ომში მყოფი პრეზიდენტი ბახმუტის აღებას არ ადასტურებს
ბახმუტი კვლავ საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრია

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კვირას უარყო ცნობები იმის შესახებ, რომ რუსეთის არმიამ მთლიანად დაიპყრო ბახმუტი რამდენიმეთვიანი მძიმე ბრძოლების შემდეგ. „ჩვენ ვდგავართ, ვაგრძელებთ ბრძოლას,“ თქვა ზელენსკიმ ჰიროსიმაში გამართულ პრესკონფერენციაზე, „დიდი შვიდეულის“ (G7) სამიტის ფარგლებში.
„მე ნათლად მესმის, რაც ხდება ბახმუტში, მაგრამ დეტალებს ვერ დავასახელებ ჩვენი სამხედროების ტაქტიკაზე… მე არ გავამხელ მათ ადგილსამყოფელს. ბახმუტი ამჟამად არ არის ოკუპირებული რუსეთის ფედერაციის მიერ. არ არსებობს ამ სიტყვების ორი ან სამი ინტერპრეტაცია,“ აღნიშნა ზელენსკიმ.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „დიდი შვიდეულის“ სამიტზე ჟურნალისტებმა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრის წინ ჰკითხეს უკრაინის პრეზიდენტს, რჩება თუ არა ბახმუტი უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელში. „ვფიქრობ, არა… დღეისთვის ის მხოლოდ ჩვენს გულებშია,“ ზელენსკის პასუხის ეს ვერსია მოაქვს სააგენტო Reuters-ს.
Agence France-Presse-მა აღნიშნა, რომ ბახმუტის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკის პასუხი არ იყო ბოლომდე ნათელი. „თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ ქალაქიდან არაფერი დარჩენილა. დღეს ბახმუტი მხოლოდ ჩვენს გულებშია,“ მოჰყავს AFP-ს ზელენსკის სიტყვები.
Financial Times-ის კიეველმა კორესპონდენტმა მოგვიანებით ტვიტერში დაწერა, რომ ზელენსკის წრემ ბახმუტის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის სიტყვების ინტერპრეტაციას არასწორი უწოდა და რომ მას არ დაუდასტურებია ქალაქის დათმობა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ, სავარაუდოდ, თქვა, რომ ბახმუტი დაკარგულია იმ გაგებით, რომ იგი მთლიანად განადგურებულია, ლაპარაკია კრისტოფერ მილერის პოსტში.
უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანი სერგეი ნიკიფოროვი ფეისბუკში წერს ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვების არაზუსტ ინტერპრეტაციაზე. ნიკიფოროვმა აღნიშნა, რომ რეპორტიორის შეკითხვა იყო: „რუსეთი აცხადებს, რომ ბახმუტი აიღო“. სწორედ ამაზე უპასუხა ზელენსკიმ: „ვფიქრობ, არა“.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ადრე დაადასტურა რუსეთის ძალების მიერ ბახმუტის აღება. ამის შესახებ მისმა პრესსამსახურმა განაცხადა შაბათს ღამით. პუტინმა მიულოცა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ქვედანაყოფებს და რუსეთის შეიარაღებულ ძალებს და სახელმწიფო ჯილდოებს დაჰპირდა ყველას, ვინც თავი გამოიჩინა.
ამავე დროს, პრეზიდენტის მილოცვაში პირველ რიგში მოხსენიებულია „‘ვაგნერის’ მოიერიშე რაზმები“ და მხოლოდ ამის შემდეგ – „რუსეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც უზრუნველყოფდნენ მათ საჭირო მხარდაჭერას და ფლანგების დაცვას“. ადრე პუტინიც და რუსეთის თავდაცვის სამინისტროც ამჯობინებდნენ, არ დაესახელებინათ უკრაინაში მებრძოლი კერძო სამხედრო კომპანიების სახელები და მათ „მოხალისეებად“ მოიხსენიებდნენ.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი აცხადებს, რომ ბახმუტი კვლავ საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრია. ამის შესახებ ნათქვამია გენშტაბის მიერ დილით გამოქვეყნებულ ანგარიშში.
„მოწინააღმდეგე განაგრძობს ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირებას კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკისა და მარინკის მიმართულებებზე. სულ, გასული დღე-ღამის განმავლობაში ფრონტის აღნიშნულ მონაკვეთებზე 53 საბრძოლო შეტაკება მოხდა, საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრში რჩებიან ბახმუტი და მარინკა“, – ნათქვამია გენშტაბის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა, ევგენი პრიგჟინმა განაცხადა, რომ რუსეთის ძალებმა ბახმუტი სრულად დაიკავეს. მოგვიანებით ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომაც განაცხადა.
უკრაინის თავდაცვის უწყებაში კი აცხადებენ, რომ ბახმუტში შექმნილი კრიტიკული სიტუაციის მიუხედავად, უკრაინელი სამხედროები ცალკეულ ობიექტებს აკონტროლებენ.
უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის სარდლობის სპიკერის, სერგეი ჩერევატის განცხადებით, პრიგოჟინს ბახმუტის სრული დაკავების შესახებ განცხადებით სურს, რაც შეიძლება მალე გაიყვანოს თავისი დაქირავებული მებრძოლები ქალაქიდან, რადგან „ვაგნერის“ დაჯგუფება განადგურებულია და მან თავისი საუკეთესო მებრძოლები დაკარგა.