მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ზურაბიშვილის თქმით უკრაინაში ომის შედეგები მთლიანად ევროპის მომავალს გადაწყვეტს

რუსული სისასტიკის ერთი წელი – გასული წლის 24 თებერვალს, ოკუპანტებმა მძინარე კიევი დაბომბეს. სარაკეტო იერიშები დედაქალაქის გარდა სხვა ოლქებზეც მიიტანეს. პარალელურად შეტევა დაიწყეს საოკუპაციო ძალის სახმელეთო შენაერთებმა.

უკრაინამ მთელ მსოფლიოს მაგალითი მისცა პოლარიზაციის დღევანდელ პირობებში, თუ რას ნიშნავს ერთობა და ერთი მიზნის ირგვლივ ხალხის გაერთიანება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში, უკრაინის ომის წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, შემართებამ და ერთიანობამ შედეგი გამოიღო.

“მოგესალმებით, მივესალმები ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, რომლებიც დღეს არიან საქართველოში, დღეს აქ დგანან და არიან ჩამოსული საქართველოში. მივესალმები მთელ მსოფლიოში ყველა ქართველს და უკრაინელს, რომელიც დღეს გამოდის სხვადასხვა დედაქალაქში, რათა აღნიშნოს დღევანდელი დღე. ერთი წელია, რაც რუსეთმა უკრაინის სახელმწიფოს დამოუკიდებლობისა და სუვერენობის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ბრძოლა წამოიწყო. ერთი წელია, რაც უკრაინელი ხალხი ერთობლივად და არნახული შემართებით უძლებს განუწყვეტელ შეტევას, დაბომბვას, დესტრუქციას, ქალაქების, სოფლების, ადამიანების, სამხედრო თუ სამოქალაქო პირების განადგურებას. ერთი წელია, რაც მიმდინარეობს რუსეთის მიერ გაჩაღებული ომი ყველა საერთაშორისო ჰუმანიტარული პრინციპებისა და კონვენციების დარღვევით და უგულებელყოფით. ერთი წელია, უკრაინამ მთელ მსოფლიოს მაგალითი მისცა პოლარიზაციის დღევანდელ პირობებში, თუ რას ნიშნავს ერთობა და ერთი მიზნის ირგვლივ ხალხის გაერთიანება, ამ მიზანს კი უკრაინა ჰქვია.

ამ შემართებამ და ერთიანობამ შედეგიც გამოიღო, რუსეთი მის მიერვე გამოცხადებულ საომარ მიზნებში უკვე დამარცხებულია, ვერც უკრაინის მთავრობა გადააყენა, ვერც ხალხის მოთმინება ამოწურა, ვერც საერთაშორისო მხარდაჭერა შეასუსტა. პირიქით, უკრაინის ხელისუფლებისა და პრეზიდენტის მიმართ ნდობა, მხარდაჭერა დღითიდღე იზრდება – არნახული სოლიდარობა, არნახული დახმარება, არა მხოლოდ სიტყვიერი, არა მხოლოდ ფინანსური, არამედ ყველა შესაძლო რესურსით.

რუსეთისთვის კიდევ უფრო მოულოდნელი აღმოჩნდა დასავლეთის დემოკრატიული სამყაროს არნახული ერთობა, რომელსაც ვერც ენერგოშანტაჟმა, ვერც ბირთვულმა შანტაჟმა და ვერც ეკონომიკურმა კრიზისმა ვერ გადაათქმევინა მხარდაჭერა, ვერ შეაცვლევინა პრინციპული სოლიდარობა. შეიძლება ითქვას, რომ ამ ომმა ერთგვარად ახალი, თავდაჯერებული და ძლიერი ევროპა წარმოშვა, რომელიც აქამდე სტრატეგიულად ვერ ყალიბდებოდა. დღეს მთელმა ევროპამ გააცნობიერა, საიდან მოდის საფრთხე. დღეს უკრაინა იცავს არა მხოლოდ საკუთარ თავისუფლებას, არამედ იცავს ყველას თავისუფალ მომავალს,” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთან, ღონისძიების მონაწილეებს სალომე ზურაბიშვილმა მიმართა, საომარი მოქმედებების დროს უკრაინაში დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივი მიეგოთ.

“დღეს 24 თებერვალია და დამთხვევად ვერ ჩაითვლება, ვერ მივიჩნევ, რომ ხვალ, 25 თებერვალს, საქართველოს ოკუპაციის დღეა, 23 თებერვალს იუნკერების საგმირო ბრძოლის ხსოვნის დღე იყო, 19 თებერვალს კი მარო მაყაშვილის გარდაცვალების დღე. ეს ნამდვილი სიმბოლური პარალელია, რომელიც არ შეიძლება, არ გავიგოთ, როგორც ნიშანი. 1921 წელს მე-11 არმიის წინააღმდეგ ბრძოლა, 1992-1993 წლებში გამოუცხადებელი ომი რუსული საჰაერო და საზღვაო და ძალების წინააღმდეგ, 2008 წლის ომი უკრაინელების დღევანდელ განსაცდელთან გვაერთიანებს და არ გვაშორებს. ახლა მინდა, წუთიერი დუმილით ერთად პატივი მივაგოთ უკრაინელ დაღუპულ სამხედროებსა და მოქალაქეებს, ბუჩაში, ირპენში, მარიუპოლში და ბახმუტში. ჩვენი თანამემამულეები, ვინც უკრაინელების გვერდიგვერდ იბრძოდნენ და იქ დაიღუპნენ, ისინი ქართულ ღირსებასაც და მომავალსაც იცავდნენ,” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ უკრაინაში ომის შედეგები მთლიანად ევროპის მომავალს გადაწყვეტს.

