რა უნდა ვიცოდეთ ციფრულ მაუწყებლობაზე
2015 წლიდან ანალოგურ მიწისზედა მაუწყებლობას ციფრული მაუწყებლობა ჩაანაცვლებს.
სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარებამ მსოფლიოს აჩვენა, რომ არსებობდა სიხშირული რესურსის გამოყენების უფრო ეფექტიანი შესაძლებლობები. სწორედ ამიტომ, დღეს მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების უმრავლესობა ანალოგურის ნაცვლად ციფრული მაუწყებლობით სარგებლობს.
“ახალი ფორმატის მაუწყებლობაზე გადასვლა სახელმწიფო მნიშვნელობის ფართომასშტაბიან რეფორმას წარმოადგენს, რომელიც მთავრობის მიერ განსაზღვრული სამოქმედო გეგმისა და რეკომენდაციების შესაბამისად ხორციელდება.
რეფორმა საქართველოს ყველა მოქალაქეს შეეხება, გამონაკლისს მხოლოდ საკაბელო, თანამგზავრული და ინტერნეტ-ტელევიზიების მომხმარებლები წარმოადგენენ” – აცხადებენ ციფრული მაუწყებლობის სააგენტოში.
რეფორმის მიზანია:შეზღუდული ბუნებრივი რესურსის, ტელე-რადიო სიხშირეების ეფექტიანად გამოყენება;მედია პლურალიზმი და გამოხატვის თავისუფლება;მედია ბაზარზე კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბება;მომხმარებლისთვის მრავალფეროვანი და მაღალხარისხიანი საეთერო მაუწყებლობის მიწოდება;ინფორმაციული საზოგადოების განვითარება;ინვესტიციების მოზიდვა და დარგში ევროპული სტანდარტების დამკვიდრება.
აღნიშნული რეფორმა ხელს შეუწყობს ახალი შესაძლებლობების დანერგვას – მომხმარებელს შეეძლება დაგეგმოს მისთვის სასურველი გადაცემის ყურება; ისარგებლოს ელექტრონული პროგრამების კატალოგით და უფრო მეტიც- გამოიყენოს შეხსენების რეჟიმი.შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის გათვალისწინებული იქნება აუდიო აღწერილობა და სუბტიტრები.
რა იცვლება ანალოგური მაუწყებლობის აბონენტებისთვის?
ერთხელ გაწეული ხარჯის შედეგად მუდმივად მიიღებთ მრავალფეროვან და მაღალხარისხიან სატელევიზიო პროგრამებს.
რომელი ანტენით უნდა ვისარგებლოთ?
ციფრული სატელევიზიო სიგნალი შეიძლება იგივე ანტენით მივიღოთ, რომლითაც ვსარგებლობდით ანალოგური სიგნალის მიღებისას. ეს შეიძლება იყოს შენობის სახურავზე დამონტაჟებული სატელევიზიო გადამცემისკენ მიმართული ანტენა; იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია სახლის ანტენის გამოყენებაც.
როგორი ტელევიზორით მივიღებთ ციფრულ სიგნალს?
ოჯახებს , რომლებსაც მხოლოდ ანალოგური სიგნალის მიმღები ტელევიზორები აქვთ, დასჭირდებათ ციფრული სიგნალის მიმღები აპარატურის -„სეთ-თოფ ბოქსის“ შეძენა.
ტელევიზორების შეცვლა მხოლოდ იმ მომხმარებლებს მოუწევთ, რომელთა ტელევიზორებს არ უერთდება RCA ტიპის კაბელი.
მას, ვისაც სურს შეიძინოს თანამედროვე ტელევიზორი, რომლის ფუნქციონალი შეესაბამება საქართველოში ციფრული ტელევიზიებისთვის განსაზღვრული ტექნიკური მოთხოვნების დოკუმენტს, დასჭირდება მხოლოდ პარამეტრების გადაწყობა.
რა ტიპის კაბელები დაგვჭირდება?
ციფრული სიგნალის მისაღებად დაგჭირდებათ: კოაქსიალური(იგივე სპილენძის)
და RCA, HDMI ან SCART შემაერთებელი კაბელები.
ანტენიდან შემომავალი კოაქსიალური ანუ სპილენძის კაბელი უერთდება სეთ-თოფ ბოქსს, თავად სეთ თოფ ბოქსი კი ტელევიზორს უკავშირდება RCA/SCART შემაერთებელი კაბელით. თუკი თქვენ გაქვთ თანამედროვე ტელევიზორი, მაშინ შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც RCA ასევე HDMI შემაერთებელი კაბელიც.
რა არის სეთ-თოფ ბოქსი და რისთვის ვიყენებთ მას?
ციფრული მიწისზედა სატელევიზო სიგნალის მისაღებად საჭიროა ტელევიზორთან მისაერთებელი მოწყობილობა – ე.წ. „სეთ – თოფ ბოქსი“ , რომელიც უზრუნველყოფს როგორც სტანდარტული, ასევე მაღალი გარჩევადობის სიგნალების ანალოგურ ფორმატში გარდაქმნას.
ქვეყანაში იმპორტირებული სეთ-თოფ ბოქსების ფუნქციონალი ტექნიკური მოთხოვნების დოკუმენტაციაში აღწერილ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს.
რა შეღავათი ექნებათ სოციალურად დაუცველ ოჯახებს?
ციფრულ მიწისზედა მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესში მთავრობა დიდ ყურადღებას აქცევს სოციალურად დაუცველ ოჯახებს. მათი სუბსიდირება რეფორმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია.
სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000 და მასზე ნაკლებია, მთავრობა შეისყიდის სერთიფიცირებულ სეთ-თოფ ბოქსებს და საქართველოს ფოსტის რაიონულ სერვის-ცენტრებში გადაანაწილებს.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ოჯახებისთვის სახელმწიფო უზრუნველყოფს სეთ-თოფ ბოქსების მიტანას საცხოვრებელ ადგილზე.
სად შევიძნოთ ,,სეთ-თოფ ბოქსი”?
,,სეთ-თოფ ბოქსის” შეძენა შესაძლებელია სამომხმარებლო ტექნიკის მაღაზიებში.
საქართველოში ანალოგური საეთერო ტელემაუწყებლობის გათიშვის გრაფიკი მთავრობამ უკვე დაამტკიცა. გრაფიკის მიხედვით,
2015 წლის 1-ელ ივლისს, 10:00 საათზე, ანალოგური სიგნალი გაითიშება თბილისში, საგარეჯოში, კოჯორში, მარნეულსა და რუსთავში,აგრეთვე გაითიშება გარდაბნის, მარნეულის, საგარეჯოს, მცხეთის და დუშეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე განთავსებული ხელშემშლელი ანალოგური სატელევიზიო გადამცემები.
9 ივლისს, 10:00 საათზე, ანალოგური საეთერო სატელევიზიო გადამცემი სადგურები გაითიშებაგორში, ბეკამში, დუშეთსა და ხაშურში,აგრეთვე, გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის, დუშეთისა და მცხეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე განთავსებული ხელშემშლელი ანალოგური სატელევიზიო გადამცემები.
18 ივლისს,10:00 საათზე, მოქმედი ანალოგური მიწისზედა საეთერო სატელევიზიო გადამცემი სადგურები გაითიშება ქუთაისში, ტყიბულში, ცაგერში, ფოთში, ჩოხატაურში, ოზურგეთში, ზესტაფონში, მარტვილში, სამტრედიაში, ხონში, სენაკში, აგრეთვე გაითიშებააბაშის, ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, ზუგდიდის, თერჯოლის, ლანჩხუთის, მარტვილის, ოზურგეთის, სამტრედიის, სენაკის, ტყიბულის, ქობულეთის, ჩოხატაურის, წყალტუბოს, ხარაგაულის,ხობის და ხონის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე განთავსებული ხელშემშლელი ანალოგური სატელევიზიო გადამცემები.
30 ივლისს, 10:00 საათზე, ანალოგური მიწისზედა საეთერო სატელევიზიო გადამცემი სადგურები გაითიშება ბათუმში, ხულოში, ქედასა და შუახევში, აგრეთვე, ლანჩხუთის, ოზურგეთის, ქედის, ქობულეთის, შუახევის, ხელვაჩაურის, ხობისა და ხულოს მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე განთავსებული ხელშემშლელი ანალოგური სატელევიზიო გადამცემები.
6 აგვისტოს, 10:00 საათზე, მოქმედი ანალოგური მიწისზედა საეთერო სატელევიზიო გადამცემი სადგურები გაითიშება ზუგდიდში, წალენჯიხაში, ჩხოროწყუსა და ჯვარში, აგრეთვე გაითიშება ზუგდიდის, მარტვილის, ჩხოროწყუს, წალენჯიხისა და ხობის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე განთავსებული ხელშემშლელიანალოგური სატელევიზიო გადამცემები.
18 აგვისტოს, 10:00 საათზე, ანალოგური საეთერო სატელევიზიო გადამცემი სადგურები გაითიშება ბორჯომში, ბაკურიანში, აბასთუმანში, ახალციხეში, ასპინძაში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში, აგრეთვე გაითიშებაადიგენის, ასპინძის, ახალქალაქის, ახალციხის, ბორჯომისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე განთავსებული ხელშემშლელი ანალოგური სატელევიზიო გადამცემები.
25 აგვისტოს, 10:00 საათზე, ანალოგური საეთერო სატელევიზიო გადამცემი სადგურები გაითიშება დმანისში, ბოლნისსა და წალკაში, ასევე ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულისა და წალკის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე განთავსებული ხელშემშლელი ანალოგური სატელევიზიო გადამცემები.
25 აგვისტოს, 10:00 საათზე, მოქმედი ანალოგური მიწისზედა საეთერო სატელევიზიო გადამცემი სადგურები გაითიშება ყაზბეგში, თიანეთში, ონში, ამბროლაურში, ლენტეხში, მესტიაში, ჭიათურასა და საჩხერეში, აგრეთვე, ამბროლაურის, თიანეთის, ლენტეხის, მესტიის, ონის, საჩხერის, ყაზბეგის, ჭიათურისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე განთავსებული ხელშემშლელი ანალოგური სატელევიზიო გადამცემები.
25 აგვისტოს, 10:00 საათზე,ანალოგური საეთერო სატელევიზიო გადამცემი სადგურები გაითიშება ცივის მთაზე, სიღნაღში, ყვარელში, ლაგოდეხში, დედოფლისწყაროში, გურჯაანსა და თელავში, აგრეთვე, ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, თიანეთის, ლაგოდეხის, საგარეჯოსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე განთავსებული ხელშემშლელი ანალოგური სატელევიზიო გადამცემები.
მოსახლეობის უფლებებისა და ინტერესების დაცვის მიზნით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ციფრული მაუწყებლობის სააგენტო კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ციფრულ მიწისზედა მაუწყებლობასთან დაკავშირებული სიახლეები გადაამოწმოთ სააგენტოს ვებ და სოციალურ გვერდებზე.
დეტალური ინფორმაციის მიღება, სხვადასხვა საშუალებებთან ერთად, დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში ასევე შესაძლებელია ცხელი ხაზის ( 1480 ) მეშვეობით.