მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

იაპონიის მთავრობამ სანქციები დაუწესა რუსეთის კიდევ 17 მოქალაქეს

უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის გამო, იაპონიის მთავრობამ სანქციები დაუწესა რუსეთის კიდევ 17 მოქალაქეს. მათ შორის არიან: კორპორაცია „რენოვა“-ს ხელმძღვანელი, მილიარდერი ვიქტორ ვექსელბერგი, „პუტინის ბანკირად“ წოდებული იური კოვალჩუკის ოჯახის 5 წევრი და რუსეთის დუმის 11 დეპუტატი, მათ შორის კომუნისტების ლიდერი გენადი ზიუგანოვი.

სანქციები ითვალისწინებს მათი აქტივების გაყინვას და იაპონიაში ჩასვლის აკრძალვას. სააგენტო Reuters-ი იაპონიის ფინანსთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ ტოკიოს მიერ სანქცირებული რუსების რიცხვი 61-მდე გაიზარდა.

აშშ-ის მთავრობამ სანქციების სიას დაამატა რუსეთის 11 სამხედრო მაღალჩინოსანი – რუსეთის ეროვნული გვარდიის მეთაური ვიქტორ ზოლოტოვი, სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ფედერალური სამსახურის დირექტორი დმიტრი შუგაევი, ფედერალური უწყების, „როსობორონექსპორტის“ გენერალური დირექტორი ალექსანდრ მიხეევი და რუსეთის თავდაცვის მინისტრის 8 მოადგილე.

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების “დამოუკიდებლობის” აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

პუტინს უკრაინაში “სპეციალური სამხედრო ოპერაციის” მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის “დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია”. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე.

კიევის ოფიციალური მონაცემებით, დაღუპულია 1300-მდე სამხედრო მოსამსახურე. ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებულთა და უკრაინიდან ლტოლვილთა რაოდენობა 4.5 მილიონს აჭარბებს.

უკრაინაზე თავდასხმის გამო, ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა რუსეთის ეკონომიკის და საფინანსო სექტორებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათთან დაახლოებულ ბიზნესმენებს უპრეცედენტო სანქციები დაუწესეს. დასავლეთი უკრაინას უწევს სამხედრო და ფინანსურ დახმარებასაც.

რუსეთის მიმართ წამოყენებულ სანქციებს, კიდევ ერთი პუტინთან დაახლოებული ოლიგარქის $140 მილიონიანი იახტა შეეწირა – ესპანეთში, რუსული სახელმწიფო კორპორაცია “როსტეხის” ხელმძღვანელს სერგეი ჩემეზოვს იახტა ჩამოართვეს. თუმცა, ფორმალურად, იახტა მის გერზე – ანასტასია იგნატოვაზე იყო დარეგისტრირებული.

ცნობისთვის, ადრე სერგეი ჩემეზოვმა განაცხადა, რომ “სანქციების მიუხედავად, რუსეთი უკრაინასთან ომიდან გამარჯვებული გამოვა.”

მსგავსი პოსტები

Back to top button