მნიშვნელოვანისაქართველო

ოპოზიცია: არაფორმალურმა მმართველობამ და არაკომპეტენტურმა გუნდმა საქართველოს განვითარება ჩიხში შეიყვანა

“ეს არის გაჭირვების დადასტურება,” – ასე აფასებს საქართველოს „რესპუბლიკური პარტიის“ ეროვნული კომიტეტის წევრი, დავით ბერძენიშვილი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას.

ბერძენიშვილმა ექსპრემიერის ის განცხადება გაიხსენა, რომელიც ივანიშვილმა თანამდებობიდან წასვლისას გააკეთა და თქვა, რომ დიდი უბედურება უნდა მოხდეს, ის რომ პოლიტიკაში დაბრუნდეს. დავით ბერძენიშვილის განცხადებით, ივანიშვილს ახლა პასუხისმგებლობის აღება მოუწევს.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ნიკა მელია ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას აფასებს. მელიას თქმით, ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში ოფიციალური სტატუსით დაბრუნება პარტიაში არსებული კრიზისის გამო გადაწყვიტა და არა ქვეყანაში არსებული მძიმე ფონის გამო.

“ქართული ოცნების” რეალური მმართველის იძულება, ჩრდილიდან გამოსულიყო, ადასტურებს იმას, რომ ქვეყანაში ღრმა კრიზისია, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

“როგორც ჩანს, ივანიშვილმა ჩათვალა, რომ ვითარება ძალიან მძიმეა და პარტიის დღევანდელი ხელმძღვანელობა ვერ უმკლავდება არა მარტო საკუთარ პარტიას, არამედ იმ ძალაუფლებას,რომელსაც ფლობს”, – განაცხადა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ.

შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის თანამდებობაზე ბრუნდება. გადაწყვეტილება მმართველი გუნდის დღევანდელ შეხვედრაზე იქნა მიღებული. შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ივანიშვილი მის შეთავაზებას დათანხმდა. ივანიშვილი პარტიას ოფიციალურად ყრილობის შემდეგ უხელმძღვანელებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button