მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე საერთო პოზიცია დააფიქსირეს

ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა 23-24 ივნისს გასამართი ევროკავშირის სამიტის წინ, კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე საერთო პოზიცია დააფიქსირეს. ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კლემენტ ბონმა ევროკავშირის საერთო საქმეთა საბჭოს შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ მივაღწიეთ პროგრესს იმ საკითხებში, რომლებიც დილიდან განიხილებოდა – კერძოდ, მზადება ევროკომისიის შეხვედრისთვის, რომელიც ამ თვის ბოლოს ბრიუსელში გაიმართება. ეს ეხება, კერძოდ, უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესაძლებლობას“, – განაცხადა ბონმა.

მინისტრის თქმით, ისინი იდეალური კონსესუსის მოწმენი გახდნენ.

„გასულ კვირას ევროკომისიამ გამოაქვეყნა თავისი მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით და ჩვენ გავხდით საკმაოდ კარგი, მე ვიტყოდი, იდეალური კონსენსუსის მოწმენი დისკუსიების შემდეგ ეტაპზე გადასვლასთან დაკავშირებით, უკრაინის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესაძლებლობაზე“, – დასძინა მინისტრმა.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ევროკავშირის ერთიანობა კვლავაც რეალური რჩება; ევროპა განაგრძობს წინსვლას ამ ისტორიულ მომენტში.

ბონის თქმით, კანდიდატის სტატუსის მინიჭება არ ნიშნავს დაუყოვნებლივ გაწევრიანებას ევროკავშირში და “ეს გრძელი და რთული პროცესია”.

ამასთან საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპელ ლიდერებს ჯერ წერილები გაუგზავნა საქართველოს მხარდაჭერის თხოვნით და ევროპელი ლიდერებისადმი ვიდეომიმართვებს „ტვიტერზე“ მიმართა.

პრეზიდენტმა მიმართა პოლონეთის, ხორვატიის, გერმანიის, საფრანგეთის, ირლანდიის, იტალიის პრეზიდენტებს და ბელგიის, დანიის, შვედეთის, ნიდერლანდების პრემიერმინისტრებს.

“ბატონო პრეზიდენტო, საქართველო და პოლონეთი იზიარებენ საერთო ტრაგიკულ წარსულს – ოკუპაციის, ევროპული ოჯახიდან მოწყვეტის წარსულს. მაშინ, როცა ევროპულმა საბჭომ ისტორიული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, საქართველოს, როგორც ყოველთვის, აქვს პოლონეთის სოლიდარობის, მეგობრობის და ძმობის იმედი, რომ მხარს დაუჭერს ჩვენს ევროპისკენ მიმავალ გზას”. – ამბობს პრეზიდენტი ანჯეი დუდასადმი მიმართვაში.

“ბატონო პრეზიდენტო, გერმანიამ თავისი ისტორიიდან იცის, რომ ევროპელებს ერთმანეთისგან კედლები არ უნდა ჰყოფდეთ. როგორც საქართველოს ერთ-ერთი უძველესი მეგობარი და პარტნიორი, გვაქვს იმედი, რომ საქართველოს დაეხმარებით თავის ევროპულ გზაზე ამ გადამწყვეტ მომენტში”. – მიმართავს სალომე ზურაბიშვილი ფრანკ უოლტერ შტაინმაიერს.

„საქართველო შვედეთის მიმართ უკვე მადლიერია აღმოსავლეთ პარტნიორობის მეშვეობით ევროპული პერსპექტივის გზის გახსნისთვის. ქართველ ხალხს სურს ეს ევროპული მომავალი. ამ ოჯახის რეინტეგრაციის დრო მოვიდა“, – აღნიშნულია სალომე ზურაბიშვილის მიმართვაში შვედეთის პრემიერ-მინისტრის, მაგდალენა ანდერსონისადმი.

„საქართველომ იცის იმ მუდმივი მხარდაჭერის ფასი, რომელსაც ირლანდია უწევს საქართველოს თავისი ევროპული სწრაფვის გზაზე. დღეს, როგორც არასდროს, ჩვენ ვაფასებთ ევროპის მეორე ბოლოს ძლიერი ირლანდიელი ხალხის მხარდაჭერას. ჩვენ ვიცით, რომ თქვენ მხარს გვიჭერთ“, – აცხადებს ზურაბიშვილი ირლანდიის პრეზიდენტ მაიკლ ჰიგინსისადმი მიმართვაში.

„დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლის შემდეგ, საქართველო მიისწრაფის იმ რეფორმების შესრულებისკენ, რომლებიც ჭეშმარიტ ევროპულ ქვეყანას გვაქცევს. მისაღები გადაწყვეტილება იქნება ცენტრალური და ისტორიული ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხისთვის. მადლობა თქვენი მხარდაჭერისთვის“, – ამბობს საქართველოს პრეზიდენტი ვიდეოში, რომელშიც მიმართავს ნიდერლანდების პრემიერ მარკ რუტეს.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპელი ლიდერებისადმი რამდენიმე მიმართვა გაავრცელა, რომელთაც მნიშვნელოვან მომენტში საქართველოს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

საქართველოს ახლა პრობლემები აქვს, მაგრამ, გთხოვთ, არ დაუშვათ, რომ ქართველი ხალხი ერთი ოლიგარქის მძევალი იყოს, – ამის შესახებ უკრაინელმა დეპუტატმა ოლექსი გონჩარენკომ ევროსაბჭოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან ევროსაბჭოს სხდომაზე მოუწოდა, კანდიდატის სტატუსი საქართველოსაც მიენიჭოს.

„ძვირფასო ძმებო, ჩვენ უნდა მხარი დაგიჭიროთ თქვენ და უნდა ვთქვათ, რომ ქართველი ხალხი ევროპაში უნდა იყოს. მიანიჭეთ კანდიდატის სტატუსი საქართველოსაც. მომდევნო კვირაში, NATO-ს სამიტი იქნება და მინდა მივმართო თურქეთს, გთხოვთ, დაუჭირეთ მხარი ფინეთს და შვედეთს. მივმართავ NATO-ს ყველა წევრ სახელმწიფოს, გთხოვთ, მხარი დაუჭირეთ უკრაინას და საქართველოს და მოგვეცით გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (მაპი). ჩვენ ერთიანები უნდა ვიყოთ”, – აღნიშნა გონჩარენკომ.

ევროკავშირის კარი ღიაა თქვენთვის. თქვენ, ხალხო, გაქვთ ძალა, განსაზღვროთ თქვენი ქვეყნის ბედი, – ამის შესახებ გერმანელმა ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კამონმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე, თბილისში, 20 ივნისს გამართულ აქციასთან „შინ ევროპისკენ“ დაკავშირებით განაცხადა.

“საქართველო არის ევროპა, რადგან მისი ხალხი ამბობს ამას! ეს არის ევროპული გულით, ევროპული ღირებულებებით, ევროპული მომავლის მქონე ერი. არც ერთ პოლიტიკურ პარტიას თუ გარე ქვეყანას ამის შეცვლა არ შეუძლია”, – დაწერა ფონ კრამონმა “ტვიტერში”.

ევროპარლამენტარმა ვიდეომიმართვაც გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ ქართველები თავისუფლების მოყვარე ერი და ევროპული ღირებულებების დიდი ხნის მხარდამჭერები არიან.

„ძვირფასო ქართველებო, მიხარია, რომ თქვენი ძალისხმევის შედეგია ეს დიდი შეკრება. თქვენ შეიკრიბეთ ყველასთვის, ვინც ძლიერ უჭერს მხარს ევროპულ ღირებულებებს თქვენს ქვეყანაში. ყველასთვის, ვისაც სურს იხილოს საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე. ყველასთვის, ვინც ჩვენთან ერთად იზიარებს ევროპულ ღირებულებებს. თქვენ თავისუფლების მოყვარული ერი ხართ. თქვენ ევროპული ღირებულებების დიდი ხნის მხარდამჭერები ხართ, და ჩვენ ყველამ ეს კარგად ვიცით. ჩვენ მხარს გიჭერთ ყველა წამოწყებაში ამ გზაზე. გაუმარჯოს საქართველოს! გაუმარჯოს ევროპას!“, – აღნიშნა ევროპარლამენტარმა.
შეგახსენებთ რომ 17 ივნისს ევროკომისიამ მხარი დაუჭირა უკრაინა-მოლდოვასთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, საქართველოსთვის – არა.

24 ივნისს ევროპული საბჭო განიხილავს და მიიღებს გადაწყვეტილებას საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.

მსგავსი პოსტები

Back to top button