მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

რადიო Way-ს ოფისის საკითხს ახმეტის საკრებულოში ხმაური მოჰყვა

ახმეტის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე, მხოლოდ ერთი, დუისის საზოგადოებრივი ცენტრის შენობის გასხვისების საკითხი გაიტანეს, რასაც ხმაური მოჰყვა.

დაპირისპირება, შენობის გასხვისების საკითხის დაჩქარებული წესით განხილვის მცდელობამ გამოიწვია, რის შემდეგაც ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელმა, თინა კუდიანაშვილმა, საკითხი უკან გაიწვია და დარბაზი დატოვა.

ცენტრის შენობაში განთავსებული რადიო Way-ს დამფუძნებლის, გელა მთივლიშვილის განმარტებით, შენობის გაყიდვა, ხეობიდან რადიოს გამოძევების მცდელობას უკავშირდება.

“ის, რომ პანკისის ხეობიდან გააძევონ რადიო, რომელიც გამოირჩევა დამოუკიდებელი და კრიტიკული საქმიანობით, ეს არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დავალება. ამის გადაწყვეტაში და შესრულებაში მას ეხმარება ადგილობრივი ხელისუფლება და საკრებულოს წევრების ნაწილი. ამიტომაც შემოიტანეს საკითხი დაჩქარებული წესით განხილვაზე. გუშინ გავრცელდა განცხადება, დღეს გამოეხმაურა მედიის ადვოკატირების კოალიცია, რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციასთნ გუშინვე გვქონდა კოორდინაცია, საკითხი უკან გაიწვიეს. იმის გამო, რომ წინასაარჩევნოდ არ აღმოჩნდნენ უხერხულ ვითარებაში”, – განაცხადა მთივლიშვილმა.

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, თამარ ყეინიშვილის განმარტებით, შენობის გაყიდვა, რადიო Way-ს შევიწროებას არ ემსახურება.

“ჩვენ ვიცით, რა ეხება საკრებულოს და რა ეხება მერიას. რაც შეეხება შენობის გაყიდვას, ამ საკითხზე საკრებულოს გადაწყვეტილება არ მიუღია. არ არსებობს დასტური იმისა, რომ საკრებულო ყიდის, ან არ ყიდის. ზუსტად იმიტომ ვართ აქ შეკრებილები, რომ უნდა გვემსჯელა. არასწორია, რომ რადიოს წინააღმდეგ რამეა მიმართული. ჩემი ინფორმაციით, რადიოს წინააღმდეგი, ხეობაში არავინ არ არის. დღის წესრიგში ბევრი საკითხი დგება და სწორედ იმიტომ ვართ აქ, რომ განვიხილოთ”, – განაცხადა ყეინიშვილმა.

საკითხის უკან გაწვევის შესახებ შეკითხვას არ უპასუხა საკრებულოს თავმჯდომარემ.

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის, იოსებ ქარუმაშვილის განმარტებით, საკითხის უკან გაწვევა, განმცხადებლის სურვილით მოხდა.

თავად ლუა მარგოშვილმა, რომელსაც ამ შენობაში ინგლისური ენის შემსწავლელი კურსები აქვს, განაცხადა, რომ ეტაპზე შესყიდვის სურვილი აღარ აქვს. ამიტომაც, თუ შემძენი არ არის, საკითხის დაყენებას აზრი აღარ აქვს.

“საბოლოო გადაწყვეტილება მაინც საკრებულოს მისაღები იქნებოდა. აბსურდია, რომ ვინმე რამეს გვავალებს – განაცხადა ქარუმაშვილმა რადიო ჰერეთთან.

დაპირისპირება რადიო Way-ს ირგვლივ პანკისის ხეობაში, 29 აგვისტოს დაიწყო.

ადგილობრივმა მოსახლეობამ, სოფელ დუისში, საპროტესო აქცია გამართა და რადიოს ხეობის დატოვება მოითხოვა.

მსგავსი პოსტები

Back to top button