პუტინმა რუსეთის საჰაერო სივრცეში მომხდარი „ტრაგიკული ინციდენტის“ გამო ილჰამ ალიევს ბოდიში მოუხადა
კრემლის პრესსამსახურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ სატელეფონო საუბარი რუსეთის ინიციატივით შედგა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს მოუბოდიშა „აზერბაიჯანის ავიახაზების“ კუთვნილის თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო.
საუბრის შესახებ ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.
ინფორმაციაში მითითებულია, რომ პუტინმა ბოდიში მოიხადა რუსეთის საჰაერო სივრცეში მომხდარი „ტრაგიკული ინციდენტის“ გამო და მიუსამძიმრა დაღუპულთა ოჯახებს.
“პუტინმა ბოდიში მოიხადა რუსეთის საჰაერო სივრცეში მომხდარი ტრაგიკული ინციდენტის გამო და კიდევ ერთხელ გამოუცხადა ღრმა და გულწრფელი სამძიმარი დაღუპულების ოჯახებს, ხოლო დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელება უსურვა. საუბრისას აღინიშნა, რომ აზერბაიჯანულმა სამგზავრო თვითმფრინავმა, რომელიც მკაცრად ასრულებდა განრიგს, არაერთხელ სცადა დაშვება გროზნოს აეროპორტში. ამ დროს გროზნოს, მოზდოკსა და ვლადიკავკაზს უკრაინული საბრძოლო უპილოტო საფრენი აპარატები ესხმოდნენ თავს და რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემები ამ შეტევებს იგერიებდნენ,” – ნათქვამია კრემლის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
თვითმფრინავი Embraer 190AR 25 დეკემბერს ჩამოვარდა, როცა აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოდან რუსეთის ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში ასრულებდა რეისს. თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა დასავლეთ ყაზახეთის ქალაქ აქთაუსთან ახლოს, ბორტზე მყოფი 67 მგზავრიდან 38 დაიღუპა.
სავარაუდოდ, აზერბაიჯანის ავიახაზების კუთვნილი თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზი რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემები იყო. გამოძიება გრძელდება, ამჟამად ოფიციალურ მიზეზად „გარეგანი ზემოქმედება“ სახელდება.
მანამდე გახდა ცნობილი, რომ აზერბაიჯანმა შესაძლოა რუსეთის მოქალაქეების მიმართ საემიგრაციო წესები გაამკაცროს მოსკოვში უცხოელებისადმი გამკაცრებული ნორმების საპირწონედ, ამის შესახებ საუბარი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
„დროებითი ყოფნისა და მიგრაციის საკითხებში, ისევე როგორც თითოეულ საგარეო პოლიტიკურ საკითხში აზერბაიჯანული მხარე, იხელმძღვანელებს პარიტეტისა და ორმხრივი ურთიერთობების პრინციპებით“, – ნათქვამია კომენტარში, უწყებაში განაცხადეს, რომ განიხილავენ შეზღუდვებს რუსეთში უცხოელებისთვის აზერბაიჯანის მოქალაქეების „უფლებების კონტექსტში“.
ცნობისთვის ყაზახეთის ქალაქ აქტაუსთან 25 დეკემბერს, აზერბაიჯანის ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბარი გამართეს. საუბრისას პუტინს არ უღიარებია, რომ თვითმფრინავი რუსეთის საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო. მან მხოლოდ ბოდიში მოიხადა, რომ “ინციდენტი” რუსეთის საჰაერო სივრცეში მოხდა.
ასევე აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის ორი თანამშრომელი გროზნოში იმყოფება, სადაც ისინი გენერალური პროკურატურის და რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლებთან ერთად მუშაობენ.
ერთ-ერთი მთავარი ვერსია, რომელიც მომხდართან დაკავშირებით გავრცელდა არის ის, რომ აზერბაიჯანის ავიახაზების კუთვნილი თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზი რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემები იყო. მომხდარი ავიაკატასტროფის შემდეგ Azerbaijan Airlines-მა რუსეთის შვიდ ქალაქში შეაჩერა ფრენა
1 იანვრიდან რუსეთი გაანახევრებს ქვეყანაში უცხოელების უვიზოდ ყოფნის მაქსიმალურ ვადას 180-დან 90 დღემდე, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა 26 დეკემბერს.
დღეს 28 დეკემბერს რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ განაცხადა, რომ აუქმებს რეისებს სოჭისა და მინერალური წყლების აეროპორტებიდან აზერბაიჯანის მიმართულებით.
როგორც სააგენტო „ინტერფაქსი“ კომპანიის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება, გადაწყვეტილება ბაქოსა და განჯის აეროპორტების მიერ სლოტების გაუქმებასთან დაკავშირებით იქნა მიღებული, რაც დაკავშირებულია აზერბაიჯანის საავიაციო ხელისუფლების მიერ გაცემული ფრენის ნებართვების გაუქმებასთან.
ზოგმა უცხოურმა ავიაკომპანიამ, მათ შორის El Al-მა, FlyDubai-მა, Qazaq Air-მა და Turkmenistan-მა, შეაჩერეს ფრენები რუსეთში.