რა შეიცვლება ახალი მმართველის დანიშვნის შემდეგ ნინოწმინდის პანსიონში

დღეს ნინოწმინდის პანსიონში მეუფე იაკობს ისევ ელოდებიან. ახალი მმართველის გეგმების შესახებ ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის, ასევ უცნობია დაუშვებს თუ არა მეუფე იაკობი სახალხო დამცველს პანსიონში.
პანსიონში მუშაობას ამ დრომდე განაგრძობენ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.
“სოციალური მიმართულებით მინისტრის მოადგილე მუშაობს და ჯანდაცვის სამინისტრო რა თქმა უნდა, გააგრძელებს საპატრიარქოსთან ამ მიმართულებით მუშაობას. რადგან სპონტანურად ესეთი გადაწყვეტილებების მიღება ვერ მოხდება, ამას სჭირდება მომზადება და შესაფერისის დაგეგმვა იმგვარად, რომ უსაფრთხოდ მოხდეს ბავშვების საუკეთესო ინტერესების დაცვით მათი გადაყვანა სხვა დაწესებულებებში. რა თქმა უნდა, ახალი ხელმძღვანელობის პირობებში ჩვენთვის შესაძლებლობა იმის, რომ მოლაპარაკებები კიდევ უფრო ეფექტურად გაგრძელდეს, იზრდება,“ – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამ.
შეგახსენებთ, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონს ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი უხელმძღვანელებს.
გადაწყვეტილება ნინოწმინდის პანსიონის ხელმძღვანელის შეცვლასთან დაკავშირებით პატრიარქმა ილია მეიორემ მიიღო. პატრიარქის ბრძანებაში აღნიშნულია, რომ მეუფე სპირიდონმა მას პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე მიმართა.
პანსიონატს წლების განმავლობაში მეუფე სპირიდონი ხელმძღვანელობდა.