მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ოკუპანტებმა უკრაინის ლუგანსკის ოლქში, ქალაქ სევეროდონეცკსა და ლისიჩანსკს შორის არსებული ხიდი გაანადგურეს

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ლუგანსკის ოლქში, ქალაქ სევეროდონეცკსა და ლისიჩანსკს შორის არსებული ხიდი გაანადგურეს. ამის შესახებ ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი გაიდაი „ტელეგრამის“ საკუთარ გვერდზე იტყობინება.

მისი განცხადებით, ეს „ძალიან გაართულებს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებასა და ევაკუაციას“.

გაიდაის თქმით, ეს უკვე მეორედ მოხდა, რადგან 2014 წლის ივლისში, ლისიჩანსკის გათავისუფლების დროს, სამხედროებმა ხიდი მტრის უკან დახევის დროს ააფეთქეს. მას შემდეგ, კომუნიკაცია სევეროდონეცკსა და ლისიჩანსკს შორის რთული იყო. ხიდი 2016 წელს აღადგინეს.

რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ცნობით, შაბათს, 21 მაისს ლუგანსკის რეგიონიდან 57 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. მანვე აღნიშნა, რომ სევეროდონეცკში, ლისიჩანსკში და ბელოგოროვკაში დაბომბვა ერთი საათიც არ წყდება, რადგან რუსები დღედაღამ არტილერიას იყენებენ.
ამასთან მარიუპოლის მერის ვადიმ ბოიჩენკოს განცხადებით, ქალაქი ჯანდაცვისა და სანიტარიული კატასტროფისკენ მიექანება. როგორც ის აღნიშნავს, სასმელ წყალს ზაფხულის წვიმებით დაბინძურება ემუქრება.

„გარდა ჰუმანიტარული კატასტროფისა, რომელიც რუსი ოკუპანტებისა და კოლაბორაციონისტების მიერაა შექმნილი, ქალაქი ინფექციური დაავადებების გავრცელების ზღვარზეა” , – დაწერა ბოიჩენკომ „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე.

მერმა რუსეთის ძალებს მოუწოდა, უფლება მისცენ მოსახლეობა უსაფრთხოდ დატოვონ მარიუპოლი.

ბოიჩენკომ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც რუსეთმა მარიუპოლზე კონტროლის სრულად დამყარებაზე განაცხადა.

შეგახსენებთ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ვიდეო, სადაც რუსი სამხედროები უკრაინის 36-ე სპეციალური საზღვაო ბრიგადის მეთაურს სერგეი ვოლინას აპატიმრებდნენ, რომელიც “აზოვსტალის” ფოლადის ქარხნის დაცვაში მონაწილეობდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button