, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს ხალხის სახელით რეალური ფასი დააკისროს ანტიამერიკულ „ქართულ ოცნებას“?“, – მიმართა ჯო უილსონმა რუბიოს.
მარკო რუბიომ პასუხად აღნიშნა, რომ აშშ-ის მიზანია ეროვნული ინტერესები.
„როგორც ნებისმიერი სხვა საკითხი, დავუბრუნდები იმას, რაც ვთქვი ჩემს შესავალ განცხადებაში, შეერთებული შტატების მიზანია ჩვენი ეროვნული ინტერესები. ამიტომ ჩვენ შევხედავთ ამას და ვიტყვით, არის თუ არა ჩვენი ეროვნული ინტერესი ანტიამერიკული მთავრობის არსებობა მსოფლიოს მნიშვნელოვან ნაწილში და თუ არა, მივიღებთ შესაბამის ზომებს, რათა ამ მთავრობამ ფასი გადაიხადოს. ეს საკითხი ამჟამად განხილვის პროცესშია, ჩვენ ვეძებთ ვარიანტებს და დამატებით შესაძლებლობებს. დღეს არანაირი განცხადება არ მაქვს კონკრეტულად იმის შესახებ, რის გაკეთებას ვგეგმავთ, მაგრამ შემიძლია, გითხრათ, რომ ეს არის საკითხი, რომელიც განიხილება და კიდევ ერთხელ ვიტყვი, ეს შესანიშნავი მაგალითია იმის, თუ რატომ მივმართავთ ჩვენს რეგიონულ ბიუროებსა და ჩვენს ადგილობრივ ოფისებს, რომ მოგვცენ რეკომენდაციები იმის შესახებ, თუ რა ზომები იქნება ყველაზე ეფექტური, რომელზეც მთავრობა, ანტიამერიკული მთავრობა ყველაზე მეტად რეაგირებს“, – განაცხადა მარკო რუბიომ.
კობახიძის წერილი კვლავ უპასუხოდ რჩება
„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ 13 მაისს ღია წერილით მიმართა აშშ-ის პრეზიდენტსა და ვიცეპრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და ჯეი დი ვენსს.
კობახიძის თანახმად, ტრამპის ადმინისტრაციას არ უპასუხია მის მიერ რამდენიმე კვირით ადრე ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებით მიწერილ წერილზე, რომელშიც „გამოხატული იყო მზაობა ურთიერთობების სუფთა ფურცლიდან დაწყებაზე“.
საჯარო წერილიც უპასუხოდ დარჩა.
კობახიძემ დღეს დილას, 21 მაისს თქვა, რომ წერილზე „არ უპასუხიათ, თუმცა დუმილიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პასუხია“.
მან კიდევ ერთხელ უწოდა „მტრული აქტი“ წარმომადგენელთა პალატის მიერ „მეგობარი აქტის“ მიღებას.
კობახიძემ 7 მაისს განაცხადა, რომ პალატის მიერ „მეგობარი აქტის“ მიღება „ამ კონკრეტულ შემთხვევაში“ იყო „დიპ სტეიტის“ გამარჯვება დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაზე, თუმცა „ბრძოლა გრძელდება“.
„მეგობარი აქტი“
6 მაისს აშშ-ის კონგრესის ქვედა, წარმომადგენელთა პალატამ კენჭი უყარა და ორპარტიული მხარდაჭერით მიიღო „მეგობარი აქტი“ (MEGOBARI Act).
კანონის მისაღებად 218 ხმა იყო საკმარისი, თუმცა დოკუმენტს მხარი 349-მა კონგრესმენმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 42. ეს 80%-იანი მხარდაჭერაა.
წარმომადგენელთა პალატის შემდეგ, ჯერი კონგრესის ზედა პალატაზე, სენატზეა – სანამ კანონპროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტ დონალდ ტრამპამდე მიაღწევს, სენატმაც უნდა დაამტკიცოს.
სანქციების დაწესების საფუძვლად „მეგობარი აქტში“ მითითებულია:
კავშირი კორუფციის მნიშვნელოვან შემთხვევებთან;
ძალადობასთან ან დაშინებასთან – ევროატლანტიკური ინტეგრაციის ბლოკირების მიზნით;
პირდაპირი თუ ირიბი მონაწილეობა მშვიდობის, უსაფრთხოების, სტაბილურობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ძირის გამოთხრაში.
„აშშ-მა ნათლად დააფიქსირა ის ნაბიჯები, რომელთა გადადგმაც საქართველოს მთავრობას შეუძლია, რათა აჩვენოს, რომ სერიოზულად არის განწყობილი აშშ-თან ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის“, – ასეთი იყო ამ დრომდე სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიცია საქართველოსთან დაკავშირებით.
შტატებისგან დაწესებული სანქციები
შეერთებულ შტატებმა წინა ადმინისტრაციის პირობებში სანქციები დაუწესა „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულ პირებსა და, ბოლოს, მილიარდერ ექსპერმიერს, პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს.
შეერთებულ შტატებს სანქცირებული ჰყავს:
2023 წლის აპრილიდან – „სასამართლო კლანის“ წევრებად მიჩნეული მოსამართლეები მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე. მათ სავიზო სანქციები შეეხოთ;
2023 წლის სექტემბრიდან – ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე საქართველოში „რუსეთის მანკიერი ზეგავლენის“ გამო, FSB-სთან კავშირების მითითებით;
2024 წლის ივნისიდან, „აგენტების კანონის“ მიღებიდან ორ კვირაში – აშშ-მა სავიზო აკრძალვები დაუწესა „20-დან 30-მდე პირს“ – მათი ვინაობა უცნობია.
2024 წლის 16 სექტემბრიდან – 60-ზე მეტი პირი, მათ შორის „ქართული ოცნების“ ცენტრალური და მუნიციპალური ხელისუფლების წარმომადგენლები. სანქცირებულთა ვინაობა ამ შემთხვევაშიც უცნობია.
16 სექტემბრიდანვე – „მაგნიტსკის სიაში“ შეიყვანეს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი (ხარება), მისი ერთ-ერთი მოადგილე მილერი ლაგაზაური, ასევე „ალტ-ინფოს“ ლიდერები კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე;
12 დეკემბრიდან – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო შეზღუდვების მორიგი პაკეტი დაუწესა საქართველოს 20-მდე მოქალაქეს, მათ შორის „ოცნების“ მაღალჩინოსნებს. ეს ეხება „მინისტრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცავ უწყებებს, უსაფრთხოების სამსახურის თანამდებობის პირებსა და კერძო მოქალაქეებს“. ვინაობა ამ შემთხვევაშიც უცნობია.
19 დეკემბრიდან – აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურსა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს, მირზა კეზევაძეს „გლობალური მაგნიტსკის სანქციები“ შეეხოთ.
27 დეკემბრიდან – ბიძინა ივანიშვილს. სანქციები ეხება Credit Suisse-თან მის დავასაც. „ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, „ქართულმა ოცნებამ“ წინ წასწია კრემლის ინტერესები და საქართველო ევროატლანტიკური ტრაექტორიის რელსებიდან გადაიყვანა“, – წერდა სახელმწიფო დეპარტამენტი.