“რა თქმა უნდა არ განვიხილავთ პრემიერის გადადგომას”-ნათია თურნავა
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა არ განიხილება. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა. მან მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე თქვა, რომ ამის სურვილი დესტრუქციულ ძალებს აქვთ, თუმცა ვერ ეღირსებიან.
„რა თქმა უნდა, არ განვიხილავთ პრემიერის გადადგომას. ჩვენ პასუხისმგებლიანი ხელისუფლება ვართ. ჩვენი პასუხისმგებლობა გამოიხატება იმაში, რომ შსს ინტენსიურად აწარმოებს საგამოძიებო მოქმედებებს, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ვინც მონაწილეობდა აგრესიაში, დაისაჯოს სათანადოდ. ეს არის ყველაზე მაღალი პასუხისმგებლობა“, – თქვა თურნავამ.
შეგახსენებთ, პრემიერ მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას მედიის წარმომადგენელთა ნაწილი მას შემდეგ ითხოვს, რაც 5 ივლისს მოძალადე ჯგუფები თავს დაესხნენ ჟურნალისტებს ,დაშავდა მედიის 53 წარმომადგენელი, მათგან ერთი კი, სასტიკად ნაცემი ტელეკომპანია პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა.