მნიშვნელოვანისიახლეები

ქვეყანა პროტესტის ტალღამ მოიცვა

ქვეყანა პროტესტის ტალღამ მოიცვა. მოქალაქეები თბილისსა და რეგიონებში საწვავსა და პროდუქტებზე ფასების ზრდას აპროტესტებენ. თბილისში საპროტესტო აქცია როსტომ მეფის ქუჩაზე, “ქართული ოცნების” ოფისთან ამ წუთებში მიმდინარეობს. ადგილზე არიან სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციის წარმომადგენლებიც.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა საქართველოს 4 ქალაქში – თბილისში, ქობულეთში, ქუთაისსა და ფოთში აქციები გამართეს აქციის მონაწილეები  ამბობენ, რომ ქართული ოცნება მოქალაქეებს ატყუებს.

მათ ხელში უჭირავთ ბანერები წარწერით „მატყუარა მთავრობა”, ,,ოცნება გვაღარიბებს”, ,,ხელისუფლება დაგვცინის” და სხვა.

,,ნაციონალური მოძრაობის” წევრის ირაკლი ნადირაძის განცხადებით, იმის ნაცვლად, რომ მმართველი გუნდის წევრები ზრუნავდნენ მოქალაქეების კეთილდღეობაზე, მოშიმშილე ბავშვებზე, სოციალურად დაუცველებზე ან პენსიონერებზე, დაკავებულები არიან მხოლოდ იმით როგორ გაინაწილონ ხალხის ფული და გაუძვირონ მოსახლეობას ცხოვრება. მისივე თქმით, აქციები ყოველდღიურ რეჟიმში გაიმართება და გაზაფხულის მოსვლასთან ერთად საპროტესტო ტალღაც გაიზრდება.

გაზრდილ ფასებზე გაამახვილა ყურადღება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ბესიკ ბრეგაძემაც.

“ხელისუფლებამ რამდენიმე ლარით გაზარდა პენსია, მაგრამ ეს ვერანაირად იქნება საკმარისი, მაშინ, როცა წამლებზეც და პირველადი მოხმარების საგნებზე ფასები კატასტროფულად იზრდება”, – თქვა ბესიკ ბრეგაძემ.

გასული წლის დეკემბერში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 13.9 პროცენტამდე გაიზარდა. წინა თვესთან შედარებით ამ ზრდის ძირითადი მიზეზი კომუნალური გადასახადების 2020 წლის სუბსიდიის საბაზო ეფექტი იყო, – ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.

რამდენიმე ქალაქში საპროტესტო აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ევროკავშირის ახალი კვლევის მიხედვით, საქართველო იმქვეყნების ათეულში მოხვდა რომელთა მოსახლეობაც თავშესაფარს ეძებს. მონაცემების თანახმად, 2021 წლის ნოემბერში თავშესაფრის მოთხოვნაზე განაცხადი საქართველოს 1 680-მა მოქალაქემ შეიტანა. 

10 იანვარს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ 11 თვის მონაცემების მიხედვით, ეკონომიკური ზრდა 10,7%-ს შეადგენს.

აქციიის მონაწილეების ხმა

მსგავსი პოსტები

Back to top button