მნიშვნელოვანისიახლეები

საქართველოს კარი ღიაა ტურისტებისთვის ეს შეიძლება იყოს რუსი შეიძლება იყოს ამერიკელი

პარტია “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი და ამავდროულად თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ საპროტესტო აქცია, რომელიც ბათუმში Astoria Grande-ს ჩასვლის გამო იმართება, ქვეყნის წინააღმდეგ არის მიმართული. მისი თქმით, “ნებისმიერი ეროვნების ტურისტის ჩამოსვლა ქვეყნის ეკონომიკაზე დადებითად აისახება”.

“საქართველოს კარი ღიაა ტურისტებისთვის. ეს შეიძლება იყოს რუსი, ევროპელი, ამერიკელი. პრობლემას ვერ ვხედავ. ჩამობრძანდნენ, მთავარია, ყველამ პატივი სცეს საქართველოს კონსტიტუციას, დაიცვას კანონი. დახარჯონ თანხები, ეს ფული ხომ საქართველოს ეკონომიკაში მიდის. ეს პროტესტი ისევ და ისევ საქართველოს წინააღმდეგ არის მიმართული. არ სიამოვნებთ, რომ ქვეყანაში მშვიდობაა”, – ამბობს კახა კალაძე.

„ქაჯობა” ყველაზე მსუბუქი შეფასებაა, რაც კობახიძემ გააკეთა – საქმე გვაქვს სიყალბესთან, რომელიც საკმაოდ სერიოზულად გადმოსჩქეფს “ნაცმოძრაობის” ამ აქციაში, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე – სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც ბათუმში სოჭიდან შემოსულ ლაინერთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ლაინერის შემოსვლას “ის ხალხი აპროტესტებს, ვინც კუდის ქიცინით ხვდებოდა რუსეთის მხრიდან შემოსულ ტურისტებს, ეკონომიკას და ვინც, მთელი საქართველოს სტრატეგიული ობიექტები რუსეთს მიყიდა”.

“შეიძლება გულწრფელადაც არის ვინმე იქ მისული, მაგრამ ეს არის ხალხი, ვინც კუდის ქიცინით ხვდებოდა რუსეთის მხრიდან შემოსულ არამარტო ტურისტებს, ეკონომიკას და მთელი საქართველოს სტრატეგიული ობიექტები რუსეთს მიყიდა. ახლა ზუსტად იგივე ხალხი აპროტესტებს იმ გაგებით, რომ თურმე ლაინერმა დაარღვია საოკუპაციო კანონი, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს.

რუსეთთან რასაკვირველია როგორც პოლიტიკურად, მორალურადაც ყოველთვის მართლები ვიყავით 90 – იანი წლებიდან მოყოლებული. ამ სტრატეგიულ დაპირისპირებას ჩვენს და რუსეთს შორის აქვს გარკვეული განზომილებები, სადაც “ნაცმოძრაობა” არ მოიაზრება არანაირად როგორც რაიმე პოზიტივის მატარებელი. ამ ურთულეს სიტუაციაში ის პოლიტიკა, რასაც “ნაცმოძრაობა” ანუ გუშინდელი რუსეთისადმი მლიქვნელი პოლიტიკური ძალა ატარებს, არის დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნისთვის. მადლობა ღმერთს თავის რაოდენობით ბევრნი არ არიან, თუმცა ხმაური და გადაცდომები, მათ შორის პოლიციასთან დამოკიდებულება არის თვალში საცემი.

მათ სურთ პოლიტიკური შინაარსი მიეცეს ყველაფერს, რასაც ჰქვია რუსეთთან ურთიერთობა. არც ერთი ნიშანი, არც ეკონომიკური სანქციების არიდება არ დაადასტურეს ყველაზე მაღალმა შემმოწმებლებმა, მათ შორის აშშ- დან, არავინ ამას არ ადასტურებს, გარდა “ნაცმოძრაობისა”, რომლებიც შავ ხვრელებს იქ არ ეძებენ, სადაც უნდა ეძებდნენ, სადაც არის ეს შავი ხვრელები არის მათი მოღალატეობრივი საქმიანობა, რომელიც საქართველოს აზიანებს უკვე სერიოზულად დაახლოებით 2006 წლიდან მოყოლებული, როცა ვითომ პატრიოტული დროშის ქნევით რუსებს ჩააბარეს საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი და ყველა საკვანძო სტრატეგიული ობიექტი. ეს არის მოღალატეობრივი შინაარსის მქონე პოლიტიკური პარტია, რომელიც ყალბ აქციებს აწყობს, რათა გადაფაროს ის დანაშაულებები, რაც მათ შორის, ჰქონდათ რუსეთთან ურთიერთობაში და 2008 წელს სამხედროების ცხედრები არ იყო ჯერ გაციებული, როცა კუდის ქიცინით ხვდებოდნენ შემოსულ რუსებს ჩვენს ტერიტორიებზე,”- განაცხადა ვოლსკიმ.

ბათუმში რაც ხდება, ეს ჩემთვის არის კიდევ ერთი დემონსტრირება ორმაგი სტანდარტის, ხელმოცარულებმა, პულსი რომ არ ესინჯებათ რეიტინგში, ახლა ვითომ რაღაცას მიაგნეს და გამოეკიდნენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

როგორც ირაკლი ზარქუამ აღნიშნა, ეტყობა, ახლა ბათუმში ისვენებენ და იქ უფრო ადვილია, დადგან სპექტაკლი.

