რადიო ჰერეთი სამაუწყებლო ლიცენზიის მოლოდინში

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებმა: მერაბ ლომიძემ, ირაკლი შენგელიამ და ნათია ქუთათელაძემ, უცვლელად დატოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (პირველი ინსტანციის) 2014 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიამ ხელახლა უნდა განიხილოს რადიო ჰერეთის დოკუმენტაცია და ახალი ადმინისტრაციული აქტი გამოსცეს. სასამართლოს განჩინება მხარეებს დღეს,19ივნისს ჩაბარდა.

საპელაციო სასამართლოს, მოსარჩელე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (GNCC) სარჩელი, ჰერეთის და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების წინააღმდეგ 16 ივნისს უნდა განიხილა, თუმცა კომისიის უკვე ახალმა შემადგენლობამ თავისივე სარჩელზე უარი თქვა და უკან გაიწვია, რაც სააპელაციომაც დაუკმაყოფილა.

“უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება შპს სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის სარჩელის გამო, მოპასუხე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომიისიის მიმართ, მესამე პირი -შპს ენერჯი გრუპი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე” – ვკითხულობთ მოსამართლეების განჩინებაში.

აღსანიშნავია, რომ სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტის კახა ბაინდურაშვილის დაფუძნებულმა კომპანიამ “ენერჯი-გრუპმა”, რომელიც წინააღმდეგობაში მოდიოდა “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონთან, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან დავა 7 მაისს შეწყვიტა.

რადიო ჰერეთი, რომლის ინტერესებს თითქმის 2 წლის განმავლობაში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ახალი გადაწყვეტილების მოლოდინშია, რომლის მიხედვითაც შესაძლოა რადიოსადგურმა 8 წლიანი ლოდინის შემდეგ, თბილისში მაუწყებლობა FM 93.5 – ზე დაიწყოს.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button