“რაი, გოგო, რა გვითხრა იმ კაცმა, გეიო?” – ლია კამლაძის ბლოგი
ქუთაისში მხოლოდ გავლით ვარ რამდენჯერმე ნამყოფი, მაგრამ დაზუსტებულად ვიცი, რომ ქუთაისელები განსაკუთრებული, გამორჩეული ქართველები არიან. მათ ყველაფერი თავისებურად იციან, ლხინიც და ჭირიც…
ჩემი დეიდაშვილების ქუთაისელი ბიცოლა გარდაიცვალა, მაგრამ რატომღაც თბილისში კრძალავენ (უნდა მეკითხა და დამავიწყდა…ალბათ, მისი ქალიშვილი აქ რომ ცხოვრობს, იმიტომ-ეს ჩემი დასკვნაა, რეალობა არ ვიცი)…
ვაკის ეკლესიაშია დასვენებული და ჩემი მისვლა რომ აუცილებელია,-მიხვდით…რაც შეიძლება მოკრძალებულად, აკადემიურად უნდა მეცვას (ყველაფერს მნიშვნელობა აქვს)…მწუხარე სახით, ყვავილების კალათით, დროზე ადრე, ადგილზე ვარ (მცდელობა დამიფასდა, ხმამაღლა აღნიშნეს, რომ კარგი გოგო ვარ, ძალიან კარგიც), ისე, მართლა შეწუხებული ვარ, ერთი-ორჯერ მყავდა ნანახი ქალბატონი მერი, თეთრი, ფითქინა, ცისფერთვალება ქალბატონი, შესაშური სახის კანით…ჩემს გვერდით ზის ქალბატონ მერის შილი, მაზლის ცოლი, ქალბატონი ლუიზა…შევამჩნიე, რომ უცნაურად ცქმუტავს სკამზე, მერე წინ და უკან რწევა დაიწყო, ცოტა გაკვირვებულმა შევხედე, ჩემი მზერა დაიჭირა და დაღრეჯილი სახით მეუბნება: ,,ტუალეტი არ აქვთ აქანა?“…ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ სტუმარი ქალბატონია, თან ჭირისუფალი და…ფრთხილად წამოვდექი, გარეთ გავედი, მიმოვიხედე, ტუალეტს მიმსგავსებული ნაგებობა ვერსად შევამჩნიე და ეკლესიის მსახურ ქალბატონს ჩურჩულით ვკითხე…აქ, ტუალეტი არ არისო…კი გამიკვირდა, მაგრამ რას ვიზამ, რა ვუყო ახლა ამ გაჭირვებულ ქალს? სანამ გამოსავალს ვეძებდი, ქალბატონი ლუიზა დავინახე, უკვე ძალიან დაძაბული, მე მეძებს თუ ტუალეტს…
,,გოგო, მიშველე რამე, სა არის აქანა ტუალეტი“? (დედა, როგორ გინდა უთხრა, არ არისო)…,,ქალბატონო ლუიზა, წამოდით“-ვეუბნები და ეკლესიის ეზოდან გამყავს, გადავჭერით ჭავჭავაძის გამზირი, დავიჯერო, რომელიმე დაწესებულება არ იქნება ახლოს? კვირა დღეა, მაგრამ იმედს არ ვკარგავ…
რაღაც ტრაფარეტი დავინახე, ღია კარები და კარისკაცი…ქალბატონი ლუიზა წესიერად უკვე ვეღარც იმართება წელში და მოხრილი მომყვება…ახსნა-განმარტების არც დროა და არც ის ვიცი რა ვუთხრა ამ კაცს, ამიტომ ხმისამოუღებლად, მკაცრი სახით შევდივარ შენობაში (ქალბატონ ლუიზასკენ არც ვიხედები)…
კარისკაცს რეაქცია არ აქვს, ერთი მოგვაძახა გეოდეზისტები ხართო? მე თავი დავუქნიე და დერეფნის ბოლოსკენ გავიქეცი (ტუალეტები, ძირითადად, დერეფნის ბოლოს არის ხოლმე)…ლუიზა მომსდევს, კარებზე ქოლგის დანახვამ გამაბედნიერა, ქალბატონმა ლუიზამ ხელი მკრა და ნანატრ ტუალეტში შევარდა…ცოტა ხანში დაწყნარებული, გაბედნიერებული სახით გამოდის, ქვედა ბოლოს ისწორებს და უცებ მეკითხება ,,რაი, გოგო, რა გვითხრა იმ კაცმა, ვინ ხო არ ხართო? გეიო?“…დედაა? გაცინება კი არა, გადახარხარება მინდა, მაგრამ სიტუაცია არ მაძლევს მხიარულების უფლებას…
გეოდეზიაში დიდად გარკვეული არ ვარ და ქალბატონ ლუიზას შეძლებისდაგვარად ვუხსნი, ჭაბურღილებს რომ აკეთებენ, ნავთობს რომ ეძებენ, ზოგი წყალს და სხვა წიაღისეულს, ისინი ვეგონეთ-თქო…დაეჭვებული მიყურებს: ,,მართლა, გოგო? არ გავუერთიანო ცხვირ-პირი?“…უი, ახლა აქ ჩხუბი მინდა…,,არა, ქალბატონო ლუიზა, რას ამბობთ“…თან საუბრით მოვდივართ. კარისკაცი ზედაც არ გვიყურებს, მაგრამ მას უყურებს ქალბატონი ლუიზა, თან როგორ, როგორც მამის მკვლელს (ისეთ დღეში ვარ, შიგნით ყველაფერი იცინის, ტუჩები მებრიცება, თავის შეკავებას ძლივს ვახერხებ)….,,გეის მოგცემ შენ“ – მაინც ჩაულაპარაკა… კაცმა უაზროდ შემოგვხედა…ქალბატონი ლუიზა ბობოქრობს: ,,რაია, გოგო, ქალიან -კაციანა გაფუჭებულები რომ ხართ, ამ თბილისში?“…ესეც მე.