„მინდა, გავიხსენოთ ყველა, ვინც საქართველოსა თუ უკრაინაში იცავდა ჩვენი ქვეყნების დამოუკიდებლობას, თავისუფლებას და მაშინ და დღეს ერთიან ევროპულ მომავალს. არა სადღაც შუაში, არა გაუგებრობაში, არამედ ჩვენ ერთ მხარეს ვდგავართ, უკრაინის მხარეს, სხვა ალტერნატივაც არ არსებობს. ამ ომის შედეგი როგორც ჩვენს, არამედ მთლიანად ევროპის მომავალს გადაწყვეტს. ქართულ ენას ყველაფრის სწორი გამოხატვა შეუძლია, ბრძნული ენაა, ჩვენ გამარჯობას ვიძახით და მშვიდობას და ვიცით, რომ ერთი მეორის გარეშე ვერ იქნება. მჯერა უკრაინელი ხალხის გამარჯვების და გამარჯვებული მშვიდობიანი მომავლის. მათი და ჩვენი – ერთობლივად. გაუმარჯოს უკრაინას, გაუმარჯოს საქართველოს, გაუმარჯოს ჩვენს მეგობრობას და ჩვენს ერთიან მომავალს,” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, თბილისის ანძა უკრაინის დროშის ფერებში განათდა. მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ეს არის სოლიდარობის ნიშანი ომში მყოფი უკრაინის მიმართ.
პარლამენტის თავმჯდომარე იმედს გამოთქვამს, რომ აუცილებლად დადგება უკეთესი დღეები და მოგვეცემა კიევში უკრაინული გამარჯვების აღნიშვნის შესაძლებლობა.

,,უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარეს, მის აღმატებულება რუსლან სტეფანჩუკს.

ძვირფასო რუსლან, ძვირფასო მეგობარო, ერთი წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციის აგრესიამ უკრაინას და უკრაინელ ერს ქაოსი, ნგრევა და ტკივილი მოუტანა. ამავე დროს, ეს იყო უკრაინელების სიმამაცის, გაუტეხლობისა და გმირობის ერთი წელი.

აგრესიიდან ერთი წლის შემდეგ, უკრაინა დგას ისე ერთიანად და მტკიცედ, როგორც არასდროს და მომავალ თაობებს გმირობის გამორჩეულ მაგალითს აჩვენებს.

ამ დროის განმავლობაში, საქართველო უკრაინისადმი სრულ სოლიდარობას გამოხატავდა. ქართული დროშა კიევში, საქართველოს საელჩოში, ომის ყველაზე მძიმე პერიოდშიც კი არ დაშვებულა. მშვიდობის დადგომამდე, საქართველო ათასობით უკრაინელისთვის მეორე სამშობლოდ იქცა.

2022 წლის აპრილში, კიევში ჩვენს შეხვედრას გაორებული ემოციებით ვიხსენებ. ვიყავი ბედნიერი თქვენთან, როგორც ჩემს მეგობართან შეხვედრით. თუმცა, ამავე დროს, ვიყავი დამწუხრებული და შოკირებული რუსეთის აგრესიის ტრაგიკული შედეგებით.

დარწმუნებული ვარ, რომ უკეთესი დღეები აუცილებლად დადგება და გვექნება კიევში უკრაინული გამარჯვების აღნიშვნის შესაძლებლობა.

ძვირფასო კოლეგავ, გიდასტურებთ თქვენდამი ჩემს ღრმა პატივისცემას”, – წერს პაპუაშვილი წერილში.
“რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომიდან ერთი წლისთავზე, უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად, თბილისის ანძა უკრაინის დროშის ფერებში განათდა.

საქართველოს დედაქალაქი კიდევ ერთხელ უცხადებს მხარდაჭერას უკრაინელ ხალხს, უსურვებს მათ მშვიდობასა და ქვეყნის ერთიანობას”, – წერია განცხადებაში.

უკრაინის დროშის ფერებში არის განათებული საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაც.

უკრაინაში ომის წლისთავთან დაკავშირებით სოლიდარობის ნიშნად სახელმწიფოებმა შენობები უკრაინის დროშის ფერებში გაანათეს.

მხარდაჭერის ნიშნად სიმბოლურად ლურჯ და ყვითელ ფერებში განათდა ეიფელის კოშკი საფრანგეთში. უკრაინის დროშის ფერებში გაანათეს ბრიუსელში ევროკომისიის, ევროპარლამენტის და ევროპული საბჭოს შენობები.

დღეს ერთი წელი შესრულდა უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, ერთი წლის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს თითქმის 5 000 სარაკეტო და დაახლოებით 3 500 საავიაციო დარტყმა. ასევე, 1 100-მდე დარტყმა უპილოტო საფრენი აპარატებით.

გაეროს მონაცემებით, რაც სრულ სურათს არ ასახავს, ომის შედეგად დაიღუპა 8 000 მეტი სამოქალაქო პირი. საკუთარი საცხოვრებელი იძულებით დატოვა დაახლოებით 14 000 000-მა ადამიანმა. უკრაინის ქალაქებსა და სოფლებში განადგურებულია ათი ათასობით სახლი, ადმინისტრაციული შენობები, საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებები და კრიტიკული მნიშვნელობის ობიექტები.

მსგავსი პოსტები

Back to top button