მნიშვნელოვანისიახლეები

“მთის ამბების” ინფორმაციით სტიქიის ზონაში ჟურნალისტებს აღარ უშვებენ

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ხელისუფლებას მოუწოდებს, არ შეუშალოს ხელი მედიის წარმომადგენლებს მუშაობაში და შეწყვიტოს მათზე სიტყვიერი თავდასხმები

ამბროლაურის საკრებულოს წევრმა „ქართული ოცნებიდან” ელიზბარ კობახიძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა „მთის ამბების“ ჟურნალისტებს, რომლებიც ბოლო ორი დღის განმავლობაში რაჭაში, კურორტ შოვში სტიქიას აშუქებდნენ.
როგორც გელა მთივლიშვილი პირდაპირ ეთერში ამბობს, გასაშუქებლად შესვლა 4 ჟურნალისტს სურს და მათ ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელს უკანონოდ უშლიან.
საკრებულოს დეპუტატმა ჟურნალისტებს მიმართა: „თქვენ არ ხართ ქართველები, ხართ მოგზავნილები”. ელიზბარ კობახიძემ „მთის ამბების“ დამფუძნებელი და ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი თავდაპირველად „არასწორი კადრის“ გადაღებაში დაადანაშაულა და მოგვიანებით, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ელიზბარ კობახიძეს გამოესარჩლა საქართველოს პარლამენტში „ქართული ოცნების“ დეპუტატის, გოჩა ენუქიძის სამაჟორიტარო ბიუროს ხელმძღვანელი გიორგი მახათაძე, რომელსაც გელა მთივლიშვილმა ამ სიტყვებით მიმართა: „თქვენსავით დაწკეპილი კი არ მოვსულვარ, პოლიეთილენის შეფუთვებით ფეხსაცმელზე“. „ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს ხელმძღვანელი გიორგი მახათაძე და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარის რწმუნებულის პირველი მოადგილე ქრისტინა კობახიძე. ონის მუნიციპალიტეტის მერია. 17 აგვისტო, 2022 წელი.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ხელისუფლებას მოუწოდებს, არ შეუშალოს ხელი მედიის წარმომადგენლებს მუშაობაში და შეწყვიტოს მათზე სიტყვიერი თავდასხმები.

ქარტია აღნიშნავს, რომ მედიასაშუალებები მაქსიმალურად ცდილობენ საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია შოვში ჩამოწოლილი მეწყრის შემდეგ დაკარგულ ადამიანებზე, სამძებრო სამუშაოებსა და ხელისუფლების მხრიდან დაგეგმილ თუ დაუგეგმავ აქტივობებზე.

მათი განცხადებით, ამის პარალელურად, ხელისუფლების წარმომადგენლები, მათთვის მიუღებელი და კრიტიკული კითხვების გამო, სიტყვიერად თავს ესხმიან მედიასაშუალებების წარმომადგენლებს.

“ადგილობრივი ხელისუფლებისა და ქართული ოცნების წარმომადგენლებმა მთის ამბების ჟურნალისტებს, რომლებიც პირველი საათების განმავლობაში იყვნენ ინფორმაციის მთავარი წყარო და ამ დრომდე აქტიურად მუშაობენ ტერიტორიაზე, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს კი წყალში გადაგდებით დაემუქრნენ.

საქართველოს ხელისუფლებას შევახსენებთ, რომ მედიის მოვალეობაა საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია და დასვას კრიტიკული კითხვები, ხოლო ხელისუფლებას აქვს ვალდებულება, უპასუხოს ამ კითხვებს, მით უფრო მაშინ, როდესაც საუბარია ამ მასშტაბის ტრაგედიაზე და საკითხის მიმართ არსებობს მაღალი საჯარო ინტერესი და ლეგიტიმური კითხვები”, – აღნიშნავენ ქარტიაში.

გუშინ მთის ამბებმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ამბროლაურის საკრებულოს წევრი ქართული ოცნებიდან ელიზბარ კობახიძე გამოცემის ჟურნალისტებს შეურაცხყოფას აყენებს.

“გადაგაგდებ წყალში”, – უთხრა მან ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს.

გამოცემის ინფორმაციით, ხელისუფლების წარმომადგენლები და მასთან დაახლოებული პირები მთის ამბებს მთელი დღის განმავლობაში საყვედურობდნენ შოვის სტიქიის გაშუქებას და რამდენჯერმე დაძაბულობის პროვოცირებაც მოახდინეს.

რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტის კურორტ შოვში, სასტუმრო „სანსეტ შოვის“ მახლობლად მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა.

მაშველებმა სტიქიის არეალში 11 ადამიანის ცხედარი იპოვეს. სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button