სხდომის პარალელურად, პარლამენტთან ხვალ, 11:00 საათზე აქცია გაიმართება
10 მარტს, პარლამენტში რიგგარეშე სხდომა ჩაინიშნა

როგორც რუსთაველის გამზირზე საპროტესტო გამოსვლებისას სტუენტებმა თქვეს,პარლამენტთან მორიგი აქცია 11:00 საათზე დაიწყება. რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა აქციის ორგანიზატორებმა აქციის გამართვა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ცნობილი გახდა, რომ ხვალ, 12 საათზე პარლამენტში პლენარული სხდომა დაიგეგმა.
პარლამენტის პრესსამსახურში განაცხადეს რომ 10 მარტს მხოლოდ ერთი საკითხი იქნება დღის წესრიგში – „უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ კანონპროექტის მეორე მოსმენით კენჭისყრაზე „ჩაგდება”.
„ხვალ 11 საათზე აქ იქნებიან პარლამენტარები, ის ხალხი, ვინც მშვიდობიანად უნდა გავისტუმროთ ამ ქვეყნის ხელისუფლებიდან. ხვალ 11 საათზე გელოდებით აქ“, – თქვეს აქციის ორგანიზატორებმა.
რუსთაველის გამზირზე 9 მარტს კვლავ გაიმართა მრავალათასიანი აქცია.
აქციის მონაწილეებს ორი მთავარი მოთხოვნა ჰქონდა: 7-9 მარტს, დემონსტრაციის დაშლისას დაკავებული 133 ადამიანის გათავისუფლება და კანონპროექტის დაუყოვნებლივ ჩაგდება.
აქციის მონაწილეების პირველი მოთხოვნა მალევე დაკმაყოფილდა. რაც შეეხება მეორე მოთხოვნას, „უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ კანონპროექტის მეორე მოსმენით კენჭისყრაზე „ჩაგდებას”, სხდომა 10 მარტს დაიგეგმა.
კანონპროექტი უცხოეთის გავლენის აგენტად დარეგისტრირებას ავალდებულებდა არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიასაშუალებებს, რომელთა დაფინანსების დიდი ნაწილი (მინიმუმ 20%) უცხოეთიდანაა მიღებული.
პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს დაამტკიცა, საქართველოს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების და ოპოზიციის პროტესტის და მოწოდებების მიუხედავად, უარი ეთქვა “რუსულ კანონზე” და ევროპული პერსპექტივის დასამარებაზე.
“ქართული ოცნების” საპარლამენტო უმრავლესობა პროვოკაციულს უწოდებდა განცხადებებს “რუსული კანონის” და ევროპული ინტეგრაციის მიზანმიმართული შეფერხების შესახებ და საკანონმდებლო ცვლილების ერთადერთ მიზნად ასახელებდა გამჭვირვალობას და საზოგადოების ინფორმირებას.
საზოგადოებრივი პროტესტისა და საერთაშორისო კრიტიკის ფონზე, 9 მარტს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ გადაწყვიტა, გაიწვიოს პირველი მოსმენით უკვე მიღებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.
შეგახსენებთ, მანამდე ქართულმა ოცნებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პარლამენტის პლენარული სხდომა, სადაც რუსული კანონპროექტი მეორე მოსმენით გავიდდა, 21 მარტს გაიმართებოდა. ყველა იმ დეპუტატმა, რომელმაც პირველი მოსმენისას აღნიშნულ კანონპროექტს მხარი დაუჭირეს, ახლა წითელ ღილაკს უნდა მიაჭირონ ხელი იმისთვის, რომ საკანონმდებლო ინიციატივა ოფიციალურად ჩავარდეს.
ქართულმა ოცნებამ რამდენიმედღიანი მწვავე და მრავალათასიანი პროტესტის შემდეგ კანონპროექტის გაწვევისა და მეორე მოსმენით მისი ჩაგდების გადაწყვეტილება მიიღო. კანონპროექტები გამოწვეულია ვენეციის კომისიიდანაც.