მნიშვნელოვანისიახლეები

ქვეყანა კოვიდის მეექვსე ტალღის პიკში

დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 11 235 შემთხვევა

საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 34 პაციენტი. 17 130-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

სამთავრობო საიტზე, stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ 24 საათში ჩატარებული 33 905 ტესტირებიდან დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 11 235 შემთხვევა. კვირა დღეს ტესტირების მაჩვენებელი, როგორც წესი, შემცირებულია და, შესაბამისად, წინა დღეებთან შედარებით ნაკლებია ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რიცხვი, რომელიც ორშაბათობით ქვეყნდება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ გასული კვირის ბოლოს განაცხადა, რომ ქვეყანაში ეპიდემიის მორიგი ტალღის პიკია და სიტუაცია დაღმავალი ფაზისკენ წავა თუ არა, ამაზე იმსჯელებენ იმის მიხედვით, რა მონაცემები იქნება ამ კვირის სამშაბათს და ოთხშაბათს.

ამჟამად ქვეყანაში აქტიურად ცირკულირებს კორონავირუსის “ომიკრონ” ვარიანტი. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, ინფიცირებულთა 90-95%-ს “ომიკრონი” აქვს.

ქვეყანა კოვიდის მეექვსე ტალღის პიკში – ექიმები ვარაუდობენ, რომ დაინფიცირებულთა რაოდენობის კლება ქვეყანაში მხოლოდ თებერვლის ბოლოსთვის დაიწყება. ისინი მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში მკვეთრად იმატა რეინფიცირების შემთხვევებმა და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს განსაკუთრებული ყურადღება მართებთ. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები საზოგადოებას რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებენ.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში დევი ტაბიძე ამბობს, რომ ვირუსის მაღალი მაჩვენებლები კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება.
ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა კი მოსახლეობას ვაქცინაციისა და “ბუსტერ” დოზების გაკეთებისკენ მოუწოდებს.

ეპიდემიოლოგები

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დეკემბრის შუა რიცხვებიდან დღემდე, საქართველოში გრიპის ვირუსის 72 შემთხვევაა დადასტურებული.

როგორც გამყრელიძემ განაცხადა, წელს ჭარბობს A ტიპის H3 ვირუსი და ასევე, ცირკულირებს რესპირატორულ-სინციტიალური, ადენო და ენტერო ვირუსები. გარდა ამისა, გამყრელიძის თქმით, პაციენტში ერთდროულად კოვიდ-19 და გრიპის ვირუსი ჯერჯერობით ლაბორატორიულად არ დადასტურებულა.

„ახლა რესპირაციული ვირუსების სეზონია და კორონავირუსთან ერთად ცირკულირებს სხვა რესპირაციული ვირუსები, მათ შორის გრიპის ვირუსი. დეკემბრის შუა რიცხვებიდან ლაბორატორიულად დადასტურებულია გრიპის ვირუსის სხვადასხვა შტამი. წელს, ძირითადად პრევალირებს A ტიპის H3 ვირუსი და დაფიქსრებულია A ტიპის H1 და გრიპის B ვირუსიც. შედარებით ნაკლებია რინოვირუსი, თავისთავად ცირკულირებს რესპირატორულ-სინციტიალური ვირუსი, ადენოვირუსი, ენტერო ვირუსი“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button