მნიშვნელოვანისიახლეები

„არ ვიცი ლავროვის სიძე იყო თუ სხვა ადამიანი თუ მოქალაქეს „ოკუპაციის შესახებ“ კანონი დარღვეული არ აქვს საქართველოში შემოსვლა შეუძლია

არ შეიძლება სანქცია ეხებოდეს ოჯახის წევრს ეს ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების სტანდარტებს

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თუ მოქალაქეს „ოკუპაციის შესახებ“ კანონი დარღვეული არ აქვს, საქართველოში შემოსვლა შეუძლია.
კალაძე სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ დაკავშირებულ მოვლენებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე ცალკეული პირები სპეკულირებენ, რაც ორმაგი სტანდარტია.
„არ ვიცი ლავროვის სიძე იყო თუ სხვა ადამიანი, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მნიშვნელოვანია ერთი რამ, ამ ადამიანებს ჰქონდათ თუ არა დარღვეული “ოკუპაციის შესახებ“ კანონი. შესაბამისად, თუ ამ ადამიანებს არ ჰქონდათ აღნიშნული კანონი დარღვეული, მათ სრული უფლება ჰქონდათ შემოსულიყვნენ საქართველოში”, – განაცხადა კალაძემ.
მისი განმარტებით, განვითარებული მოვლენები სპეკულაციაა.
„ეს არის ჩვეულებრივი სპეკულაციები, ესენი არიან ფარისევლები, საერთოდ არანაირი დემოკრატია, ქვეყნის არავითარი სიყვარული, უბრალოდ, ძალიან დიდი დაშორებაა ამ ადამიანებსა და ზოგადად, დემოკრატიულ ღირებულებებს შორის. ესენი გახლავთ ადამიანები, ვინც ქვეყანას გარკვეული წლების განმავლობაში მართავდნენ, ჩვენ გვახსოვს ამ ადამიანების განცხადებები 2008 წლის ომის შემდეგ, როდესაც ღიად მოუწოდებდნენ რუსებს ჩამოსულიყვნენ, საქართველოში ემოგზაურათ, ბიზნესი ეკეთებინათ. ასევე, გვახსოვს ოფიციალური წერილები ომიდან რამდენიმე დღის შემდეგ, როდესაც იწვევდნენ რუსებს საქართველოში ჩამოსასვლელად. დღეს ვისმენთ მათ განცხადებებს. ესენი არიან ჩვეულებრივი ფარისევლები, სპეკულირებენ. ნებისმიერმა ადამიანმა შეიძლება ნახოს, რომ ეს არის ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტი“, – განაცხადა კალაძემ.

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საქართველოში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ოჯახის წევრების სტუმრობას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ არ შეიძლება სანქცია ეხებოდეს ოჯახის წევრს, ეს მიდგომა ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების სტანდარტებს.
მისი განმარტებით, საქართველო ოკუპაციის შესახებ კანონით ხელმძღვანელობს და თუ ამ შემთხვევაში აღნიშნული კანონი არ იყო დარღვეული, საბაჟო სამსახურს არ ჰქონდა საფუძველი, რომ კონკრეტული პირები საქართველოში არ შემოეშვა.
“უნდა ითქვას რა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობს სახელმწიფო ქვეყანაში კონკრეტული ადამიანების შემოსვლის დროს. როგორც მოგეხსენებათ, საქართველო არ არის მიერთებული სანქციებს, ჩვენ არ გვაქვს დაწესებული სანქციები რუსეთის ფედერაციისთვის და ამის მიზეზები არა ერთხელ განიმარტა. არსებობს კანონი ოკუპაციის შესახებ, მთავარი კრიტერიუმი არის ოკუპაციის შესახებ კანონის დარღვევა-არ დარღვევა. ამ შემთხვევაში, თუ არ იყო დარღვეული ოკუპაციის შესახებ კანონი, რა თქმა უნდა, საბაჟო სამსახურს არ ჰქონდა საფუძველი იმისათვის, რომ კონკრეტული პირები არ შემოეშვა საქართველოში. დანარჩენზე შესაბამისი უწყებები გასცემენ პასუხს, მაგრამ თქვენც გირჩევთ, რომ თავიდან ბოლომდე იხელმძღვანელოთ „ოკუპაციის შესახებ“ კანონით, რომელიც არის მთავარი სახელმძღვანელო პრინციპი თითოეული უწყებისთვის.
პერსონების სანქცირებასთან დაკავშირებით მინდა განვმარტო ორი რამ – პირველი, როდესაც ჩვენ არ ვუერთდებით სანქციებს ამაში იგულისხმება, მათ შორის, პერსონალური სანქციებიც, ანუ ჩვენ არ ვუწესებთ რუსეთის ფედერაციას სანქციებს და ამაში იგულისხმება, მათ შორის, პერსონალური სანქციების არ დაწესებაც. მეორე, თეორიულადაც, რომ განვიხილოთ ვინმეს პერსონალური სანქცირება რამის გამო, ეს შეიძლება შეეხებოდეს, როცა საქართველოზე, სამართლებრივ სახელმწიფოზეა საუბარი, მხოლოდ იმ ადამიანებს ვისაც დანაშაულებრივი ქმედება აქვთ უშუალოდ ჩადენილი. არ შეიძლება სანქცია ეხებოდეს ოჯახის წევრს, ეს მიდგომა ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების სტანდარტებს. მე ვარ ადამიანის უფლებების სპეციალისტი, გერმანიაში მაქვს თავის დროზე ეს სფერო ნასწავლი და პირდაპირ, თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ოჯახის წევრის სანქცირება უხეშად ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების სტანდარტებს და ეს არის ძალიან რბილი შეფასება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ მისთვის გასაგებია ის პროტესტი, რომელიც 20 მაისს მოქალაქეებმა გამოთქვეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოჯახის წევრების საქართველოში ვიზიტის გამო. ამის შესახებ მან სტრასბურგიდან დაბრუნების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში
“როდესაც შენი ქვეყანა არის ოკუპირებული, ასეთი ვიზიტები, განსაკუთრებით, როდესაც მაღალი თანამდებობის პირების შვილები ჩამოდიან, განსაკუთრებული სენსიტიურობით აღიქმება. სრულიად გასაგები არის იმ ადამიანების აღშფოთება, რომელიც მივიდნენ და პროტესტი გამოხატეს”, – თქვა ლევან იოსელიანმა.

ცნობისთვის, სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ აქცია გუშინ, დილიდან მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეები სასტუმრო „ყვარლის ტბაში“ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოჯახის წევრების ყოფნას აპროტესტებდნენ.

საპროტესტო აქციაზე ვითარება პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის რამდენჯერმე დაიძაბა, ადგილზე, ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, დაკავებულია 16 პირი.

მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგი გამართა. პრეზიდენტის თქმით, მან პირობა მიიღო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისგან, რომ „წასულია ის ოჯახი, ის ადამიანები, რომლებიც აპირებდნენ დღეს ქორწილის მეორე ნახევრის გადახდას და ამდენად, დღეს ქორწილი აღარ ჩატარდება“.

მოგვიანებით, კიდევ ერთი აქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა და მხარდამჭერებმა საგარეჯოს პოლიციის შენობასთან გამართეს და სასტუმრო „ყვარლის ტბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციაზე დაკავებულების გათავისუფლება მოითხოვეს. აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის სიტუაცია აქაც დაიძაბა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი ლაშა ფარულავა და გიორგი ლომიძე მას შემდეგ დააკავეს, რაც მათ საგარეჯოს პოლიციასთან სიმღერა „მიშა მაგარია“ ჩართეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button