ილია მეორემ რუსეთის პატრიარქისგან მიწვევა მიიღო

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა რუსეთის პატრიარქისგან მიწვევა მიიღო. ილია მეორე კირილემ მოსკოვში რუსეთის პატრიარქის ტიტულის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე დაპატიჟა.

გზავნილი კათალიკოსს პირადად რუსეთის ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელმა გადასცა, რომელიც ამისთვის ერთი დღით თბილისში იმყოფებოდა. აუდიენციაზე საუბარი შეეხო ოკუპირებული აფხაზეთის საკითხსაც. მიტროპოლიტ ილარიონ ალფეევის განცხადებით, რუსეთის მხარე მზად არის სამუშაო ჯგუფი აამოქმედოს, რაზეც მისი თქმით ილია მეორე და კირილე წინა შეხვედრაზე შეთანხმდნენ. ჯგუფმა აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედი ეკლესიის განხეთქილების აღკვეთაზე უნდა იმუშაოს. სხვა დეტალები უცნობია.

“მინდა რუსეთის პატრიარქ კირილესგან მოკითხვა გადმოგცეთ, მან ასევე მთხოვა გადმომეცა თქვენთვის რომ გელოდებათ რუსეთში, დიდი სიყვარულით, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქობის აღდგენის 100 წლის იუბილეზე. იმედი გვაქვს რომ თქვენ და თქვენი დელეგაციის წევრებს ამ დღესასწაულზე გიხილავთ. ჩვენ მოვიწვიეთ სხვადასხვა მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურები და უმრავლესობისგან დადებითი პასუხი მივიღეთ. 4 დეკემბერს მაცხოვრის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვა აღევლინება. აფხაზეთში ახალი არაფერია. ის ჯგუფი, რომელმაც დაიპყრო ახალი ათონის მონასტერი და თავი გამოაცხადა თითქმის ავტოკეფალურ ეკლესიად პოზიციებს ისევ ინარჩუნებს. დიახ მათ შორის მოხდა განხეთქილება. ეს ჯგუფი ახლა მოიხსენიებს მსოფლიო პატრიარქს და მათ თავი მიტროპოლიტად გამოაცხადეს, უნდა ვიფიქროთ როგორ დავარეგულიროთ სიტუაცია. უწმინდეს პატრიარქ კირილესთან თქვენს ბოლო შეხვედრაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ აფხაზეთში არსებულ სიტუაციაზე სამსჯელოდ სამუშაო ჯგუფს შევქმნიდით, ჩვენ მზად ვართ შევუდგეთ მუშაობას, იმიტომ რომ იქ ბევრი პრობლემაა, რაც გადაჭრას საჭიროებს. თქვენ როგორ ფიქრობთ რამდენი ადამიანი უნდა იყოს ამ ჯგუფში. ალბათ 2-3 საკმარისი იქნება. ველოდებით თქვენს პასუხს,”-განაცხადა ილარიონ ალფეევმა.

ილია მეორის განცხადებით, ის დაესწრება დღესასწაულს, თუკი მას ჯანმრთელობა ხელს შეუწყობს.

„მივიღე თქვენი მოწვევა, თუკი ჯანმრთელობა შემიწყობს ხელს დავესწრები დღესასწაულს. ჩვენ აფხაზეთიდან გვყავს ეპისკოპოსი გრიგორი კაცია. აფხაზეთში კი არის პიროვნება, ისიც გვარად კაციაა. ის რელიგიურ ორგანიზაციებთან, პარლამენტისა და მთავრობის ურთიერთობას ხელმძღვანელობს. შეიძლებოდა მისი იქ გაგზავნა. ზოგიერთები გამოთქვამენ ასზრს რომ როგორმე უნდა დავარეგულიროთ სიტუაცია აფხაზეთში. მე მიყვებოდნენ რომ მოხდა განხეთქილება ამ ჯგუფსა, ბესარიონ აპლიასა და სხვებს შორის. სწორედ ამიტომ უნდა ვიჩქაროთ, დავარეგულიროთ სიტუაცია. როგორ ფიქრობთ რამდენი ადმიანი უნდა შედიოდეს სამუშაო ჯგუფში. ვფიქრობ დიდი ჯგუფი საჭირო არ არის. ალბათ სამი ადამიანი თითო მხრიდან. ჩვენ დავფიქრდებით და პასუხს შეგატყობინებთ,”-განაცხადა ილია მეორემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button