რადა EU-ს წევრ ქვეყნებს უკრაინის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს
უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს რომ ევროკომიის მიერ გაცემული 7 რეკომენდაციიდან უკრაინამ ყველაფერი შეასრულა

უკრაინის უმაღლესი რადა ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და ინსტიტუტებს მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ 15 დეკემბრის სამიტზე უკრაინის წევრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას.
შესაბამის მიმართვას რადას 292-მა დეპუტატმა დაიჭირა მხარი.
უკრაინის რადა ასევე მოუწოდებს ევროკავშირს, გააგრძელოს უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტისთვის, მისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის, ასევე საერთო ევროპული ღირებულებებისთვის ბრძოლაში.
ამასთან, რადა მიმართავს ევროპულ პარლამენტებს თხოვნით, მხარი დაუჭირონ უკრაინის მაკროფინანსურ სტაბილურობას რუსეთის ფართომასშტაბური აგრესიის პირობებში ევროკომისიის მიერ წარდგენილი უკრაინის მხარდაჭერის ინსტრუმენტის დამტკიცების გზით.
უკრაინის საკანონმდებლო ორგანო მოუწოდებს ევროკავშირის ქვეყნებს, გაზარდონ უკრაინის სამხედრო დახმარება როგორც ეროვნულ დონეზე, ისე მშვიდობის ევროპული ფონდის ფარგლებში. ასევე რადას სთხოვს ევროკავშირს, გააგრძელოს რუსეთზე ზეწოლა სანქციების ახალი პაკეტების მიღების გზით.
“ველოდებით, რომ უკრაინის ძალისხმევა იქნება ღირსეულად შეფასებული ევროკავშირის ლიდერების მიერ და უკრაინისთვის მიცემული შესაბამისი ევროპული დაპირებები შესრულდება” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ევროკომიის მიერ გაცემული 7 რეკომენდაციიდან, უკრაინამ ყველაფერი გააკეთა, ზელენსკის თქმით, უკრაინამ ყველაფერი გააკეთა, რასაც მისგან დეკემბერში ელოდნენ. მისივე თქმით, უკრაინის რადამ, ევროკომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, აუცილებელი კანონებიც მიიღო და ვენეციის კომისიის დასკვნები გაითვალისწინა.
“ვესაუბრე დღეს ესტონეთის პრემიერ-მინისტრს პარტნიორების მხრიდან უკრაინის მხარდაჭერის შენარჩუნებაზე და სავსებით კონკრეტულ საკითხებზე, რომლებიც სჭირდება ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენს მეომრებს აუცილებელი შედეგების მისაღწევად. მადლობელი ვარ გაგებისთვის და დახმარებისთვის. რა თქმა უნდა, განვიხილეთ ევროკავშირის ერთიანობის საკითხებიც, უპირველეს ყოვლისა, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყების კონტექსტში.
უკრაინა ყველა ვალდებულებას ასრულებს. ჩვენ უკვე არაერთხელ დავამტკიცეთ ეს. დღეს უკრაინის რადამ მიიღო აუცილებელი კანონები, ევროკომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, ანტიკორუფციულ და ეროვნული უმცირესობების უფლებების სფეროში. გათვალისწინებულია ვენეციის კომისიის დასკვნები. კერძოდ, ნაციონალურ უმცირესობებთან დაკავშირებით. ველოდებით, რომ უკრაინის ძალისხმევა იქნება ღირსეულად შეფასებული ევროკავშირის ლიდერების მიერ და უკრაინისთვის მიცემული შესაბამისი ევროპული დაპირებები შესრულდება. ჩვენ გვქონდა 7რეკომენდაცია. ყველაფერი გავაკეთეთ, რასაც ჩვენგან დეკემბერში ელოდნენ,” – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვაში.
5 დეკემბერს მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვიქტორ ორბანმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს კიდევ ერთი წერილით მიმართა.
14-15 დეკემბერს დაგეგმილი ევროკავშირის ლიდერთა სამიტის წინ ორბანმა მიშელს მიწერა, რომ ევროპული საბჭოს შეხვედრაზე, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების მოლოდინი “უსაფუძვლოა – პოლიტიკური და ტექნიკური მომზადების დღეს არსებული დონის გათვალისწინებით”.