მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

პოლონეთი დათანხმდა უკრაინული მარცვლეულის ტრანზიტის განბლოკვას

უკრაინისა და პოლონეთის მთავრობები ვარშავაში გამართულ მოლაპარაკებებზე პოლონეთის ტერიტორიის გავლით უკრაინული მარცვლეულის ტრანზიტის განახლებაზე შეთანხმდნენ, ტრანზიტი 22 აპრილიდან განახლდება. შეთანხმებას მხარეებმა ვარშავაში ორდღიანი მოლაპარაკებების შედეგად მიაღწიეს, – ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრ რობერტ ტელუსის თქმით, უკრაინული მარცვლეულის ტრანზიტი კვლავ პოლონეთის გავლით მოხდება.

„მოვახერხეთ ისეთი მექანიზმის შემუშავება, რომელიც უზრუნველყოფს, რომ პოლონეთში არცერთი ტონა მარცვლეული არ დარჩება და ტვირთების გადაზიდვა პოლონეთის ტერიტორიის გავლით მოხდება. ასევე, მნიშვნელოვანია ახალი მექანიზმის – gps-ისა და ელექტრონული სისტემების გამოყენება, რომლებიც ზუსტად აკონტროლებენ ტრანსპორტს“, – განაცხადა რობერტ ტელუსმა.

თავის მხრივ, უკრაინის პრემიერ-მინისტრის პირველმა მოადგილემ, იულია სვირიდენკომ გამოთქვა შეშფოთება, რომ შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებას შეჩერების საფრთხე ემუქრება, რადგან მისი ვადა 18 მაისს იწურება.

„გადავწყვიტეთ, რომ უკრაინული საქონლის ტრანზიტი პოლონეთის ტერიტორიაზე ხუთშაბათიდან განახლდება. პოლონურმა მხარემ ახლახან მიიღო ინფორმაცია უკრაინული პროდუქციის პოლონეთის ტერიტორიაზე გავლით ტრანზიტის ტექნიკური ასპექტების შესახებ. დარწმუნებული ვართ, უკრაინელი ექსპორტიორები სრული პასუხისმგებლობით დაემორჩილებიან აღნიშნულ პირობებს. მარცვლეულის შავი ზღვის გავლით ექსპორტის შესახებ ინიციატივა საფრთხის წინაშეა, რუსეთმა კვლავ დაბლოკა გემების შემოწმების პროცესი ბოსფორში. ჩვენი ვიცე-პრემიერი ახლა თურქეთში ამ საკითხების მოსაგვარებლად იმყოფება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ განვბლოკეთ ტრანზიტი, წინააღმდეგ შემთხვევაში უკრაინა დაბლოკილი დარჩება და ჩვენ, პარტნიორებთან ერთად ვერ მივცემთ რუსეთს საშუალებას, ისარგებლოს ამ სიტუაციით“, – განაცხადა სვირიდენკომ.
უნგრეთმა გააფართოვა უკრაინიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტზე დაწესებული დროებითი აკრძალვა, რომელიც ამჟამად მოიცავს თაფლს, ღვინოს, პურს, შაქარს და ხორცის პროდუქტებისა და ბოსტნეულის სპექტრს.

აკრძალული საქონლის სია ჩაიდო მთავრობის ბრძანებაში, მას მერე, რაც ბუდაპეშტმა გამოაცხადა, რომ დროებით წყვეტს მარცვლეულის, ზეთის თესლის და სხვა ტიპის პროდუქციის იმპორტს.
15 აპრილს პოლონეთმა და უნგრეთმა გამოაცხადეს, რომ დროებით, სულ მცირე 30 ივნისამდე, კრძალავენ უკრაინიდან მარცვლეულისა და ათობით საკვები პროდუქტის, კერძოდ, ხილისა და ბოსტნეულის, ღვინის, საქონლისა და ხბოს ხორცის, ფრინველის, კვერცხისა და რძის პროდუქტების იმპორტს. პოლონეთის ხელისუფლებამ ეს “მოქალაქეების ინტერესების დაცვით” ახსნა, უნგრეთმა – “ადგილობრივი სოფლის მეურნეობის სექტორის დაცვის აუცილებლობით”.

ბოლო დღეებში პოლონეთმა, უნგრეთმა და სლოვაკეთმა აკრძალეს მარცვლეულის და კვების სხვა პროდუქტების იმპორტი უკრაინიდან, რომელიც ეომება იქ შეჭრილ რუსეთს. ეს მოხდა მას მერე, რაც ფასების ვარდნამ ადგილობრივი ფერმერების პროტესტი გამოიწვია. მოელიან, რომ 19 აპრილს ანალოგიური განცხადებით გამოვა ბულგარეთიც.
გადაწყვეტილება დაგმო ევროკომისიამ და მათი დაუყოვნებლივ გაუქმება მოითხოვა. ორშაბათს სლოვაკეთის ხელისუფლებამაც შეაჩერა უკრაინიდან მარცვლეულის და რიგი საკვები პროდუქტების იმპორტი.
2022 წლის მაისში ევროკავშირმა უკრაინას, როგორც ომში მყოფ ქვეყანას, ეკონომიკის მხარდასაჭერად ერთი წლით გააუქმა იმპორტზე გადასახადი და კვოტები. ვარაუდობდნენ, რომ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის ძირითადი ნაწილი პოლონეთისა და სხვა სასაზღვრო ქვეყნების გავლით გაიგზავნებოდა შემდგომ მომხმარებლებზე, მათ შორის აზიასა და აფრიკაში. თუმცა, რეალურად, გამოჩნდა, რომ დიდი რაოდენობით უკრაინული პროდუქცია პოლონეთში, უნგრეთსა და რუმინეთში რჩებოდა.

გადასახადების გაუქმების გამო იაფი უკრაინული პროდუქციის შედინებამ განაპირობა ის, რომ მკვეთრად შემცირდა ადგილობრივი საქონლის კონკურენტუნარიანობა. ამან უკრაინის მოსაზღვრე ქვეყნების, მათ შორის პოლონეთისა და უნგრეთის ფერმერების უკმაყოფილება გამოიწვია.
ამ დროისთვის უცნობია, დათანხმდება თუ არა რუსეთი მარცვლეულის შეთანხმების მოქმედების ვადის გახანგრძლივებას.

მსგავსი პოსტები

Back to top button