მნიშვნელოვანისიახლეები

,,ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში პირველად, გვაქვს 12 წლიანი უწყვეტი მშვიდობა,,-ივანიშვილი

ერთად დგომით შევძელით და ავაშენეთ ქვეყანა, რომელშიც დაცულია ადამიანის ყველა უფლება, აზრისა და სიტყვის თავისუფლება, გვაქვს გაჯანსაღებული სასამართლო, მედია – დამოუკიდებელია, ბიზნესი კი ხელშეუხებელი, ქვეყანა, სადაც ხალხი თავისუფლად ცხოვრობს და აღარ აქვს პოლიტიკური დევნის შიში, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, ახალციხეში, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ივანიშვილმა შეკრებილ მოსახლეობას განუცხადა, „ქართული ოცნების“ გუნდი, წარმატებების მიღწევის მიუხედავად შეჩერებას არ აპირებს და მომავალშიც გააგრძელებს მოსახლეობის განვითარებასა და კეთილდღეობაზე ზრუნვას.

ივანიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს უახლეს ისტორიაში პირველად, 12 წლიანი უწყვეტი მშვიდობა გვაქვს, რაც განვითარების მთავარი წინაპირობაა.

„უფრო შორს აღარ წავალ, მაგრამ გეტყვით, რომ ამ წარმატებების მიუხედავად, „ქართული ოცნების“ გუნდი, შეჩერებას, რა თქმა უნდა, არ აპირებს. მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარება და კეთილდღეობა ყველა თქვენგანმა, საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ საკუთარ თავზე იგრძნოს. ბუნებრივია, ყველა ის სიკეთე, რასაც 2012 წლის შემდეგ ერთად მივაღწიეთ კარგია და აღნიშვნას იმსახურებს, მაგრამ უმთავრესი გახლავთ ის, რომ დღეს ჩვენ ვცხოვრობთ საქართველოში, სადაც ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში პირველად, გვაქვს 12 წლიანი უწყვეტი მშვიდობა, რაც განვითარების მთავარი საწინდარია, ეს კი წლების განმავლობაში თქვენ მიერ „ქართული ოცნებისათვის“ გამოცხადებული ნდობის შედეგია. მშვიდობის მნიშვნელობაზე ბევრს არაფერს ვიტყვი; ამ ქვეყნის შვილებს არ გვესწავლება, რომ საუკუნეების განმავლობაში, სწორედ მშვიდობა იყო ჩვენთვის ასე სანატრელი რამ, რადგან კარგად ვიცოდით რა არის ომი და რა უბედურება ახლავს მას თან“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ფაქტობრივად, დღეს ჩართულნი ვართ არა წინასაარჩევნო კამპანიაში, არამედ ბრძოლაში მშვიდობის, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, ჩვენი ტრადიციებისა და ფასეულობების დასაცავად, ამ ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი ასპარეზი კი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

მისი განცხადებით, 2012 წლის მსგავსად, 2024 წლის არჩევნებს და მასში „ქართული ოცნების“ გამარჯვებას ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს.

„26 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობას, სამწუხაროდ, არ უწევს არჩევანი კარგსა და უკეთესს შორის; უსამშობლო, რადიკალური ოპოზიციის დამსახურებით, 26 ოქტომბერს არჩევანს ვაკეთებთ – ომსა და მშვიდობას, ფსევდო-ლიბერალურ ღირებულებებსა და ეროვნულობაზე, ოჯახზე, რწმენასა და დამოუკიდებლობაზე დაფუძნებულ ფასეულობებს შორის, არჩევანს ვაკეთებთ ჩვენი ქვეყნის ღირსეულ ევროპულ მომავალსა და იმ მიუღებელ მოცემულობას შორის, რაც რადიკალურ ოპოზიციას და უცხოელ აქტორებს ევროპულობად სურთ რომ გაასაღონ. ამიტომ, პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ 2012 წლის მსგავსად, 2024 წლის არჩევნებს და მასში „ქართული ოცნების“ გამარჯვებას ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button