„მათი ლიდერი სახმელეთო საზღვარზე ეპატიჟებოდა, როცა ჯერ კიდევ რუსების მიერ დაბომბილ ჩვენს სახლებს ბოლი ასდიოდა, ჩვენი ბიჭების ცხედრები ისევ ბრძოლის ველზე იყო დაყრილი და ესენი კიდევ ეპატიჟებოდნენ რუსებს საზღვარზე. ეს როგორ არის?! გემით შემოვა თუ ლარსის ხეობით ავტომობილით რა განსხვავებაა? თუ ჰგონიათ, ვინც ლარსიდან შემოდის, ყველა ისე ფიქრობს, როგორც ჩვენ გვაწყობს? სააკაშვილი და მაშინდელი „ენჯეოშნიკები“ ერთად ეპატიჟებოდნენ რუსებს. აი, ქალბატონი ლიაკა, რუსული ფულით რომ ფინანსდება, ახლა რომ ვაშაძე გაემიჯნა. ვაშაძე რომ გაგემიჯნება, წარმომიდგენია, რა პოლიტიკოსი ხარ და ხაბეიშვილს რომ მიანიჭებს უპირატესობას, შემირცხვენია ასეთი პოლიტიკოსი. მიტინგების ფასიანი წამყვანი რომ არის მშვილდაძე, გახსოვთ მათი განცხადებები რუსეთთან დაკავშირებით, შემოვიდნენ, ფული უნდა დახარჯონო – ახლა არ მოსწონთ? ეს არის ორმაგი სტანდარტი. გახსოვთ, ოკუპაციის კანონის დარღვევის გამო რუსი ბლოგერი ალექსეი რომანოვი რომ არ შემოუშვეს, როგორ გაერთიანებულად გვიტევდნენ ოპოზიციიდან ეს ხელმოცარულები. როცა აწყობთ მაშინ შემოსაშვებია, თუნდაც დარღვეული ჰქონდეს ოკუპაციის შესახებ კანონი ამა თუ იმ ადამიანს და როცა მათთვის მიუღებელია, იქ უკვე მედგრად, ცრუ პატრიოტიზმს და რაღაცებს იგონებდნენ. ეს არის ამათი სახე. ახლა იციან, რომ არჩევნები მოახლოვდა, პულსი არ ესინჯებათ და რაღაცით ხალხი ხომ უნდა გაართონ. ამიტომ ხართ უსახურები, უპრინციპოები და ამიტომაც არის, რომ ქართველმა ხალხმა შეგნებულად და გააზრებულად პოლიტიკურ სანაგვეზე მოგისროლათ. ლარსს იმიტომ ვერ ირჩევენ, რომ ლარსი სწორედ მათმა ბელადმა გახსნა რუსებისთვის და უვიზო მიმოსვლა დაუწესა. იქ აქციებს მართავდა, რომ, აბა, შემოდით, ლამის უჩოქებდა და სთხოვდა, რომ შემოსულიყვნენ. ლარსის გახსნა თავიანთ ბელადს უკავშირდება და იქ როგორ მივლენ. ეტყობა, ახლა ბათუმში ისვენებენ და იქ უფრო ადვილია, დადგან სპექტაკლი.

მინდა, იმ პოლიციელებს, იმ მაგარ ბიჭებს მადლობა ვუთხრა, რომ, მიუხედავად შეურაცხყოფისა, ისინი აკადემიურად დგანან და იცავენ პოლიციის მუნდირს და წესრიგს. მიუხედავად დაუმსახურებელი შეურაცხყოფისა, ისინი დგანან და საქართველოს ინტერესებს, სამართლიანობას და ყველას ინტერესს იცავენ“, – განაცხადა ზარქუამ.

ბათუმის ნავსადგურში საკრუიზო ლაინერის, Astoria Grande-ს შესვლის საპროტესტო აქციაზე პოლიციამ 23 ადამიანი დააკავა. მათ შორის ერთი უკრაინის მოქალაქეა. ყველა დაკავებულს შინაგან საქმეთა სამინისტრო ედავება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენას – წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას.
გემი ASTORIA GRANDE, რომელზეც რუსული მუსიკალური არხის მიერ ორგანიზებული კრუიზის მონაწილეები იმყოფებიან, 29 ივლისს სოჭის პორტიდან გავიდა და დღეს, 31 ივლისს, 05:30 საათზე თურქეთის ტრაპიზონიდან ბათუმში შევიდა. საპროტესტო აქცია ჯერ კიდევ გემის შესვლამდე, წუხელ დაიწყო მას შემდეგ, რაც ბათუმის ნავსადგურში პოლიციამ ჯებირები აღმართა.

ბათუმის ნავსადგური სოჭიდან გამოსული საკრუიზო გემის – Astoria Grande-ს – მგზავრებმა, სავარაუდოდ, პოლიციის კორდონების გავლით დატოვეს. ავტობუსებსა და მიკროავტობუსებს, რომლებშიც, სავარაუდოდ, რუსეთიდან ბათუმში ჩაყვანილი ტურისტები ისხდნენ, აქციის მონაწილეები ესროდნენ კვერცხებსა და ბოთლებს.პალაუს დროშით მცურავი გემი ASTORIA GRANDE, რომელსაც თურქული საკრუიზო კომპანია Miray Cruises International-ი ემსახურება, ბათუმის ნავსადგურში 27 ივლისსაც შევიდა. გემი საპროტესტო აქციით გააცილეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button