რადიო-მონოპოლია თბილისში და არასამათავრობოების პროტესტი

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის თბილისის მასშტაბით მოძრავ მიკროავტობუსებში რადიო-მონოპოლიის დამყარებას ეწინააღმდეგება.

კოალიცია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ ►

“2016 წლის 18 იანვარს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში – კომისია) გადაწყვეტილებით, თბილისში (ტალღაზე FM 92.3) რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გასაცემად გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა კომპანიამ – „მომხმარებელთა საყურადღებოდ“.საკონკურსო დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ ახლადშექმნილ რადიოს „მომხმარებელთა საყურადღებოდ“, მუნიციპალურ სატრანსპორტო კომპანია შპს „თბილისის მიკროავტობუსთან“ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ექნება ექსკლუზიური უფლება განახორციელოს მაუწყებლობა ქალაქში არსებულ ყველა მუნიციპალურ მიკროავტობუსში, მათ შორის, პოლიტიკურ და სოციალურ საკითხებზე.ხელშეკრულებიდან ასევე ირკვევა, რომ რადიო მაუწყებლობა დაამონტაჟებს შესაბამის სატრანსპორტო საშუალებებში ტექნიკურ დანადგარებს და მოახდენს აღნიშნული დანადგარების კონტროლს. მითითებული სერვისის სანაცვლოდ, შპს „თბილისის მიკროავტობუსში“ შემავალი კომპანიები მიიღებენ გარკვეულ თანხას (ჯამურად მიიღებენ თვეში 5000 ლარს – გარანტირებულად ერთი წლის განმავლობაში (ხოლო კონტრაქტის გაგრძელების შემთხვევაში – განუსაზღვრელი დროის განმავლობაში).

აქვე აღსანიშნავია, რომ მიკროავტობუსებით მგზავრების გადაყვანის ნებართვა თბილისის ტერიტორიაზე გააჩნია მხოლოდ აღნიშნული კომპანიის მმართველობაში შემავალ მიკროავტობუსებს. ამგვარად, ყველა მძღოლი და ის პირები, ვინც მუნიციპალური მიკროავტობუსით მოსარგებლეები არიან, ფაქტობრივად იძულებით,გარდაუვლად გახდებიან დასახელებული მხოლოდ ერთი რადიო მაუწყებლობის აუდიტორია:როგორც მიკროავტობუსის მძღოლებს, ასევე სხვა პირებს მგზავრობისას ერთმევათ შესაძლებლობა, სურვილის შემთხვევაში (ასევე) მოუსმინონ სხვა რადიო მაუწყებლობას.

მიუღებლად მიგვაჩნია მუნიციპალური სატრანსპორტო კომპანიის მიერ ამგვარი ხელშეკრულების გაფორმება, ვინაიდან ის აწესებს მოსახლეობის ძალიან ფართო სეგმენტზე ფაქტობრივ რადიო-მონოპოლიას, რაც შეუთავსებელია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებთან: არჩევანის თავისუფლებასა და მრავალფეროვან ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უფლებასთან, რასაც ყველა სახელმწიფო უწყება თუ მუნიციპალური კომპანია უნდა იცავდეს და პატივს სცემდეს.

აქვე აღსანიშნავია, რომ კომპანია „მომხმარებელთა საყურადღებოდ“ ეკუთვნის გოგა ხაინდრავას, რომელსაცსაჯაროდ ცნობილი გარემოებებიდან გამომდინარე აქვს მჭიდრო კავშირები მმართველ პოლიტიკურ გუნდთან. ეს ფაქტი, განსაკუთრებით წინასაარჩევნო კონტექსტში, კიდევ უფრო პრობლემურს ხდის სატრანსპორტო და რადიო კომპანიებს შორის დადებულ ხელშეკრულებას. აღნიშნული ხელშეკრულების პირობებით იქმნება არაკონკურენტული და არათანაბარი გარემო სხვა საინფორმაციო საშუალებებისათვის, ხოლო ინფორმაციის მხოლოდ ერთი წყაროს დაშვებით, ჩნდება ეჭვები წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩეველზე გავლენის მოხდენის მცდელობის შესახებ.

საზოგადოება ყოველთვის მძაფრად უარყოფითად რეაგირებდა მედიის შეზღუდვის მსგავს მცდელობებზე. ასე მოხდა 2012 წლის წინასაარჩევნო პერიოდშიც, როცა თბილისში მომუშავე მიკროავტობუსებში რადიომიმღებების მუშაობა აკრძალეს.

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის მოუწოდებს შპს „მომხმარებელთა საყურადღებოდ“ და შპს „თბილისის მიკროავტობუსის“ ხელმძღვანელობას, გააუქმონ მათ შორის დადებული ხელშეკრულება, რომელიც არღვევს ჯანსაღი კონკურენციის პრინციპებსა და პლურალისტულ მედიაზე წვდომის უფლებას. ვფიქრობთ, რომ საკითხი მიეკუთვნება ანტიმონოპოლური სამსახურის კომპეტენციას და დაუშვებელია ისეთი ექსკლუზიური უფლებამოსილების მინიჭება, რომელიც იწვევს კონკურენციის არამართლზომიერ შეზღუდვას”.

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ წევრები:

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია);
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია;
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“;
საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია (GARB)
რეგიონული მედიის ასოციაცია;
სატელევიზიო ქსელი
მედიაკლუბი;
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო საზოგადოებისათვის“
ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი;
სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი

მსგავსი პოსტები

Back to top button