ანალიტიკამნიშვნელოვანირეგიონირეპორტაჟისაქართველოსიახლეებიტოკშოუ

რა უშველის ბათუმურ საცობებს

რადიო "თბილისის" საგამოძიებო-საზოგადოებრივი პროექტი "სატრანსპორტო ლაბირინთი"

ავტორი: თეა ვაშალომიძე

ათეული წლებია, ბათუმში ანეკდოტად დადის ერთ-ერთი სპორტული კომენტატორის ნათქვამი ფრაზა. მას მეგობარმა მანქანა გაუჩერა და შესთავაზა, დაბრძანდით, გაგიყვანთო. არა, მეჩქარებაო, უპასუხა ჟურნალისტმა და ფეხით განაგრძო გზა. ახლა ეს ძველი კურიოზი ყოველდღიურ მოცემულობად იქცა. თუ გეჩქარება, ფეხით სჯობს გადაადგილება. სეზონს და ჩამოსული ტურისტების რაოდენობას არ აქვს მნიშვნელობა. წლის ნებისმიერ დროს, მთელი ქალაქის მასშტაბით, საცობებია. 32 წლის სალომე ზაქარიაძე ყოველდღიურად, პირადი ავტომობილით, ქობულეთიდან ბათუმში სამსახურში დადის და მცირეწლოვანი შვილიც მიჰყავს სკოლაში. ქობულეთი-ბათუმის გზის გასავლელად, მას 20 წუთი სჭირდება, ქალაქის შემოსასვლელთან კი, მინიმუმ, 40 წუთი ყოვნდება.

 

სალომე ზაქარიაძე:

„საცობები იწყება თითქმის გვირაბიდან და ქალაქის ბოლომდე გრძელდება. თითქმის, ყველა ქუჩაზე დიდი საცობია. ბენზესთან ახალგაკეთებული ხიდი არის ვიწრო და მანქანები ორ ზოლად გვერდს ვერ უვლიან. შემდეგ უკვე, ქალაქის ქუჩებში გვხვდება საცობები. ბავშვი რამდენჯერმე შუა ქუჩაში ჩამომისვამს და ისე გამიშვია სკოლაში. კბილის ექიმთან უნდა მიმეყვანა, სკოლიდან რომ გამოვიყვანე. ისეთი საცობი შემხვდა, რომ ფიზიკურად ვერ მოვასწარით მისვლა და ჩვენი დრო ამოიწურა.“

სალომეს მსგავსად, ყველა მძღოლს პრობლემას უქმნის ბათუმის შემოსასვლელში, ბენზეს დასახლებაში მდებარე ახალრეაბილიტირებული ხიდი, რომლისთვისაც 2 წლის წინ 2 მილიონამდე ლარი დაიხარჯა. ხიდი ვიწროა და იგი ტრანსპორტის თავისუფლად გატარებას ისევ ვერ უზრუნველყოფს, რაც საცობს წარმოქმნის. ბათუმის მერიამ მისი გაფართოება ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს დააანონსა. რადიო „თბილისის“ ინფორმაციით, ამ დროისთვის, ე.წ. ბენზეს ხიდის საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილობრივების თქმით, ბათუმის საცობების მიზეზი ასევე არის არასწორი პარკირება, საპარკინგე ადგილების არარსებობა, მძღოლების უპასუხისმგებლობა და მოჭარბებული სატრანსპორტო საშუალებები.

ზურაბ მგელაძე, ბათუმის მკვიდრი:

„ვიღაცას გაუჩერებია მანქანა, დაუკეტავს მაღაზიასთან, აუწევია ფანჯრები, ჩაურთავს ავარიულები და არის „პრობკა“ და ის თავის საქმეს აკეთებს და აქეთ კიდევ, ადამიანები წვალობენ და ვერ გადიან. პოლიციამ უნდა გააკონტროლოს, რაღაც სამსახურები არის და იმან უნდა გააკონტროლოს. პოლიციის წინ არღვევენ ადამიანები და მიდიან ისე და არ გამოკიდებია პოლიცია. რამდენი შენობა აშენდა ქალაქში, აი, ნახეთ, რომელს აქვს… რაღაც ბრენდებს აქვთ პატარა პარკინგები. კაცი მოვიდა საცხოვრებლად, იმას სჭირდება ავტომობილი, სად წაიყვანოს ის ავტომობილი? აჩერებს ქუჩაში და გადაჭედილია ქუჩები ავტომობილებით.“

ტრანსპორტის სფეროს ექსპერტი ლაშა ნაკაშიძე, რომელიც გაეროს პროგრამაში, “ქალაქის მდგრადი ურბანული გადაადგილების გეგმის” შემუშავებაში იყო ჩართული, საცობებისგან განტვირთვის მიზნით, მთავარ პრიორიტეტად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას მიიჩნევს. ასევე, იგი ბათუმის სტუმრებისთვის ქალაქის შემოსასვლელში საპარკინგე სივრცეების მოწყობის აუცილებლობაზე, ზონალური, ფასიანი პარკირებებისა და ველო-ბილიკების განვითარების საჭიროებაზე საუბრობს. სწორედ ამ რეკომენდაციების გათვალისწინებით, ბათუმის საკრებულომ 2018 წელს გაეროს ზემოაღნიშნული პროგრამა დაამტკიცა, თუმცა ლაშა ნაკაშიძის თქმით, დღეს ამ პროგრამის მხოლოდ 5 პროცენტი სრულდება.

ლაშა ნაკაშიძე:

ლაშა ნაკაშიძე

„ნიდერლანდების გამოცდილება ერთმნიშვნელოვნად გვაჩვენებს, რომ ჯერ შეიქმნა ინფრასტრუქტურა ველობილიკების და შემდეგ გამოჩნდნენ ველომომხმარებლები. ყველაზე ეფექტური მექანიზმი, ეს არის მაინც, საათობრივ-ზონალური პარკირების ინსტრუმენტი, რომლითაც მართავ პარკირებაზე მოთხოვნასაც და ამავე დროს, ამ პარკირების პოლიტიკას იყენებ ქალაქში საცობების სამართავად. საბოლოო ჯამში, ეს არის გადაადგილების ალტერნატიული მიმართულებები: საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრიორიტეტიზაცია, ველობილიკები და ქვეითებისათვის კომფორტული გადაადგილების ინფრასტრუქტურა.“

ლაშა ნაკაშიძის რეკომენდაციებს ეთანხმება და ავსტრიის დედაქალაქის გამოცდილებაზე საუბრობს არასამთავრობო ორგანიზაცია “საზოგადოებრივი განვითარების აკადემიის” პროგრამების ხელმძღვანელი რომა დოლაბერიძე. იგი პარალელს ავლებს 2010 წლის და 2015 წლის ვენას შორის; გვიყვება, თუ რა გახადა პრიორიტეტად ქალაქის ხელმძღვანელობამ, 5 წელიწადში როგორ მოიხსნა საცობების პრობლემა და მჭიდროდ დასახლებულ ტურისტულ ქალაქში დღეს როგორ მარტივი და კომფორტულია გადაადგილება.

რომა დოლაბერიძე:

რომა დოლაბერიძე

„უხსნიდნენ, რომ აი, ჩვენ მაგალითად, გავზრდით ავტომობილების იმპორტზე გადასახადს და ამან გამოიწვია სერვისების გაძვირება. პარალელურ რეჟიმში, ვენის მერიამ ეგრევე დაიწყო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მასიურად შემოყვანა. პარალელურად, მიმდინარეობდა მიზანმიმართული კამპანია, რომ ვთქვათ, ავტომობილის მოძრაობა როგორ აზიანებდა ადამიანის ჯანმრთელობას, გარემოს როგორ აზიანებდა. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მხარი დაუჭირეს ადგილობრივ მთავრობას გადაწყვეტილების პროცესში.“

საცობების არსებობას ბათუმის გაზრდით ხსნის ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ინფრასტრუქტურის კომისიის წევრი ირაკლი თავდგირიძე. იგი აცხადებს, რომ ბათუმის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ (რომელიც პროექტის თანახმად, კარგა ხნის დასრულებული უნდა იყოს), საცობები ზღვისპირა ქალაქში შემცირდება. ირაკლი თავდგირიძე ზუსტად ვერ აკონკრეტებს, რომელი ევროპული ქალაქის გამოცდილების გაზიარება მოხდება ამ მიმართულებით, მაგრამ აცხადებს, რომ გაეროს პროგრამის რეკომენდაციებს მუნიციპალიტეტი მას შემდეგ გაითვალისწინებს, როცა ქალაქის გენერალურ გეგმაზე მუშაობა დასრულდება.

ირაკლი თავდგირიძე:

„სტატისტიკურად, დღეში 70-80 ათასამდე ავტომობილი გადაადგილდება ბათუმში. ეს შემოვლითი გზა გარკვეულწილად განტვირთავს. ამასთანავე, მთავრობის თავმჯდომარემ დააანონსა 1000 საპარკინგე ადგილის უფასოდ გამოყოფა, რომელიც მანამდე იყო ფასიანი. მე ვფიქრობ, გენერალურ გეგმასთან ერთად, პარკირების სისტემაც იქნება შემუშავებული.“

თეა ვაშალომიძე:

„ანუ გაეროს პროგრამას ასრულებთ ნაწილობრივ?“

ირაკლი თავდგირიძე:

„ჰო, რა თქმა უნდა. ვასრულებთ, ბუნებრივია, ვახორციელებთ ყველა იმ რეკომენდაციას, რასაც გაერო გვაწვდის.“

ბათუმის მერიის სატრანსპორტო სამსახურის ცნობით, ქალაქში სულ 10 ათასი საპარკინგე ადგილია. აქედან 7 ლოკაციაზე 400 ავტომობილის ადგილია, სადაც საათობრივი ფასიანი პარკირების სივრცეა მონიშნული. მაგრამ ფაქტია, რომ აღნიშნული რაოდენობა არაა საკმარისი. დარგის ანალიტიკოსებსა და სპეციალისტებთან გასაუბრებიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ და ევროპის ქალაქების გამოცდილებაც ამას გვეუბნება, რომ აუცილებელია, ქალაქის ხელმძღვანელობამ პრიორიტეტი მიანიჭოს საზოგადოებრივ ტრანსპორტს და გადაადგილების ალტერნატიულ საშუალებებს; განვითარდეს და კეთილმოეწყოს ველო-ბილიკები; რაც მთავარია, უნდა შესრულდეს გაეროს მიერ შემუშავებული პროგრამა, რომელშიც დეტალურადაა გაწერილი ბათუმის სატრანსპორტო პოლიტიკის საჭიროებები.

წინამდებარე მასალა მომზადდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს თანადაფინანსებით. მისი შინაარსი „ჰერეთის“ პასუხისმგებლობაა და არ გამოხატავს ევროკავშირის და გერმანიის ფედერალური სამინისტროს შეხედულებებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button